Thumbnail

'ცხოვრება ასეთია, ნახეთ, ვინ შეასწრო ზაიონს პლეი ოფში' - ფანები ბითაძის თამაშზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

NBA-ის პლეი ინის პირველ შეხვედრაში გოგა ბითაძემ კარიერის საუკეთესო მატჩი ითამაშა ამერიკაში - მან შარლოტთან 144:117 მოგებულ შეხვედრაში არასრულ 19 წუთში 14 ქულა, 10 მოხსნა, 3 დაფარება და თითო პასი და ჩაჭრა მიითვალა. აქამდე გოგას მხოლოდ NBA-ის რეგულარულ სეზონში ჰქონდა ნათამაშები. 

ამ გამარჯვებით ინდიანა პეისერსი პლეი ინის ფინალში გავიდა და 21 მაისს (თბილისის დროით, 04:00-ზე) ვაშინგტონ უიზარდსს დედაქალაქში ესტუმრება. ვაშინგტონი ბოსტონ სელტიკსთან 100:118 დამარცხდა. ამგვარად, სელტიკსი პლეი ოფის ძირითად ბადეში მე-7 განთესვით შევიდა და ბრუკლინს დაუპირისპირდება. რაც შეეხება ბითაძის გუნდს, თუ ვაშინგტონს დაამარცხებს პლეი ოფში მე-8 განთესვით შევა და აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ გუნდს, ფილადელფიას დაუპირისპირდება. 

გოგა ზაიონს უფარებს

გოგას გამორჩეული თამაშის შემდეგ NBA-ს ფანებმა გაიხსენეს დრაფტის საღამო, როდესაც მედიასთან შეხვედრაზე დრაფტის პირველი ნომერი ზაიონ უილიამსონი და მე-18 ნომრად არჩეული ბითაძე ერთად გამოცხადნენ. მაშინდელმა კადრებმა მსოფლიო მოიარა, რადგან მედიის მთელი ყურადღება ზაიონს დარჩა, გოგა კი არავის გახსენებია. 

"გოგა ბითაძემ რეალურად ითამაშა პლეი ოფში და ეს მან მანამდე მოახერხა, ვიდრე ზაიონ უილიამსონი შეძლებდა. ხანდახან ცხოვრება ასეთი მხიარულია", - წერს ერთ-ერთი მათგანი. შეგახსენებთ, რომ ზაიონის ნიუ ორლეან პელიკანსმა დასავლეთ კონფერენციაში მე-11 პოზიცია დაიკავა და პლეი ოფის საგზური ვერც ამ სეზონში მოიპოვა.

შარლოტთან მატჩში გოგამ ქულებით ამერიკული კარიერის რეკორდი გაიმეორა. მან ასევე დაამყარა პირადი რეკორდი შეტევაში მოხსნებით (6); შეასრულა კარიერაში მეორე ორმაგი დუბლი (პირველი ამ სეზონში). მოხსნებში პირადი რეკორდის გამეორებამდე მას 1 მოხსნა დააკლდა. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები