Thumbnail

'მინდა საუკეთესო არჩევანი გავაკეთო' - ოქრიაშვილს 7 კლუბი იწვევს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • თორნიკე ოქრიაშვილი, სავარაუდოდ, კვიპროსს დატოვებს
  • ქართველ ფეხბურთელს წინადადებები 5 ქვეყნიდან აქვს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი ზაფხულში სავარაუდოდ ახალ კლუბში გადავა. ანორთოსისის შემტევმა კვიპროსულ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ მას 6-7 წინადადება აქვს და მაისის ბოლოს გადაწყვეტილებას მიიღებს.

29 წლის ოქრიაშვილმა შეთავაზებები რუსეთიდან, საუდის არაბეთიდან, სამხრეთ კორეიდან, თურქეთიდან და კვიპროსიდან მიიღო, მაგრამ ჯერჯერობით კონტრაქტი არცერთ გუნდთან არ გაუფორმებია.

"ევგენიოს ხამბულასთან (ანორთოსისის პრეზიდენტი) ჩემს მომავალზე საუბარი მქონდა. რამდენიმე შემოთავაზება მაქვს, მაგრამ არ მიყვარს იქამდე ლაპარაკი, სანამ კონტრაქტს ხელს არ მოვაწერ. ალბათ, ანორთოსისში არ დავრჩები და სავარაუდოდ არც კვიპროსში, მაგრამ მომენატრება ყველაფერი, რაც აქ მქონდა", - თქვა თორნიკემ.

ოქრიაშვილი ბოლო ორი სეზონი ქეცბაიას გუნდის ლიდერი იყო

ქართველმა ფეხბურთელმა დაასახელა ქვეყნებიც, საიდანაც ამჟამად წინადადებები აქვს: "შეთავაზებები მაქვს რუსეთიდან, თურქეთიდან, კვიპროსიდან, საუდის არაბეთიდან, სამხრეთ კორეიდან. 6-7 წინადადება მაქვს ხელმოსაწერად. ასევე არის ომონიასა და აპოელის ინტერესი, ოფიციალური წინადადებებია, მაგრამ კონტრაქტი არავისთან გამიფორმებია, ახლა საქართველოში წავალ ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ  და არჩევანს მაისის ბოლოს გავაკეთებ. არ მგონია კვიპროსში დავრჩე, მაგრამ ფეხბურთში არასდროს იცი რა იქნება. იანვარში ომონიას უნდოდა ჩემთან კონტრაქტის გაფორმება, მაგრამ ეს არ გავაკეთე. უკეთეს წინადადებებს ველოდები, ვფიქრობ, ეს დავიმსახურე და მინდა, ჩემთვის საუკეთესო არჩევანი გავაკეთო".

შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილი ანორთოსისს 2019 წელს შეუერთდა, 2020-2021 წლების სეზონში კი ყველა ტურნირზე ჩატარებულ 25 მატჩში 9 გოლი გაიტანა და გიორგი ქვილითაიას შემდეგ ფამაგუსტელთა მეორე გოლეადორი იყო. ქართველმა შემტევმა ანორთოსისში რამდენიმე დღის წინ კვიპროსის თასი მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები