Thumbnail
  • თომას მიულერის შემდეგ, იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებში მატს ჰუმელსსაც აბრუნებს
  • ბუნდესგუნდის მთავარი მწვრთნელი 26-კაციან სიას ოთხშაბათს დაასახელებს

ეს არა მარტო მოსალოდნელი იყო, არამედ უბრალოდ აუცილებელი და გარდაუვალიც!

დორტმუნდის ბორუსიას დაცვის ხაზის ლიდერი მატს ჰუმელსი გერმანიის ნაკრებში ბრუნება და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია ექსკლუზიურ წყაროზე დაყრდნობით გერმანულმა Sport1-მა გაავრცელა, რომლის ინფორმაციით ჰუმელსი აუცილებლად იქნება ევროპის ჩემპიონატის იმ 26-კაციან სიაში, რომელსაც გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ოთხშაბათს დაასახელებს.

ჰუმელსს გერმანიის ნაკრებში ბოლო მატჩი 2018 წლის 19 ნოემბერს აქვს ჩატარებული - ეს იყო უეფას ერთა ლიგის თამაში ნიდერლანდებთან, რომელიც 2:2 დასრულდა. საერთო ჯამში, 32 წლის მცველს ბუნდესგუნდის ფორმა 70 შეხვედრაში ეცვა, მისი ყველაზე დიდი მიღწევა კი ქვეყნის პირველ გუნდში, რა თქმა უნდა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონობაა.

32 წლის ჰუმელსს გერმანიის ნაკრებში 70 მატჩი აქვს ჩატარებული

დორტმუნდში ჰუმელსმა ამ სეზონში 47 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 6 გოლის გატანაც შეძლო, რაც ცენტრალური მცველისთვის ძალიან კარგი შედეგია. მან ბორუსიასთან ერთად გერმანიის თასი მოიგო.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე განცდილი ფიასკოს შემდეგ ლიოვმა ნაკრებიდან ჰუმელსი, თომას მიულერი და ჟერომ ბოატენგი მოკვეთა. გერმანული მედიის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატის განაცხადში, რომელსაც “იოგი” ოთხშაბათს გამოაქვეყნებს, ჰუმელსთან ერთად მიულერიც აუცილებლად იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ლიოვი 2018 წელს დაშვებულ დიდ შეცდომებს მართლაც ასწორებს.

კომენტარები

ბოლო ამბები