Thumbnail

დინამო ბათუმის მარცხი საგურამოში - ლოკომოტივმა ლიდერს მოუგო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს ჩემპიონატის მე-15 ტურში დინამო ბათუმი საგურამოში თბილისის ლოკომოტივს ესტუმრა და სანახაობრივ მატჩში მარცხი განიცადა. შეხვედრას ორივე გუნდი კარგ ფორმაში შეხვდა და ეს, თამაშშიც გამოჩნდა. დინამო ბათუმი იგებდა, მაგრამ ლოკომოტივმა მატჩის შემოტრიალება მოახერხა. შედეგად, ზღვისპირელთა ოთხმატჩიანი მოგებების სერია შეწყდა, ხოლო ლოკომ ზედიზედ მე-3 თამაში მოიგო.

მატჩი სწრაფი გოლით დაიწყო. მე-3 წუთზე ბათუმელებმა პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს, რომელიც ლადო მამუჩაშვილმა ზუსტად შეასრულა და გია გეგუჩაძის გუნდი დაწინაურდა. ამის შემდეგ თამაშის სადავეები ხელში ლოკომ ჩაიგდო და მწვავედაც შეუტია. რამდენჯერმე შეიქმნა ხიფათი ბათუმელთა კართან, მაგრამ ლაზარე კუპატაძე მაგრად თამაშობდა და გუნდი არაერთხელ იხსნა.

გოლთან ახლოს იყო დინამო ბათუმიც - გიორგი ნიქაბაძის დარტყმა ძელს მოხვდა. 35-ე წუთზე კი ანგარიში გათანაბრდა: შეტევაში გურამ კაშია ჩაერთო, რომელმაც ახლო მანძილიდან უპრობლემოდ აღადგინა წონასწორობა. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა მიმდინარე სეზონში უკვე მე-4 გოლი გაიტანა და აღსანიშნავია ისიც, რომ მან დინამო ბათუმთან თავის გამოჩენა პირველი წრის მატჩშიც შეძლო. ტაიმი 1:1 დასრულდა და არანაკლებ საინტერესო იყო მეორე ნახევარი, რომელიც ბათუმელთა უპირატესობით დაიწყო.

დინამო ბათუმს მამუჩაშვილის გოლი ქულების მოსაპოვებლად არ ეყო

დასაწყისში გია გეგუჩაძის გუნდს ორი მაგარი მომენტი ჰქონდა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა ჯერ გიორგი ფანცულაიას და მერე გრიგოლ ჩაბრაძეს აჯობა. მერე, შეტევისთვის ლოკომაც მოიცალა და ამჯერად კუპატაძეს მოუწია გუნდის გადარჩენა, მაგრამ ბათუმელთა მეკარე 62-ე წუთზე ვერაფერს გახდა. ბექა დარცმელიას შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ ირაკლი სიხარულიძემ ვარდნაში შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა და ლოკომოტივი დაწინაურდა. დარჩენილ დროში ყველაზე კარგი შანსი შინდაგორიძეს მიეცა, მაგრამ მისი დარტყმა კარის ხაზიდან თემურ შონიამ გამოიტანა და ლოკო გოლისგან იხსნა. საბოლოოდ, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 2:1 მოიგო და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

დინამო ბათუმმა სეზონში მეორე მარცხი განიცადა და 15 ტურის შემდეგ 31 ქულა აქვს, ხოლო თბილისის ლოკომოტივმა 24 ქულა დააგროვა და ამ დროისთვის მე-3 პოზიციაზე აღზევდა. გია გეგუჩაძის გუნდი მომდევნო ტურში 10 ივნისს თელავს უმასპინძლებს, ლოკომოტივი კი იმავე დღეს წყალტუბოს სამგურალთან სტუმრად ითამაშებს.

ლოკომოტივი 2:1 დინამო ბათუმი

გოლები: 0:1 მამუჩაშვილი (3 პენ.), 1:1 კაშია (35), 2:1 სიხარულიძე (62)

ლოკომოტივი (4-2-3-1): მამარდაშვილი - გაბაძე, კაშია, სანდოხაძე, უბილავა - შონია, დარცმელია - კირკიტაძე (87. იაკობიძე), სამურკასოვი (75. გავაშელიშვილი), იმრანი (87. ანდრონიკაშვილი) - სიხარულიძე (90. ბუიღლიშვილი).

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (69. სანოგო) - გროცურეკი (54. შინდაგორიძე), ჯიღაური, ფანცულაია (75. ზარია) - ნიქაბაძე (54. მანჯგალაძე).

კომენტარები

ბოლო ამბები