Thumbnail
  • ოფიციალურად: საქართველოს ნაკრების კანდიდატი კიევის დინამოში ბრუნდება
  • 20 წლის შემტევ ნახევარმცველს მირჩა ლუჩესკუ პირველ შეკრებაზე თან წაიყვანს

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ახლახან კიევის დინამოს პრესსამსახურმაც დაადასტურა - საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატი გიორგი წიტაიშვილი, რომელიც სეზონის ბოლომდე იჯარით პოლტავის ვორსკლაში იყო გაშვებული, დედაქალაქურ კლუბს დაუბრუნდება.

უკრაინის ჩემპიონი ამჟამად შვებულებაშია, შეკრებას კი კიევში 22 ივნისს დაიწყებს. მირჩა ლუჩესკუს სამწვრთნელო შტაბი იჯარიდან დაბრუნებულ 13 მოთამაშეს, მათ შორის წიტაიშვილსაც, თუკი ჯანმრთელობის პრობლემა არ ექნებათ, სეზონისწინა შეკრებაზე წაიყვანს.

20 წლის შემტევ ნახევარმცველს, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოს სახელით თამაშის სურვილი გამოთქვა, კიევის დინამოსთან ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ვორსკლას ღირსება კი იჯარით ამ წლის იანვრიდან სეზონის ბოლომდე უნდა დაეცვა, მაგრამ გიორგიმ ამ გუნდში სულ 4 მატჩის ჩატარება მოასწრო (1 გოლი), მარტის დასაწყისში კი მძიმე ტრავმა მიიღო და ოპერაცია დასჭირდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, წიტაიშვილი უკვე მწყობრშია.

გიორგიმ ვორსკლაში ტრავმა მიიღო და გუნდს სრულფასოვნად ვერ დაეხმარა

გიორგი წიტაიშვილი წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, კლიმენტი წიტაიშვილის ვაჟია. ის ისრაელშია დაბადებული, მაგრამ უკრაინის მოქალაქეა და ბოლო დრომდე ამ ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიოდა. გიორგიმ უკრაინის სახელით მსოფლიოს 2019 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლო ამბები