Thumbnail
  • თემურ ქეცბაია და კლუბი ძირითად საკითხებზე შეთანხმდნენ
  • ნიკა კაჭარავა შეკრებას ანორთოსისში გაივლის და მას შანსი მიეცემა
  • მედია: ქეცბაიას კიდევ ორი ქართველის დამატება სურს

მას მერე, რაც ანორთოსისმა თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით 13-წლიანი პაუზის შემდეგ ტიტული მოიგო - კვიპროსის თასი - კლუბის პრეზიდენტმა ეუგენიოს ამბულასმა განაცხადა, რომ ქართველი სპეციალისტი ახალ შეთავაზებას მიიღებს, რომელსაც აუცილებლად დათანხმდება. 

მალე კვიპროსულ მედიაშიც დაიწერა, რომ ქეცბაიასთან 2-წლიანი ხელშეკრულება შეთანხმდა. თასის მოგებიდან კვირაზე მეტი გავიდა და ანორთოსისს ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია ახალი კონტრაქტი მთავარ მწვრთნელთან, რამაც კითხვები გააჩინა.

4 ქართველი კვიპროსის თასით

კვიპროსული მედიის ცნობით, კლუბი ოფიციალურად ამას 25 მაისს გამოაცხადებს. აი, რა თქვა ანორთოსისის წარმომადგენელმა დიმიტრის ხრისტოფორუმ Sports FM-ს ეთერში: "ის, რომ ჯერ ხელშეკრულება არ არის, არ ნიშნავს, რომ პრობლემებია. ჩვენ ვართ მჭიდრო კომუნიკაციაში მწვრთნელთან. ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც კლუბის მომავალს ეხება. საერთო ჯამში, ორივე მხარემ ძირითად შეთანხმებას მიაღწია, თუმცა თემურმა თავისი ხედვა შემოგვთავაზა მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. როდესაც ყველა საკითხი გადაწყდება, კლუბი ოფიციალურად გამოაცხადებს ქეცბაიასთან ახალ კონტრაქტს". 

როგორც ჩანს, მას მერე, რაც ქეცბაია ოფიციალურად გააფორმებს ახალ ხელშეკრულებას, კლუბში იმ მოთამაშეებს შეატყობინებენ, რომელთა დარჩენა გუნდში არ არის გათვალისწინებული. რაც შეეხება, თორნიკე ოქრიაშვილს და გიორგი ქვილითაიას, ანორთოსისი კვლავ იტოვებს იმედს, რომ ისინი მომავალ სეზონშიც კვიპროსულ კლუბში ითამაშებენ. 

Goal.com.cy წერს, რომ გუნდს იჯარიდან უბრუნდება ნიკა კაჭარავა. უკვე გადაწყვეტილია, რომ ის ანორთოსისში გაივლის შეკრებას მძიმე ტრავმის შემდეგ. ასევე საუბარია ორ ქართველზე. protathlima წერს, რომ ანორთოსისმა შესაძლოა, გურამ კაშია და ვაკო გვილია დაიმატოს. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი თბილისის ლოკომოტივში თამაშობს, ვაკო გვილია კი პოლონეთის ჩემპიონ ლეგიას დაემშვიდობა და ახლა უგუნდოდაა. ასე რომ, იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ლეგიონერების ნაწილი, როგორც მოსალოდნელია, დატოვებს ანორთოსისს, ქეცბაიას გუნდში ქართველთა რიცხვი შესაძლოა, არათუ არ შემცირდეს, არამედ, გაიზარდოს კიდეც. 

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა ფინალში გიორგი ქვილითაიას გოლით 120-წუთიანი ორთაბრძოლა მოუგო ოლიმპიაკოსს და ქვეყნის თასს 14 წლის შემდეგ პირველად დაეუფლა. 

📺 ანორთოსისის გამარჯვების გოლი 110-ე წუთზე

კომენტარები

ბოლო ამბები