Thumbnail
  • 📅 22 მაისი | ⌚ 20:00 | ⚽ ვალიადოლიდი V ატლეტიკო
  • 📅 22 მაისი | ⌚ 20:00 | ⚽ რეალი V ვილიარეალი
  • ატლეტიკო მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული, რეალს ვალიადოლიდის იმედი აქვს

ესპანეთის ჩემპიონატს მთავარი ინტრიგა ბოლო ტურამდე შემორჩა. ბარსელონა თამაშგარეშია და ლიონელ მესისაც კი ასვენებს, ჩემპიონობას კი მადრიდში იზეიმებენ - საუკეთესო შანსი ატლეტიკოს აქვს, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული, თეორიულად კი, პირველობა რეალსაც შეუძლია.

დიეგო სიმეონეს გუნდი ‘სამეფო კლუბს’ ორი ქულით უსწრებს და იმისათვის, რომ ჩემპიონობა ისტორიაში მეთერთმეტედ მოიპოვოს, გასვლაზე გასავარდნ ზონაში მყოფი ვალიადოლიდის დამარცხება სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ გუნდები თანაბარ ქულებს დააგროვებენ, ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგების გამო უპირატესობა რეალს ექნება, რომელიც ბოლო ტურში ვილიარეალს უმასპინძლებს. ანუ, ატლეტიკოს მხოლოდ მოგება აწყობს და ეს საკმარისი იქნება ჩემპიონობისთვის.

‘როხიბლანკოსთვის’ ‘ხოსე სორილაზე’ ჩასატარებელი მატჩი ფაქტობრივად ფინალის ტოლფასია. დიეგო სიმეონესთან ერთად ეს ამ მნიშვნელობის მეათე მატჩი იქნება, რომელთაგანაც ექვსი ატლეტიკოს წარმატებით დასრულდა, ხოლო თუ ამ მატჩებს “ნოუ კამპზე” 2013-14 წლების სეზონის უკანასკნელ ტურში ჩატარებულ თამაშსაც მივათვლით, რომელშიც მადრიდელებს ჩემპიონობისთვის ქულა სჭირდებოდათ და ეს ქულა მოიპოვეს, მათი რიცხვი შვიდამდე გაიზრდება.

ვალიადოლიდის წინააღმდეგ სტუმრებს არ ეყოლებათ დისკვალიფიცირებული სტეფან სავიჩი, რომელსაც ურუგვაელი ხიმენესი შეცვლის. საეჭვოა თომა ლემარის თამაშიც. გუნდებს შორის გამართული ბოლო 11 მატჩიდან ატლეტიკომ მეტოქეს 10 მოუგო. თავის მხრივ, სერხიოს გუნდს ლა ლიგაში 11 მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. მასპინძელთა შორის, ტრავმის გამო საეჭვოა წამყვანი ფეხბურთელის, ფაბიან ორელიანას თამაში. დისკვალიფიცირებულები არიან მეკარე რობერტო ხიმენესი და წამყვანი ნახევარმცველი რუბენ ალკარასი.

ლუის სუარესი და ატლეტიკო ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს არიან

მსგავსად ვალიადოლიდისა, რომელიც ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, მოტივაცია წესით არც რეალის მეტოქეს, ვილიარეალს უნდა აკლდეს, თუმცა ამ კუთხით “სამეფო კლუბს” საქმე ის ფაქტი უადვილებს, რომ “ყვითელ წყალქვეშა ნავს” 26 მაისს ევროპა ლიგის ფინალი აქვს სათამაშო.

“ფინალში ჩვენ მთელ ესპანეთს წარმოვადგენთ. ამიტომ, მგონი, გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ მადრიდში ჩასატარებელი მატჩის დროს ჩვენ ნაწილობრივ გდანსკში გასამართ მატჩზე ვიფიქრებთ. ის, რომ რეალთან შაბათს ვთამაშობთ, კარგია. ფეხბურთელებს ევროპალიგის გადამწყვეტი თამაშის წინ ძალების აღდგენისთვის საკმარისი დრო ექნებათ,“ - განაცხადა მადრიდული დაპირისპირების წინ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ.

რეალის დღევანდელი სიტუაცია ბევრს “სამეფო კლუბის” 2006-07 წლების სეზონში მდგომარეობას აგონებს. მაშინ რეალის მეტოქე ბარსელონა იყო, რომელთანაც ისევე, როგორც დღეს, ფაბიო კაპელოს გუნდს ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ჰქონდა. 37-ე ტურში ბარსამ ესპანიოლთან კატალონიური დერბი ფრედ 2:2 დაასრულა. ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი ესპანიოლის ლეგენდამ, რაულ ტამუდომ ბოლო წუთზე გაიტანა. ამ მომენტიდან 20 წამში კი ნიდერლანდელმა ფორვარდმა რუუდ ვან ნისტელროიმ სარაგოსაში რეალს წონასწორობა  აღადგენინა და ამგვარად, ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა, რამაც ბოლო ტურის წინ “სამეფო კლუბს” პირველი ადგილი შეუნარჩუნა.

გადამწყვეტი მატჩის წინ რეალს, რომელსაც მთელი სეზონია, წამყვანი ფეხბურთელების ტრავმების პრობლემა აქვს, კოვიდის გამო ტონი კროოსიც გამოაკლდა. სამაგიეროდ, მწყობრშია ვარანი, რომელმაც სრულფასოვანი ვარჯიში უკვე ჩაატარა. კროოსის გარდა მადრიდელებს ფერლან მენდი, დანიელ კარვახალი და ლუკას ვასკესიც დააკლდებათ. არ იქნება სერხიო რამოსიც.

გუნდებს შორის აქამდე გამართული 41 შეხვედრიდან რეალმა 23, ხოლო ვილიარეალმა კი მხოლოდ ოთხი მოიგო. ამ გუნდების ბოლო 19 თამაშიდან, რომლებიც ესპანეთის დედაქალაქში გაიმართა, სტუმრებმა ერთადერთხელ მოიგეს. ამ მომენტისთვის რეალს ლა ლიგაში 17-თამაშიანი წაუგებელი სერია აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები