Thumbnail
  • იოახიმ ლიოვის ექსპერიმენტებმა არ გაამართლა
  • ვეტერანების გამოძახება შეცდომის აღიარებას ნიშნავს
  • ბუნდესგუნდის ნახევარდაცვა და თავდასხმა ძალიან ძლიერია
  • დაცვის ხაზი პრობლემურ რგოლად რჩება

გერმანიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატს არაერთგვაროვანი განწყობით ხვდება. ერთის მხრივ, იოახიმ ლიოვს კვლავ ძალიან კონკურენტული შემადგენლობა ჰყავს, რომელსაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა იოლად შეუძლია, მაგრამ მეორე მხრივ, ასეთი არეული ბუნდესგუნდი დიდი ხანია, არ გვახსოვს. გერმანიას ბოლო პერიოდში არც სტაბილური შემადგენლობა ჰყავს და არც ოპტიმალური სათამაშო სქემა აქვს. არასტაბილურობას კიდევ უფრო ზრდის ის ფაქტი, რომ მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვისთვის ეს ბოლო ტურნირია ბუნდესნაკრების დამრიგებლის პოსტზე. ლიოვი 15-წლიანი მუშაობის შემდეგ გუნდს ტოვებს. რას უნდა ველოდოთ გერმანიისგან?

არასტაბილური ბუნდესგუნდი

გერმანიის ნაკრებს ტრადიციულად ყველაფერი შეიძლება დააბრალო არასტაბილურობის გარდა, თუმცა ამჯერად ეს მართლა ასეა. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, იოახიმ ლიოვის ბრალია. მან წინა შესარჩევი ციკლის წინ თაობათა ცვლის პროცესის დაწყება გადაწყვიტა. თუმცა ამ პროცესს კარგად ვერ გაუძღვა და ახლა, ჩემპიონატის წინ, ვეტერანების, მატს ჰუმელსისა და თომას მიულერის გუნდში დაბრუნება მოუწია. ლიოვის ეს გადაწყვეტილება მისი შეცდომის აღიარება იყო. გერმანიის ახალი თაობა ჯერ კიდევ არ აღმოჩნდა მზად, რომ სრულფასოვნად შეეცვალა მსოფლიოს ჩემპიონი გუნდი. მიულერი წლების მანძილზე გერმანიის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მისი ნაკრებიდან მოკვეთა ყველასთვის აუხსნელი იყო.

არც დაცვის ცენტრი გამოიყურებოდა უკეთესად ჰუმელსის გარეშე. მით უმეტეს, რომ მაგალითად, ჩრდილოეთ მაკედონიასთან სენსაციურად წაგებულ თამაშში დაცვის ცენტრში რიუდიგერი და ემრე ჯანი იდგნენ, ესპანეთთან 0:6-ის დროს კი ნიკლას ზიულე და რობინ კოხი. ვერცერთ მათგანზე ვერ იტყვი, რომ ჰუმელსზე მაღალი კლასის მცველია.

მოკლედ, ვეტერანების გუნდში დაბრუნება ლიოვის მთავარი გადაწყვეტილებაა. ის კი არა, ბევრი დაცვაში ასევე ჯერომ ბოატენგის გამოძახებასაც ელოდა, თუმცა ლიოვი ასე შორს არ წავიდა. რადგანაც ლიოვი მიდის, მოსალოდნელია, რომ ის უფრო მეტად გამოცდილ კადრებს ენდობა, ვიდრე ექსპერიმენტებს ჩაატარებს. ბუნდესგუნდში გატარებული 13 წლის შემდეგ მას თავისი სანაკრებო კარიერის კარგ ნოტაზე დაბრუნება უნდა უნდოდეს. და ზოგადად, ევროპის ჩემპიონატზე ექსპერიმენტების ადგილი არ არის.

შემადგენლობა

ამ ექსპერიმენტებმა ისიც მოიტანა, რომ გერმანიას ევროპის ჩემპიონატის წინ მყარი შემადგენლობა არ ჰყავს - რთული სათქმელია, ვის ენდობა ლიოვი. აქამდე შემადგენლობა ძალიან ხშირად იცვლებოდა.

