Thumbnail
  • ვაშინგტონი 142:115 ინდიანა
  • ქართველი ცენტრის გუნდმა პლეი ინის გადამწყვეტი მატჩი წააგო

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა ვაშინგტონში უიზარდსთან გამართული გადამწყვეტი მატჩი 115:142 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი კალათბურთელის გუნდი მიმდინარე სეზონში NBA-ს პლეი ოფში ვერ ითამაშებს.

აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი ინის დასკვნით შეხვედრაში ბრძოლა არ შედგა და წარმატებული თამაში არც ბითაძეს ჰქონია. პეისერსმა პირველი მეოთხედი 1 ქულის სხვაობით დათმო, თუმცა, დასკვნით თორმეტწუთეულს 31-ქულიანი ჩამორჩენით შეხვდა და ცხადია, დარჩენილი დრო ფორმალობად იქცა.

ბითაძემ მოედანზე 17 წუთი გაატარა და 2 სამქულიანი და ორქულიანი ააცილა, აქტივში მხოლოდ 2 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება ჰქონდა, პასივში – 1 დაკარგვა, პერსონალური ფოლი კი არ მიუღია. ის ერთადერთი იყო ინდიანას 12 კალათბურთელიდან, რომელმაც ქულის აღება ვერ მოახერხა. ცნობისთვის, 21 წლის ბითაძემ მიმდინარე სეზონში 45 მატჩი ჩაატარა (3 სასტარტოში), მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი იყო: 12.5 წუთი, 5.1 ქულა, 3.3 მოხსნა, 0.8 პასი, 1.3 დაფარება, 2.1 პერსონალური ფოლი.

გოგამ ვაშინგტონთან ყველა სროლა ააცილა

მორიგი სამმაგი დუბლი (19 ქულა, 11 მოხსნა, 10 პასი) შეასრულა ლიეტუველმა ფორვარდმა დომანტას საბონისმა, მალკოლმ ბროგდონს კი 24 ქულა მოუგროვდა. სათქმელია ისიც, რომ სტუმრებს სხვადასხვა მიზეზების გამო, ამჯერადაც ვერ ეხმარებოდნენ კარის ლევერტი, მაილს ტერნერი, ტი ჯეი უორენი და ჯერემი ლემბი.

ვაშინგტონელთა მხრიდან ყველაზე შედეგიანი ბრედლი ბილი იყო 25 ქულით, რასელ ვესტბრუკმა 18 ქულას 15 პასი და 8 მოხსნა წაამატა და ასევე 18 ქულა ჰქონდა რუი ჰაჩიმურას. უიზარდსი პლეი ოფში ბოლო მე-8 პოზიციით შევიდა და მეტოქედ პირველადგილოსანი ფილადელფია ეყოლება. აღმოსავლეთ კონფერენციის სხვა წყვილები ასე გამოიყურება: ნიუ იორკი (4) – ატლანტა (5), მილუოკი (3) – მაიამი (6), ბრუკლინი (2) – ბოსტონი (7).

3 წყვილია გარკვეული დასავლეთ კონფერენციაში: კლიპერსი (4) – დალასი (5), დენვერი (3) – პორტლენდი (6), ფენიქსი (2) – ლეიკერსი (6). ბოლო საგზურს და საწყის რაუნდში იუტასთან (1) თამაშის უფლებას პლეი ინში გოლდენ სტეიტსა და მემფისს შორის უმჯობესი მიიღებს. ეს თამაში ხვალ დილით შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები