Thumbnail
  • თეიმურაზ ვანიშვილმა სკოპიეში ოქროს მედალი მოიპოვა
  • საქართველოს ნაკრებმა გუნდური მე-4 ადგილი დაიკავა

ქართველი მოჭიდავე თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ.) ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ფინალში სომეხი რაზმიკ პაპიკიანი 6:1 დაამარცხა, მანამდე კი, გზიდან ბულგარელი რუჰან რასიმი (11:0), მოლდოველი ლეომიდ კოლესნიკი (10:0) და გერმანელი ნიკო მეგერლე (4:0) ჩამოიცილა. ამგვარად, გამოვიდა, რომ ვანიშვილმა ტურნირზე ერთადერთი ქულა ფინალში გაუშვა.

თეიმურაზ ვანიშვილმა პირველობა არავის დაუთმო

დღესვე, კვარცხლბეკზე ავიდა ვლადიმერ გამყრელიძე (74 კგ.), რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში აზერბაიჯანელ აშრაფ აშიროვს 3:1 სძლია. მე-3 ადგილისთვის იბრძოდა მირიან მაისურაძეც (92 კგ.), თუმცა, მოლდოველ გეორგე ერჰანთან დრამატულ შეხვედრაში 8:9 წააგო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რამაზ თურმანიძემ (57 კგ.), ამგვარად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის პირველობა ოქროთი და 2 ბრინჯაოთი დაასრულა. გუნდურ ჩათვლაში ქართველმა მოჭიდავეებმა 103 ქულა მოაგროვეს და რუსეთის (196), თურქეთისა (150) და აზერბაიჯანის (140) შემდეგ, მე-4 ადგილი დაიკავეს.

ვლადიმერ გამყრელიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

21-23 მაისს სკოპიეში 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე უკვე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს ვიხილავთ, საქართველოს ნაკრები კი ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს: რამაზ სილაგავა (55 კგ.), ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ.), ლერი აბულაძე (63 კგ.), ჯონი ხეცურიანი (67 კგ.), ოთარ აბულაძე (72 კგ.), ნიკოლოზ ჭიკაიძე (77 კგ.), აივენგო რიკაძე (82 კგ.), თემურ ჭკუასელიძე (87 კგ.), გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ.), მათე გოქაძე (130 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები