Thumbnail

გერმანულმა ავტორიტეტულმა ჟურნალმა SPORT BILD-მა ალექსანდრე იაშვილის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელსაც პოპსპორტი უცვლელად გთავაზობთ.

ბუნდესლიგის ყოფილი ვარსკვლავი და ფრაიბურგის გმირი ალექსანდრე იაშვილი (43 წლის) ახლა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია და ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვილი სანიოლის (44) დანიშვნაში დიდი წვლილი მიუძღვის. SPORT BILD-თან ინტერვიუში იაშვილი განმარტავს, რას ელოდება მიუნხენის ბაიერნის ექს-ვარსკვლავისგან და რომელ ქართველ ფეხბურთელს შეუძლია, გახდეს სუპერვარსკვლავი. გარდა ამისა, ყოფილმა შემტევმა გაამხილა, რატომ უთხრა უარი ტოპ-კლუბებს და რატომ სჭირდება ფრაიბურგს ისევ ქართველი ფეხბურთელები.

SPORT BILD: ალექსანდრე, თქვენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ხართ და ქვეყნის ეროვნული ნაკრები გაბარიათ. ანუ, თქვენ საქართველოს ოლივერ ბირჰოფი ხართ და ქვეყნის პირველი გუნდის მთავარ მწვრთნელად ვილი სანიოლის სახით, ბაიერნის ყოფილი გმირი დანიშნეთ. რომელი ცდილობდა უფრო მეტად მეორის დარწმუნებას?

ალექსანდრე იაშვილი: არცერთი. ორივე მალევე დავრწმუნდით ყველაფერში. ვილისთან რამდენიმე მოლაპარაკება მქონდა, მაგრამ პირველივე საუბრის შემდეგ დარწმუნებული ვიყავი, რომ ზუსტად ის არის ჩვენთვის სწორი არჩევანია.

SPORT BILD: რატომ?

იაშვილი: ვილის მწვრთნელის რანგშიც ისეთივე მენტალიტეტი აქვს, როგორიც ფეხბურთელობის დროს ჰქონდა. მას ყველა თამაშის მოგება სურს და არცერთი მეტოქის არ ეშინია. მისი თავდაჯერება და სიმშვიდე წარუმატებლობების შემდეგ გუნდს აძლიერებს და თვითრწმენას აძლევს.

'უნდა სჯეროდეთ, რომ ნებისმიერი დიდი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ!'

SPORT BILD: ანუ, სანიოლმა საქართველოში ბაიერნის მენტალიტეტი ჩამოიტანა?

იაშვილი: აბსოლუტურად! ჩვენც სწორედ ეს წარმოგვედგინა. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და ძალიან გადამწყვეტი ფაქტორია ის, რომ მათ თამაშები თავდაჯერებით მოიგონ. უნდა სჯეროდეთ, რომ ნებისმიერი დიდი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. სწორედ ასეთი მიდგომით უნდა გავიდნენ ყველა თამაშზე.

SPORT BILD: საქართველოს სუპერ-ტალანტმა ხვიჩა კვარაცხელიამ უკვე რამდენიმე ტოპ-კლუბის ყურადღება მიიქცია. მისმა აგენტმა იწინასწარმეტყველა, რომ 20 წლის შემტევი რეალში ან ბაიერნში მოხვდება. შეუძლია კვარაცხელიას, რომ ასეთ გრანდებში ადგილი დაიმკვიდროს?

იაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩას ნებისმიერი გრანდის გაძლიერება შეუძლია, მაგრამ რთულია იმის თქმა, ახლა პირდაპირ ბაიერნის ტიპის ტოპ-კლუბში უნდა გადავიდეს, თუ ჯერ შუალედური ნაბიჯი უნდა გადადგას, რათა სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს და გამოცდილება მიიღოს.  ჩემთვის ცხადია: კვარაცხელიას ყველა წინაპირობა აქვს საიმისოდ, რომ ტოპ-ვარსკვლავი გახდეს. ყოველთვის, როცა მას ვარჯიშზე ვაკვირდები, ბედნიერი ვარ იმით, რომ დაუჯერებელი ტალანტი აქვს.

SPORT BILD: რა ახასიათებს მას?

იაშვილი: კვარაცხელია სუპერ-დრიბლიორია, ერთი ერთზე მეტოქეს ძალიან ადვილად უსწორდება, ყოველთვის ცდილობს, სწრაფად ითამაშოს, რადგან ძალიან სწრაფიცაა. გარდა ამისა, მეტოქის კართან ცივსისხლიანია და ისეთ დიდ მეტოქეებსაც უტანს გოლებს, როგორიც ესპანეთის ნაკრებია. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში, რომელიც 1:2 წავაგეთ, სწორედ ეს გააკეთა. ამასთან, ხვიჩა გუნდისთვის ძალიან მაგრად მუშაობს და თანაგუნდელებს დაცვაშიც ბეჯითაც ეხმარება.

'კარგი იქნებოდა, რომ ფრაიბურგში მალე ისევ რამდენიმე “ვილი” თამაშობდეს'

SPORT BILD: თქვენც მებრძოლი იყავით, პირველ და მეორე ბუნდესლიგაში 438 მატჩი გაქვთ ჩატარებული. რატომ არ თამაშობს ახლა არცერთი ქართველი ბუნდესლიგის რომელიმე კლუბში?

იაშვილი: არ ვიცი და ამის გამო ძალიან ვწუხვარ. ტოპ-ლიგებში ბევრი ქართველი რომ თამაშობდეს, ეს ჩვენი ნაკრების ხარისხს საკმაოდ გააუმჯობესებდა. თუ კვარაცხელია ბუნდესლიგაში მოხვდება, ამით ის სხვებსაც გაუღებს კარს. ჩემი აქტიური კარიერის დროს ქართველი ფეხბურთელების ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი მენტალიტეტი იყო - ყველაფერს ზედმეტად აუღელვებლად ვუყურებდით. ახალი თაობა ბევრად უფრო დისციპლინირებული, მენტალურად ძლიერი და უბრალოდ უკეთესია, ვიდრე ჩვენ მაშინ ვიყავით. ყველაზე კარგი ის იქნებოდა, რომ ფრაიბურგში მალე ისევ რამდენიმე “ვილი” თამაშობდეს. ისე, როგორც ეს 20 წლის იყო, როცა ფრაიბურგში ლევან კობიაშვილი, ლევან ცქიტიშვილი და მე ვიყავით.

ალექსანდრე იაშვილს კარიერის საუკეთესო წლები ფრაიბურგში აქვს გატარებული

SPORT BILD: ფრაიბურგში თქვენ გმირი იყავით და ამ კლუბს 10 წელი უერთგულეთ. ბუნდესლიგის სხვა კლუბებისგან უკეთესი წინადადებები არ გქონდათ?

იაშვილი: როგორ არა, ბევრი შემოთავაზება მქონდა, თვით ტოპ-კლუბებისგანაც.

SPORT BILD: კონკრეტულად?

იაშვილი: ამას ვერ გეტყვით. ფაქტია, ჩემი მაშინდელი მწვრთნელი ფოლკერ ფინკე ყოველთვის ახერხებდა იმას, რომ ფრაიბურგში დარჩენაში დავერწმუნებინე. ბევრჯერ შეიქმნა ერთნაირი სიტუაცია: მივიდოდი ოფისში და ვეუბნებოდი, ახლა მაინც უნდა წავიდე-მეთქი. ხანმოკლე საუბრის შემდეგ კი მისი კაბინეტიდან გამოვდიოდი და ფრაიბურგთან ახალი კონტრაქტი მქონდა გაფორმებული. დღეს ვამბობ: ტრანსფერი კარგი იქნებოდა, რადგან სხვაგან უფრო მეტის მიღწევა შემეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები