Thumbnail

ჭიდაობა | ვერცხლის მედალი და ჩემპიონობის შანსი ევროპის პირველობაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • თემურ ჭკუასელიძემ ფინალი რუს მეტოქესთან წააგო
  • ოქროს მედლისთვის გიორგი კაცანაშვილი იბრძოლებს

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების წევრმა თემურ ჭკუასელიძემ (87 კგ.) ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველი ფალავანი ფინალში რუს ალეკსანდრ კომაროვს გაეჯიბრა და 1:6 წააგო, მანამდე კი, მერვედფინალში ნიდერლანდელი ტაირონ შტერკენბურგი 10:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში ბულგარელ სვეტოსლავ ნიკოლოვს 10:0 სძლია, ნახევარფინალში კი სომეხ გევორგ ტადევისიანს 8:0 მოუგო.

სამწუხაროდ, კვარცხლბეკზე ვერ ავიდნენ ლერი აბულაძე (63 კგ.) და ნიკოლოზ ჭიკაიძე (77 კგ.). აბულაძემ ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში რუს რახმან ტავმურზაევთან 2:4 წააგო, ჭიკაიძემ რეპეშაჟში პოლონელ პატრიკ ბედნარჟს 6:5 სძლია, მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში კი სომეხ სამველ გრიგორიანს ვერ გაუმკლავდა – 2:11.

დღეს, ევროპის ჩემპიონატის მოგებისთვის იბრძოლებს გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ.), რომელმაც ხორვატი ფილიპ სმეტკო (8:0), გერმანელი პატრიკ ნოიმაიერი (5:1), ავსტრიელი მარკუს რაგინგერი (6:2) და ჩეხი ონდრეი დადაკი (4:3) დაამარცხა და ფინალში რუს არტურ სარგსიანს გაეჯიბრება.

გიორგი კაცანაშვილი ფინალში იჭიდავებს

ნახევარფინალამდე მისვლა მოახერხა და იქ უნგრელ ტამაშ ლევაისთან 1:2 წააგო აივენგო რიკაძემ (82 კგ.), რომელმაც მანამდე ესტონელ რანეტ კალიოლას 6:0 მოუგო, უკრაინელი დმიტრო გარდუბეი კი 3:1 დაამარცხა. ბრინჯაოს მედლისთვის ქართველი მოჭიდავე ბერძენ დიმიტრიოს ცომპანუდისსა და ხორვატ სებასტიან პეტრაკს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

მე-3 ადგილზე გასვლის შანსი აქვს ოთარ აბულაძესაც (72 კგ.), რომელმაც მერვედფინალში სომეხ მალხას ამოიანთან 1:6 წააგო და ვინაიდან ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა, ქართველი ფალავანი რეპეშაჟში გადავიდა. იქ აბულაძის მოწინააღმდეგე აზერბაიჯანელი ხასაი ჰასანლი იქნება და თუკი აჯობა, ბრინჯაოსთვის რუს სერგეი კუტუზოვს დაუპირისპირდება.

ევროპირველობას ადრეულ ეტაპებზევე გამოეთიშნენ ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ.) და ჯონი ხეცურიანი (67 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები