Thumbnail

ნანა ძაგნიძე მსოფლიოს ჩემპიონატის კანდიდატთა ტურნირის საგზურისთვის იბრძოლებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი მოჭადრაკე პირველი ტურის პარტიას 22 მაისს ჩაატარებს
  • გრან პრის საერთო ჩათვლაში ნანა ძაგნიძეს მე-4 ადგილი უკავია

22 მაისიდან 2 ივნისამდე პერიოდში გიბრალტარი ფიდე-ს გრან პრის სერიების დასკვნით ტურნირს უმასპინძლებს, რომლის შედეგებითაც ქალთა შორის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის კანდიდატთა შეჯიბრის 2 მონაწილე გამოვლინდება. შეჯიბრში მონაწილეობას ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძეც (2524) მიიღებს, რომელიც ფავორიტთა შორის იქნება.

გიბრალტარის გრან პრი წრიული სისტემით 11 ტურად წარიმართება და მასში 12 მონაწილე იქნება ჩართული. ძაგნიძის გარდა, საჭადრაკო დაფებს აბდუმალიკი (ყაზახეთი, 2472), ბულმაგა (მოლდოვა, 2440), გუნინა (რუსეთი, 2421), კაშლინსკაია (რუსეთი, 2494), ლაჰნო (რუსეთი, 2546), მამადზადა (აზერბაიჯანი, 2443), ა.მუზიჩუკი (უკრაინა, 2535), მ.მუზიჩუკი (უკრაინა, 2544), პაეტცი (გერმანია, 2456), სადუაკასოვა (ყაზახეთი, 2500) და სტეფანოვა (ბულგარეთი, 2470) მიუსხდებიან. პირველ ტურში, რომელიც ხვალ შედგება, ძაგნიძე თეთრი ფიგურებით კატერინა ლაჰნოს ეთამაშება.

ამ დროისთვის, გრან პრის საერთო ჩათვლას 398 ქულით რუსი ალეკსანდრა გორიაჩკინა ლიდერობს, რომელსაც კვალში ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 293), ალექსანდრა კოსტენიუკი (193), ძაგნიძე (180), ლაჰნო (180), დრონავალი ჰარიკა (ინდოეთი, 180) და ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 165) უდგანან.

გორიაჩკინა 2020 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის მონაწილეა და კანდიდატთა ტურნირში თამაში ისედაც ეკუთვნოდა, ამდენად, თუკი მან ლიდერობა შეინარჩუნა, საგზურებს მე-2 და მე-3 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ გრან პრის მე-3 ეტაპზე გამარჯვება სწორედ მან და ძაგნიძემ გაინაწილეს და 145-145 ქულა გამოიმუშავეს, მონაკოში ნანა მხოლოდ მე-10 იყო და 35 ქულა მიიღო, ახლა კი, გადამწყვეტი პარტიების დროა.

ლოზანას გრან პრიზე ნანა ძაგნიძემ პირველობა გაინაწილა

ცნობისთვის, კანდიდატთა ტურნირში მონაწილეობას ამჯერადაც 8 საუკეთესო მიიღებს. სამზე უკვე ვთქვით, 3 მოჭადრაკე ფიდე-ს ქალთა მსოფლიო თასის შედეგებით შეირჩევა, 1 საგზური ფიდე-ს ქალთა გრანდ სვისის ჩემპიონს ერგება, ბოლო მონაწილე კი 2022 წლის იანვრისთვის არსებული რეიტინგით შეირჩევა.

შეგახსენებთ, რომ ძაგნიძემ გასული მსოფლიოს პირველობის კანდიდატთა ტურნირშიც ითამაშა და 6.5 ქულით მეხუთე-მეექვსე ადგილები გაინაწილა. ამჯერად, ტურნირი 2022 წლის დასაწყისში გაიმართება, გამარჯვებული კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ისევ ჩინელ ცზიუ ვენცზიუნს შეხვდება, რომელიც ტიტულს 2018 წლიდან არ თმობს.

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთი ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები