Thumbnail

'მას სათანადოდ არ მოუარეს' - 7 ბრალდებული მარადონას საქმეზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დიეგო მარადონას საქმეში შვიდ ადამიანს დასდეს ბრალი
  • ბრალდებულები სასამართლოს ჩვენებას 31 მაისს მისცემენ

არგენტინის პროკურატურამ დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალები გამოაქვეყნა და შვიდ ადამიანს ბრალი დასდო.

პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბრალდებულებს ქვეყნის დატოვება არ შეუძლიათ და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მათ არგენტინული ფეხბურთის ლეგენდას სათანადო ყურადღება არ მიაქციეს, რამაც საბოლოოდ დიეგოს სიკვდილი გამოიწვია.

მარადონას ოჯახი ითხოვს, რომ ყველა მონაწილე პირი დაისაჯოს. ბრალდებულთა შორის არიან ორი ექთანი, მედდის კოორდინატორი, ექიმი და ფსიქოლოგი. გაკვეთამ დაადგინა, რომ დიეგო ძილში გულის უკმარისობით გარდაიცვალა, ხოლო მის ორგანიზმში ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების კვალი არ აღმოჩნდა.

მარადონა 60 წლის ასაკში 2020 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა. არგენტინელის სიკვდილთან დაკავშირებით ეჭვები ერთი კვირის შემდეგ გაჩნდა, რის შემდეგაც არგენტინის პროკურატურამ გამოძიებ დაიწყო.

როგორც იცით, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დიეგო მარადონას ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა. მედიცინის 20-კაციანი კომისია პროკურატურამ დაიქირავა და დიეგოს სიკვდილის მიზეზებისა და გარემოებების დადგენა დაავალა, რადგან იყო ეჭვი, რომ ექიმებმა მარადონას გადარჩენაზე ზრუნვა დააგვიანეს.

გამოძიება და დეტალების გარკვევა დიეგოს ოჯახის წევრებმა მოითხოვეს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ გასარკვევი იყო, იმოქმედეს თუ არა ექიმებმა და პერსონალმა დიეგოს სიცოცხლის ბოლო საათებში ისე, როგორც უნდა ემოქმედათ. მათ ეჭვი აქვთ, რომ დიეგოს მომვლელებმა, რომლებსაც მისი მუდმივი მეთვალყურეობა ევალებოდათ, სათანადოდ არ იმუშავეს.

კომენტარები

ბოლო ამბები