Thumbnail

ჭადრაკი | ნანა ძაგნიძის მე-2 ყაიმი ფიდე-ს გრან პრიზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნანა ძაგნიძე უკრაინელ ანა მუზიჩუკს დაუზავდა
  • ქართველი მოჭადრაკე მეექვსე-მეცხრე ადგილებს ინაწილებს

ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ (2524) გიბრალტარში მიმდინარე ფიდე-ს გრან პრიზე მე-2 ტურის პარტიაც ყაიმით დაასრულა. შეგახსენებთ, რომ ძაგნიძე პირველ ტურში თეთრი ფიგურებით რუს კატერინა ლაჰნოს (2546) დაუზავდა, მეორეში კი, ქულა უკვე შავებით უკრაინელ ანა მუზიჩუკს (2535) გაუყო.

ამგვარად, ქართველ მოჭადრაკეს 1.0 ქულა მოუგროვდა და კიდევ სამ მონაწილესთან ერთად მეექვსე-მეცხრე ადგილებს ინაწილებს. ერთპიროვნული ლიდერი ყაზახი ჟანსაია აბდუმალიკია (2472), რომელმაც ორივე პარტიის მოგება შესძლო. მე-3 ტურში, რომელიც 24 მაისს შედგება, ძაგნიძე თეთრებით ყაზახეთის კიდევ ერთ წარმომადგენელ დინარა სადუაკასოვას (2500) ეთამაშება, რომელსაც 0 ქულა გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ გიბრალტარის გრან პრი წრიული სისტემით 11 ტურად ტარდება და მასში 12 მონაწილეა ჩართული, მისი შედეგებით კი ქალთა შორის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის კანდიდატთა შეჯიბრის 2 მონაწილე გამოვლინდება. ამ დროისთვის, გრან პრის საერთო ჩათვლას 398 ქულით რუსი ალეკსანდრა გორიაჩკინა ლიდერობს, რომელსაც კვალში ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 293), ალექსანდრა კოსტენიუკი (193), ძაგნიძე (180), ლაჰნო (180), დრონავალი ჰარიკა (ინდოეთი, 180) და ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 165) უდგანან.

გორიაჩკინა 2020 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის მონაწილეა და კანდიდატთა ტურნირში თამაში ისედაც ეკუთვნოდა, ამდენად, თუკი მან ლიდერობა შეინარჩუნა, საგზურებს მე-2 და მე-3 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ გრან პრის მე-3 ეტაპზე გამარჯვება სწორედ მან და ძაგნიძემ გაინაწილეს და 145-145 ქულა გამოიმუშავეს, მონაკოში ნანა მხოლოდ მე-10 იყო და 35 ქულა მიიღო, ახლა კი, გადამწყვეტი პარტიების დროა.

კომენტარები

ბოლო ამბები