Thumbnail

30 წლის შემდეგ - დიდი 10-ის ფინალი ქუთაისში ჩატარდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • რაგბში საქართველოს ჩემპიონი 5 ივნისს გამოვლინდება
  • გადამწყვეტ მატჩს ქუთაისის 'აია არენა' უმასპინძლებს

30 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს უმაღლესი სარაგბო ლიგის, დიდი 10-ის დიდი ფინალი ქუთაისში, “აია არენაზე” ჩატარდება. ამ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდი ავრცელებს.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში ფინალური შეხვედრა ერთადერთხელ, 1991 წელს გაიმართა და აიას გამარჯვებით დასრულდა. ქუთაისელებმა თბილისის ლოკომოტივს 11:6 მოუგეს და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვეს. ამჯერად, დიდი ფინალი “აია არენაზე” 5 ივნისს გაიმართება.

22 მაისს საჩემპიონო ბრძოლაში ოთხი გუნდი ჩაებმება და ორივე თამაში თბილისშია დაგეგმილი. აკადემია, რომელმაც რეგულარული გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულა, მეექვსეადგილოსან ლოკომოტივს “რაგბი პლატოზე“ უმასპინძლებს, ხოლო მეოთხეადგილოსანი იუნკერები ყოჩებს (მე-5 პოზიცია) “ავჭალაზე“ დაუხვდება.

შეგახსენებთ, ორი მოწინავე აია და ბათუმი პლეი ოფში მეორე, ნახევარფინალური ეტაპიდან ჩაერთვება. 29 მაისს აია იუნკერები-ყოჩებს შორის გამარჯვებულს მიიღებს, ხოლო აკადემია-ლოკომოტივს შორის მოგებული ბათუმს ზღვისპირეთში ეწვევა. საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე ამბობს, რომ ქუთაისელებმა გადამწყვეტი მატჩის მასპინძლობის უფლება ყოველმხრივ დაიმსახურეს:

“გამგეობის გადაწყვეტილებით, ფინალური მატჩი იმ გუნდის სტადიონზე ტარდება, რომელიც რეგულარულ პირველობას მოიგებს და ამ შემთხვევაში ეს გუნდი ქუთაისის აია გახლავთ. ესეც რომ არა, ქუთაისს მნიშვნელოვანი სარაგბო დანიშნულება აქვს და მათ დაიმსახურეს ფინალის მასპინძლობა. ბოლო წლებში იქ არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩავატარეთ – 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი, ბორჯღალოსნების შეხვედრები და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ფინალიც ეკუთვნოდათ, მით უმეტეს, რომ ეს თამაშითაც დაიმსახურეს“.

კომენტარები

ბოლო ამბები