Thumbnail

ამ ბავშვის ცრემლები გახსოვთ? კიმი რაიკონენმა ფერარის პატარა ფანს უმასპინძლა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ამ ფოტომ შარშან მთელი მსოფლიო მოიარა
  • კიმი რაიკონენის ავარიის შემდეგ პატარა თომასი ისე ტიროდა, რომ ვერ ამშვიდებდნენ
  • წელს რაიკონენმა ფერარის პატარა ფანს პირადად უმასპინძლა

ფორმულა 1-ის შარშანდელი ესპანეთის გრანპრი ავტოსპორტის სამყაროს ამ კადრით დაამახსოვრდა. როდესაც კიმი რაიკონენი იძულებული გახდა, ავარიის შემდეგ ბოლიდი პირველ მოსახვევში გაეჩერებინა და რბოლა შეეწყვიტა, ფერარის პატარა ფანი, რომელიც ტრიბუნაზე დედის კალთაში იჯდა, ისე ატირდა, ვერავინ ამშვიდებდა.

რაიკონენი მაშინ სტარტის შემდეგ, რედ ბულის პილოტ მაქს ფერსტაპენს შეეჯახა და საკიდარის გატეხვის გამო, იძულებული გახდა, რბოლა დაესრულებინა.

პატარა თომასი ბარსელონას ტრეკზე, ესპანეთოს გრანპრის წელსაც ესწრება. კიმი რაიკონენი ამბობს, იმედია, წელს საერთოდ აღარ ექნება ტირილის მიზეზი, ანაც, მხოლოდ სიხარულის ცრემლები წამოუვაო.

ფერარიში გადაწყვიტეს, თომასი ეპოვნათ და სკუდერიას ბოქსებში შეეყვანათ. პატარა გულშემატკივარს პირადად კიმი რაიკონენმა უმასპინძლა, დიდხანს ესაუბრა და ფერარის კეპი აჩუქა.

“ამ ბავშვის ემოცია ჩემთვის ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას. მიხარია, რომ შევხვდი, გავიცანი და ვესაუბრე. ძალიან ბედნიერი იყო - ვფიქრობ, ესპანეთის წლევანდელ გრანპრიზე ამაზე უკეთესს ვერაფერს გავაკეთებდი,” - თქვა კიმიმ.

P.S. რაიკონენმა ესპანეთის გრანპრის წლევანდელი რბოლაც ვერ დაასრულა...

კომენტარები

ბოლო ამბები