Thumbnail

'უარის თქმა გაუჭირდებათ' - გენტს ქვილითაიას სანაცვლოდ დიდი თანხა შესთავაზეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს ეროვნული ნაკრების 27 წლის თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ, შესაძლოა, თამაში ისევ კვიპროსში განაგრძოს, თუმცა, არა – ანორთოსისში, სადაც გასული სეზონი გაატარა.

შეგახსენებთ, რომ ქვილითაია ბელგიური გენტის საკუთრებაა და თემურ ქეცბაიას გუნდში იჯარის წესით თამაშობდა, კვიპროსის ერთ-ერთ წამყვანი კლუბი კი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, მის ყიდვას აპირებს.

“კვიპროსის ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა უკვე გაუგზავნა შეთავაზება გენტს. როგორც დავადგინეთ, საუბარია საკმაოდ დიდ თანხაზე, რომელზე უარის თქმაც ბელგიელებს გაუჭირდებათ. მიღებული იქნება თუ არა ეს წინადადება გენტის მიერ, მალე გაირკვევა, თუმცა, თავად ქვილითაია ქეცბაიას დაპირდა, რომ კვიპროსში მხოლოდ ანორთოსისში ითამაშებს”, - წერს Balla.com.cy.

ქართველი თავდამსხმელი გენტში 2018 წელს გადავიდა და ბელგიურ კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. როგორც აღვნიშნეთ, ის კვიპროსში განათხოვრებული იყო და ანორთოსისის მაისურით ყველა ტურნირის 31 მატჩში 14 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.

მათ შორის არის გოლი კვიპროსის თასის ფინალის დამატებით დროში, რომლის წყალობითაც ფამაგუსტელებმა ნიქოზიის ოლიმპიაკოსი 2:1 დაამარცხეს და აღნიშნული ჯილდო 14-წლიანი პაუზის შემდეგ, სულ კი, მე-11-ედ დაისაკუთრეს. ცნობილი პორტალი Transfermarkt ქვილითაიას 1.8 მილიონ ევროდ აფასებს.

📺 ქვილითაიას გოლი კვიპროსის თასის ფინალში

კომენტარები

ბოლო ამბები