Thumbnail
  • გოლდენ სტეიტ უორიორსი 112:117 მემფის გრიზლისი
  • ბოლო გუნდი, რომელიც პლეი ოფს შეუერთდა, მემფისია
  • მატჩის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა

სტეფ კარისთვის სეზონი დამთავრებულია! მართალია, ორგზის MVP-მ 39 ქულა ჩააგდო (13/28), მაგრამ მემფისის ძალიან კარგი დაცვის წინააღმდეგ პრობლემები ჰქონდა და მის ანგარიშზე 7 დაკარგვაცაა. საბოლოოდ, ოვერტაიმში სტივ კერის შეგირდებმა კარის შესაძლებლობები ვეღარ გამოიყენეს - მემფისის დაცვამ ის უბრალოდ გააჩერა.

სამაგიეროდ, მოწოდების სიმაღლეზე იყო და მატჩის გმირი გახდა ჯა მორანტი. 2020 წლის Rookie of the Year შეუდარებლად თამაშობდა, 35 ქულა დააგროვა (14/29, 5/10 სამქულიანი) და ამას 6 მოხსნა, 6 პასი და 4 ჩაჭრაც დაუმატა. სწორედ მან გაიყვანა ბოლო წუთზე მემფისი გამარჯვების გზაზე.

ამრიგად, მემფისი გახდა ბოლო გუნდი, რომელმაც NBA-ს წლევანდელი პლეი ოფი დააკომპლექტა. მორანტი და კომპანია იქ დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებულ იუტა ჯაზს შეხვდებიან.

სტეფ კარი და ჯა მორანტი მატჩის დასრულების შემდეგ

“როცა წნეხის ქვეშ ვარ, ყველაზე კარგად სწორედ მაშინ ვთამაშობ. ჩემი თამაშის ახალ დონეზე აყვანა ზუსტად მაშინ შემიძლია, როცა ყველაზე რთული მომენტია,” - განაცხადა მატჩის შემდეგ მორანტმა.

“ვფიქრობ, ჩვენმა გადაღლილობამ ამ წაგებაში დიდი როლი ითამაშა. ასე ცუდად ბოლო თვენახევრის განმავლობაში ერთხელაც კი არ გამოვიყურებოდით,” - ეს გოლდენ სტეიტის მთავარი მწვრთნელის, სტივ კერის სიტყვებია.

მორანტის ბრწყინვალე თამაშს "ტვიტერზე" NBA-ს ბევრი ვარსკვლავი გამოეხმაურა. ლეიკერსის ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა უბრალოდ "JA!" დაპოსტა. აღფრთოვანებულები იყვნენ მისი თანაგუნდელი კაილ კუზმა და პორტლენდის ცენტრი იუსუფ ნურკიჩიც.

NBA-ს პლეი ოფის ყველა დაპირისპირება

🏀 ფილადელფია V ვაშინგტონი
🏀 ბრუკლინი V ბოსტონი
🏀 მილუოკი V მაიამი
🏀 ნიუ იორკი V ატლანტა
🏀 იუტა V მემფისი
🏀 ფინიქსი V ლეიკერსი
🏀 დენვერი V პორტლენდი
🏀 კლიპერსი V დალასი

კომენტარები

ბოლო ამბები