Thumbnail

Netflix დეველოპერულ სტუდიას ქმნის: კომპანია ვიდეოთამაშების ბაზარზე გამოჩნდება

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია დეველოპერული სტუდიისთვის დირექტორს ეძებს
  • Netflix აპირებს, თამაშების გასაყიდად Apple-ს მოდელი გამოიყენოს

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ Netflix სთრიმინგ სერვისების უპირობო ლიდერია, მიუხედავად იმისა, რომ მისი კონკურენტები ისეთი ცნობილი კორპორაციები არიან, როგორიცაა Disney, Amazon და სხვა. სულ ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ხმები, რომ Netflix ვიდეოთამაშების ბაზარზეც აპირებს შესვლას. 

გამოცემა The Information-ის მიხედვით, Netflix-ის წარმომადგენლები, ბოლო რამდენიმე თვეა, კომპანიის ახალი დეველოპერული სტუდიისთვის, უმაღლესი კლასის მენეჯერებს ეძებენ. გამოცემა ირწმუნება, რომ სთრიმინგ პლატფორმამ ‘ბაზრის ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ სახეებს, საკმაოდ მიმზიდველი წინადადებით მიმართა.’ 

Netflix, საკუთარი ბიზნესისთვის , როგორც ჩანს, Apple Arcade-ის მოდელს გამოიყენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს გარკვეული რაოდენობის ვიდეოთამაშების ‘სთრიმინგი’ მათ საკუთარ მოწყობილობაზე დაინსტალირების გარეშე შეეძლება, გარკვეული თვიური საწევრო გადასახადის სანაცვლოდ. თუმცა, Apple-სგან განსხვავებით, Netflix-ის პლატფორმაზე არანაირი რეკლამები არ იქნება.

Netflix-მა ჯერ კიდევ 2019 წელს, კონფერენცია E3-ზე განაცხადა ვიდეოთამაშების ბაზარზე შესვლის გეგმების შესახებ. კომპანიას უკვე გამოშვებული აქვს საკუთარ ფილმ ფრენჩაიზებზე დაფუძნებული ვიდეოთამაშები (მაგალითადად, ვიდეოთამაში სერიალ Stranger Things-ის მიხედვით), თუმცა, ახალი ამბავი ისაა, რომ ამ და სხვა ვიდეოთამაშების განთავსებას, კომპანია საკუთარ პლატფორმაზე აპირებს.

გავრცელებული ჭორების საპასუხოდ, Netflix-ის წარმომადგენელი გამოცემა The Information-ს ესაუბრა:

‘ჩვენთვის პრიორიტეტია რომ განსხვავებული კონტენტი შევქმნათ სხვადასხვა სფეროებში. Netflix სწორედ იმიტომაა ბაზრის ლიდერი, რომ უამრავ ჟანრს აერთიანებს: დოკუმენტური თუ უცხოენოვანი ფილმებიდან დაწყებული, რეალითი შოუებით დამთავრებული. ჩვენს მაყურებელს უყვარს, როცა მათთვის უკვე ცნობილ ფრენჩაიზს, ახალი, ისეთი მედიუმით სთავაზობ, რომელიც მეტ ჩართულობას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, ვიდეოთამაშების ბაზარზე შესვლა, კარგი იდეაა.’

2020 წლის შემაჯამებელ კონფერენციაზე, Netflix-ის თანა-დამფუძნებელმა, მმართველი საბჭოს წევრმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რიდ ჰასტინგსმა გამოთქვა სურვილი, კომპანიას ფეხი მოეკიდებინა ვიდეოთამაშების ბაზარზეც. რიდმა განაცხადა:

‘ვიდეოთამაშები გამორჩეული და საინტერესო მედიუმია. ის მუდმივად იცვლება: ამის მაგალითად, თუნდაც ონლაინ მულტიფლეიერები და კიბერსპორტიც კი საკმარისია.’

Netflix, როგორც ჩანს, მხოლოდ ვიდეოთამაშების შექმნას კი არ ფიქრობს, არამედ, ცდილობს, ამ სფეროს გიგანტებთან მაქსიმალურად ახლო კონტაქტში იყოს. მას შემდეგ, რაც პოპულარულ ვიდეოთამაშ The Witcher-ზე დაფუძნებულმა ტელესერიალმა, მაყურებლების რაოდენობით, ყველა რეკორდი მოხსნა, Netflix-მა გადაწყვიტა, სხვა პოპულარული თამაშების ადაპტირება წამოეწყო და ლიცენზიების მოსაპოვებლად ფული არ დაუზოგავს. სწორედ ამიტომ, Netflix-ზე სულ მალე ვიხილავთ ისეთ თამაშებზე დაფუძნებულ სერიალებსა თუ ანიმაციებს, როგორიცაა Resident Evil, Assassin’s Creed, Sonic და Cyberpunk 2077.

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოთამაშების ბაზარი სწრაფად იზრდება, აღსანიშნავია, რომ 

Netflix-ის არც ერთ კონკურენტს, ჯერ ამ ბაზრისთვის ყურადღება არ მიუქცევია. თუმცა, სულაც არ იქნება გასაკვირი, სულ მალე, ‘კონსოლების ომის’ მსგავსი, კიდევ ერთი დაპირისპირება ვიხილოთ, ვიდეოთამაშების ცნობილ ფრენჩაიზებზე ექსკლუზიური უფლებებისთვის. თუმცა, ამჯერად სთრიმინგ სერვისებს შორს.

კომენტარები

ბოლო ამბები