ერთადერთი ნათელი ის არის, რომ მანუელ ნოიერი კვლავ გუნდის უპირობო პირველი ნომერი და ლიდერი იქნება. 

ყველაზე პრობლემურ რგოლად დაცვის ხაზი რჩება. ბოატენგი-ჰუმელსის წყვილის შემდეგ ლიოვმა სტაბილური დუეტი ვერ იპოვა. ჰუმელსის დაბრუნება იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ის ძირითადში იქნება. საეჭვოა, ჰუმელსი ლიოვს სათადარიგო სკამისთვის გამოეძახებინა. მასთან წყვილში თამაშის ორი მთავარი კანდიდატი - ანტონიო რიუდიგერი და ნიკლას ზიულეა. რიუდიგერი ჩელსიში ტუხელის მისვლის შემდეგ კარგ ფორმაშია და ზიულესთან განსხვავებით, სულ თამაშობს. დიდი ალბათობით, ძირითადშიც ის იქნება. გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორიც: რიუდიგერი ცაციაა და მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაში ეხერხება. ზიულეს, პირიქით, უფრო მარჯვნიდან უყვარს თამაში - ისევე, როგორც ჰუმელსს. ამ შემთხვევაში, ჰუმელსთან ერთად დაცვის იდეალური მეწყვილე სწორედ ცაცია რიუდიგერი იქნება.

მარცხენა ფლანგზე ატალანტას შემტევი განაპირა მცველი რობინ გოზენსი უნდა იყოს ფავორიტი. ის ძალიან კარგ ფორმაშია და იტალიურ სერია A-ში ფლანგის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მიიჩნევა. მარჯვენა ფლანგზე ორი ძირითადი კანდიდატი ლუკას კლოსტერმანი და ემრე ჯანია. ემრე ნახევარმცველია, თუმცა დაცვაში თამაშიც ეხერხება. ფავორიტი კლოსტერმანი უნდა იყოს იმის გათვალისწინებით, რომ მარტში მან ორივე მოგებულ შეხვედრაში (რუმინეთი, ისლანდია) კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ჯანთან ერთად კი, მაკედონიასთან წაგების დროს გერმანიის დაცვის ხაზი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა.

ბუნდესგუნდის ყველაზე ძლიერ რგოლად ნახევარდაცვა რჩება. მოედნის ცენტრში ლიოვს ოთხი მსოფლიო კლასის ფეხბურთელი ჰყავს და სავარაუდოდ, ადგილი მხოლოდ სამისთვის ექნება.

ამ ოთხეულიდან მან ერთ-ერთი სკამზე უნდა დატოვოს. იოზუა კიმიხის ართამაში არც განიხილება. ის გერმანიის ახალი თაობის საუკეთესო ფეხბურთელია და ერთნაირად კარგად ეხერხება როგორც პასში თამაში და თამაშის ორგანიზება, ასევე დაცვითი ფუნქციების შესრულება. ამ ოთხეულში ყველაზე ნაკლებად ვარსკვლავური ბაიერნის ლეონ გორეტცკაა, თუმცა ლიოვი მას მუდამ ათამაშებს, რადგან გორეტცკას ის თვისებები აქვს, რაც მის კონკურენტებს არ გააჩნიათ: ძალიან დინამიურია და კარგად იხსნება მეორე ტემპით მეტოქის საჯარიმოში. მაშინ, როცა გერმანია მსუბუქი ფორვარდით, ე.წ. ცრუ ცხრიანით თამაშობს, იმ ტიპის ნახევარმცველის ყოლა, რომელსაც შეტევაში ჩართვა და ეპიზოდურად ფორვარდის როლის თამაში შეუძლია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გამოდის, რომ ერთი დარჩენილი პოზიციისთვის ტონი კროოსი და ილქაი გიუნდოგანი იბრძოლებენ. სავარაუდოა, რომ მათ შორის ლიოვი არჩევანს მეტოქის მახასიათებლების მიხედვით გააკეთებს. თუ უფრო მეტად ბურთის კონტროლი და მეტოქის პრესინგიდან ამოსვლა დასჭირდება, მაშინ კროოსი ითამაშებს. თუ მეტოქის მასირებულ დაცვასთან თამაშობს და ისეთი მოთამაშე სჭირდება, რომელსაც გორეტცკასთან ერთად მეტოქის საჯარიმოში ჩართვა შეუძლია, მაშინ უფრო გიუნდოგანს ენდობა, რომელიც წელს სიტიში ამ როლში ძალიან კარგად გამოიყურებოდა.

შეტევის ხაზში ლიოვს სამ ადგილზე ხუთი თითქმის ერთნაირად ძლიერი კადრი ჰყავს. მარტის სამივე თამაში ბუნდესგუნდმა გნაბრი-ჰავერტცი-სანეს შემტევი სამეულით დაიწყო. თუმცა მას შემდეგ ტიმო ვერნერი ფორმაში შევიდა, ჩელსიში მუდამ თამაშობს და გუნდს თომას მიულერიც დაემატა. ეს ფაქტი კონკურენციას მხოლოდ ზრდის.

ხუთივე შემტევს სამივე შემტევ პოზიციაზე (მარჯვენა და მარცხენა ფლანგის შემტევები, ცრუ ცხრიანი) თამაში კარგად შეუძლია და ამის გათვალისწინებით, ბუნდესგუნდის თავდასხმის ძირითადი სამეულის გამოცნობა ურთულესი ამოცანაა. სანე შედარებით ცუდ ფორმაშია, თუმცა ლიოვი მას მუდამ ენდობა. უცნობია, როგორ განიხილავს ის მიულერის პოზიციას. თომასი ბაიერნში უფრო მეტად 4-5-1 სქემაში დიდი ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის უკან თამაშობს და ამ პოზიციაზე ავლენს თავის საუკეთესო თვისებებს, 4-3-3 კი მისი საყვარელი სქემა არ არის. ერთადერთი, მსუბუქ ფორვარდად თუ მოვიაზრებთ. მოკლედ, ლიოვს შეტევაშიც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს.

შემადგენლობასთან ერთად, ლიოვი ხშირად ცვლიდა ფორმაციასაც - შემოდგომაზე ბუნდესგუნდი უფრო ხშირად 3 მცველით თამაშობდა, გაზაფხულის თამაშები კი 4-3-3 სისტემით ჩაატარა და სავარაუდოა, რომ ამ სისტემას შეინარჩუნებს.

სატურნირო გზა

გერმანიას არ გაუმართლა ჯგუფშიც. ბუნდესგუნდი ფაქტობრივ ‘სიკვდილის ჯგუფშია’ მასპინძელ უნგრეთთან, საფრანგეთთან და პორტუგალიასთან ერთად. სიტუაციას ის ართულებს, რომ ტურნირის ფავორიტ საფრანგეთს გერმანიის ნაკრები პირველივე ტურში შეხვდება და პოტენციური წარუმატებლობის შემთხვევაში, მეორე ტურში, ასევე ძალიან ძლიერ პორტუგალიასთან აუცილებლად მოსაგები ექნება. მოკლედ, ბუნდესგუნდს არც ჯგუფი და არც თამაშების კალენდარი ხელს არ უწყობს.

დასკვნა

იოახიმ ლიოვს ძალიან კარგი მასალა აქვს საჩემპიონო გუნდის ასაშენებლად - გერმანიის ნაკრების მეკარის, ნახევარდაცვისა და თავდასხმის რგოლები მსოფლიო კლასის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. თუმცა, ლიოვმა ბევრი დრო დაკარგა და ახლა სულ რამდენიმე კვირაში მოუწევს მთელი გუნდის აწყობაზე იზრუნოს. გერმანიის თამაშს რომ უყურებ, განცდა გაქვს, რომ ერთი დიდი ციკლი მთავრდება, თუმცა ამ გუნდს ყველაფერი აქვს, ნეგატიური მოლოდინები რომ არ გაამართლოს. მით უმეტეს, რომ ერთდროულად 8 კაცი ერთ გუნდს, მიუნხენის ბაიერნს წარმოადგენს და ერთი გუნდის ბაზაზე ნაკრების შექმნა უფრო იოლია. ნაკლებ დროს მოითხოვს. ლიოვი რთული, თუმცა არა შეუძლებელი მისიის წინაშე დგას. თუ გერმანია ჯგუფიდან გავიდა და თან თავისი თამაში იპოვა, მერე ყველასთვის სახიფათო იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები