Thumbnail

ჭიდაობა | ქაცანაშვილმა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი მოჭიდავე ფინალში 0:9 დამარცხდა
  • ბრინჯაოს მედალი აიღო აივენგო რიკაძემ

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების წევრი გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ.) ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართული ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა.

ქართველმა მოჭიდავემ ხორვატი ფილიპ სმეტკო (8:0), გერმანელი პატრიკ ნოიმაიერი (5:1), ავსტრიელი მარკუს რაგინგერი (6:2) და ჩეხი ონდრეი დადაკი (4:3) დაამარცხა, ფინალში კი რუს არტურ სარგსიანს ვერ გაუმკლავდა – 0:9.

ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა აივენგო რიკაძემ (82 კგ.), რომელმაც ესტონელ რანეტ კალიოლას 6:0 მოუგო, უკრაინელი დმიტრო გარდუბეი 3:1 დაამარცხა, ნახევარფინალში კი უნგრელ ტამაშ ლევაისთან 1:2 წააგო. ამგვარად, ქართველი ფალავანი რეპეშაჟში გადავიდა, სადაც ბერძენ დიმიტრიოს ცომპანუდისთან გამარჯვება არ გასჭირვებია – 11:2.

სამწუხაროდ, კვარცხლბეკზე ვერ ავიდა ოთარ აბულაძე (72 კგ.), რომელმაც მერვედფინალში მომავალ ჩემპიონ – სომეხ მალხას ამოიანთან 1:6 წააგო, რეპეშაჟში გადასვლის შემდეგ აზერბაიჯანელ ხასაი ჰასანლის 5:1 სძლია, გადამწყვეტი ორთაბრძოლა კი რუს სერგეი კუტუზოვთან 0:9 დათმო.

შეგახსენებთ, რომ ევროპირველობის სასტარტო დღეს ვერცხლის მედალი თემურ ჭკუასელიძემ (87 კგ.) მოიპოვა, ამდენად, საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 2 ვერცხლითა და 1 ბრინჯაოთი დაასრულა. ქართველმა მოჭიდავეებმა გუნდურ ჩათვლაში 102 ქულა მოაგროვეს და მე-4 ადგილი დაიკავეს, პირველი სამეული კი ასე დაკომპლექტდა: რუსეთი (203), სომხეთი (123), თურქეთი (106).

კომენტარები

ბოლო ამბები