Thumbnail
  • რამდენად რეალურია ნეიმარის რეალში ტრანსფერი?
  • პსჟ-ს ბოსმა ბრაზილიელის მომავალზე კომენტარი გააკეთა
  • ნასერ ალ ხელაიფის სჯერა, რომ ნეიმარი პარიზში დარჩება

ბოლო დღეებში ნეიმარის მადრიდის რეალში შესაძლო ტრანსფერზე ძალიან ბევრი დაიწერა და კიდევ უფრო მეტი ითქვა. ფრანგული, ესპანური და ბრაზილიური გამოცემები ერთხმად წერდნენ, რომ ბრაზილიელს პარი სენ-ჟერმენში უკვე მობეზრდა და “სამეფო გუნდში” გადასვლა უნდა. 

პარასკევს, თვით რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმაც კი გააკეთა კომენტარი - ზიზუმ თქვა, რომ ნეიმარის ტრანსფერი მას არ მოუთხოვია და კითხვაზე, რამდენად კარგი იქნებოდა ნეიმარისა და კრიშტიანო რონალდოს ერთად თამაში, ასეთი პასუხი გასცა: “კარგი ფეხბურთელები ერთმანეთს ყოველთვის ერგებიან და უხდებიან!”

ნასერ ალ-ხელაიფი და ნეიმარი

ახლა კი, შესაძლო მეგა-ტრანსფერზე პსჟ-ს პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმაც ისაუბრა: “2000 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ნეიმარი პსჟ-ში დარჩება!” - უთხრა მან საინფორმაციო სააგენტო AFP-ს.

“ესპანური გამოცემები ოქტომბრის შემდეგ წერენ, რომ ნეიმარი რეალში გადავა. ჭორებზე კომენტარს არ ვაკეთებ - ამის დრო არ მაქვს. მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო: დარწმუნებული ვარ, რომ ნეიმარი პსჟ-ში დარჩება,” - დასძინა პარიზელთა ბოსმა.

გარდა ამისა, ალ-ხელაიფიმ ისიც აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში პარიზული გრანდი ახალ მთავარ მწვრთნელს, უნაი ემერის შემცვლელს წარადგენს. თითქმის გადაწყვეტილია, რომ პსჟ-ს თავკაცი გერმანელი თომას ტუხელი გახდება.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ნეიმარი 2013-დან 2017 წლის ზაფხულამდე ბარსელონაში თამაშობდა და შარშან პარი სენ-ჟერმენმა სარეკორდო თანხად, 222 მილიონ ევროდ შეიძინა.

კომენტარები

ბოლო ამბები