Thumbnail

ლებრონის და იანისის გარეშე - ვინ გახდება NBA-ს სეზონის MVP?

  • პრესტიჟული ჯილდოსთვის კარი, ემბიიდი და იოკიჩი იბრძოლებენ
  • ლიგამ სხვადასხვა ნომინაციებში პრეტენდენტების სია წარმოადგინა

ცნობილია გახდა იმ კალათბურთელების ვინაობა, რომლებიც NBA-ს მიმდინარე სეზონის შედეგებით სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოს წოდებისთვის იბრძოლებენ.

ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს – სეზონის MVP-ს ტიტულის მოპოვების შანსი სტეფ კარის (გოლდენ სტეიტი), ჯოელ ემბიიდსა (ფილადელფია) და ნიკოლა იოკიჩს (დენვერი) აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჯერად სამეულს მიღმა დარჩნენ ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი), იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკი) და ლუკა დონჩიჩი (დალასი).

ემბიიდის ან იოკიჩის გამარჯვების შემთხვევაში, MVP-ს ტიტულს ცენტრი პირველად მიიღებს 2000 წლის შემდეგ, როდესაც გამარჯვება შაკილ ო’ნილს დარჩა, ხოლო თუკი საუკეთესოდ კარი დაასახელეს, ის ლიგის მხოლოდ მე-9 კალათბურთელი გახდება, ვინც ჯილდოს მინიმუმ მესამედ მიიღებს.

რეგულარულ სეზონში იოკიჩის საშუალო მონაგარი 26.4 ქულა (56.6% თამაშიდან, 38.8% სამქულიანებში), 10.8 მოხსნა და 8.3 პასი იყო და გასაკვირი არაა, რომ სერბი ცენტრი გამარჯვების უმთავრეს კანდიდატად მოიზრება. ემბიიდი საშუალოდ 28.5 ქულას, 10.6 მოხსნას, 2.8 პასსა და 1.4 დაფარებას აგროვებდა, კარი კი – 32.1 ქულას, 5.5 მოხსნასა და 5.7 პასს.

ნომინანტების სია

სეზონის უძვირფასესი მოთამაშე (MVP): სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი), ჯოელ ემბიიდი (ფილადელფია), ნიკოლა იოკიჩი (დენვერი).

წლის ახალბედა: ლამელო ბოლი (შარლოტი), ენტონი ედვარდსი (მინესოტა), ტაირიზ ჰალიბერტონი (საკრამენტო).

საუკეთესო დამცველი: რუდი გობერი (იუტა), დრეიმონდ გრინი (გოლდენ სტეიტი), ბენ სიმონსი (ფილადელფია).

ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშე: ჯერამი გრანტი (დეტროიტი), მაიკლ პორტერი (დენვერი), ჯულიუს რენდლი (ნიუ იორკი).

საუკეთესო მე-6 მოთამაშე: ჯორდან კლარკსონი (იუტა), ჯო ინგლსი (იუტა), დერიკ როუზი (ნიუ იორკი).

წლის მწვრთნელი: ქუინ სანდერსი (იუტა), ტომ ტიბოდო (ნიუ იორკი), მონტი უილიამსი (ფინიქსი).

კომენტარები

ბოლო ამბები