Thumbnail

ჭიდაობა | 4 ბრინჯაოს მედლის შანსი ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 23-წლამდე მოჭიდავეთა ევროპის პირველობა დღეს სკოპიეში დაიწყო
  • ნახევარფინალამდე მისვლა ორმა ქართველმა ფალავანმა მოახერხა

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა 23-წლამდე მოჭიდავეთა შორის. დღეს ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გავიდნენ და 5 წონიდან ოთხში ქართველ ფალავნებს ბრინჯაოს მედლის აღების შანსი აქვთ.

57 კგ-ში რამაზ თურმანიძე მეოთხედფინალში მომავალ ფინალისტ ახმედ იდრისოვთან (რუსეთი) 2:13 დამარცხდა და მე-3 საპრიზო ადგილისთვის უკრაინელ კამილ კერიმოვს გაეჯიბრება. გიორგი ელბაქიძემ (70 კგ.) მერვედფინალში ჯაბრაილ გაჯიევთან 2:4 წააგო და ვინაიდან აზერბაიჯანელიც ფინალში გავიდა, რეპეშაჟში გადაერთო. იქ ქართველი მოჭიდავის მეტოქე შვეიცარიელი ტობიას პორტმანი იქნება და თუკი იმარჯვა, ბრინჯაოსთვის რუს ინალბეკ შერიევს გაეჯიბრება.

გოგა მამიაურმა (79 კგ.) ნახევარფინალამდე ბერძენი ალექსანდროს ცანტიკიდისი (4:0) და ბელარუსი იაჰორ აკულიჩი (7:1) იოლად დაამარცხა, იქ კი, თურქ რამაზან სარისთან 0:3 დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის გერმანელ კონსტანტინ შაიბლესა და სომეხ არმან ავაგიანს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

გოგა მამიაური თურქი რამაზან სარის წინააღმდეგ

 ნახევარფინალამდე იოლად მივიდა ლუკა ხუჭუაც, რომელიც საქართველოს ნაკრების ღირსებას 97 კგ-მდე წონით კატეგორიაში იცავდა. მან სლოვაკ ვილიამ ოროსსა და თურქ ფეიზულა აკტურკს, შესაბამისად, 8:2 და 10:0 სძლია, ნახევარფინალში კი რუს ასლანბეკ სოტიევს 4:0-ს უგებდა, თუმცა, 4:14 დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის ხუჭუა აზერბაიჯანელ ისლამ ილიასოვსა და პოლონელ მიხალ ბიელავსკის ორთაბრძოლაში უმჯობესს გაეჯიბრება.

დღეს ხალიჩაზე გიორგი ჭოლაძეც (65 კგ.) გავიდა, თუმცა, მერვედფინალში ჰრაჩია მარგარიანთან 4:10 წააგო და ვინაიდან მომდევნო რაუნდში სომეხმა ფალავანმაც წააგო, ქართველმა მოჭიდავემ ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა.

ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედლები 18 მაისს გათამაშდება და ხვალვე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა დარჩენილი 5 წონითი კატეგორიის წარმომადგენლებიც იასპარეზებენ. საქმეში თეიმურაზ ვანიშვილს (61 კგ.), ვლადიმერ გამყრელიძეს (74 კგ.), დემურ მეგენეიშვილს (86 კგ.), მირიან მაისურაძესა (92 კგ.) და ალექსი ჟორჟოლიანს (125 კგ.) ვიხილავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები