Thumbnail

NBA-ში რეგულარული სეზონი დასრულდა, გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა პლეი ინში თამაშის უფლება მიიღო, რადგან კონფერენცია მხოლოდ მე-9 ადგილზე დაასრულა და ახლა შარლოტს ხვდება. 

როგორი იყო გოგასთვის მის კარიერაში მე-2 სეზონი NBA-ში? უკეთესი, ვიდრე პირველი, თუმცა დრაფტის მე-18 ნომრად არჩეულს უკეთესი სტატისტიკა შეეფერება და ჩვენც 21 წლის ქართველი ცენტრისგან მეტს ველოდით. 

გოგას შეტევაში მოსამატებელი აქვს

უარყოფითი კუთხით შეგვიძლია ბითაძის თამაში შევაფასოთ შეტევაში, სადაც ქართველი ცენტრი მეტისმეტად ინერტულია. გოგამ ამ სეზონში კარგი შანსი მიიღო მას მერე, რაც მაილს ტერნერმა და დომანტას საბონისმა ტრავმიანობის გამო თამაშები გამოტოვეს. მაგრამ ამით გუნდის სხვა "მაღლებმა" უფრო ისარგებლეს, ვიდრე გოგამ. თითქოს, გოგა მენტალურადაც არ აღმოჩნდა მზად, რომ თავისი სიტყვა ამ სეზონშივე ეთქვა ინდიანა პეისერსში. 

თავისი დაღი დაამჩნია ბითაძის სეზონს კოჭის ტრავმამაც, რომელიც მან ზუსტად მაშინ მიიღო, როცა სასტარტო ხუთეულში გამოუთავისუფლდა ადგილი. შეტევაში ინერტულობა იმითაც აიხსნება, რომ გუნდი მასზე არ აწყობს კომბინაციებს, თუმცა ამ შემთხვევაში, ქართველს ინიციატივის გამოჩენა არ აწყენდა. 

თითქმის ყველა სტატისტიკური მაჩვენებელი გაუმჯობესებულია

კიდევ ერთი დასანანი ეპიზოდი, მწვრთნელის ასისტენტ გრეგ ფოსტერთან დაპირისპირებაა, რისთვისაც გოგა კლუბმა ფინანსური ჯარიმით დასაჯა. 

რამდენადაც სუსტად თამაშობს გოგა მეტოქის ფარზე, იმდენად კარგია ის დაცვაში. როდესაც შანსი ეძლევა, ის თითქმის გაუვალია ფარზე. საქმე მხოლოდ დაფარებები არ არის, რაც ბითაძის საფირმო ძლიერი მხარეა. როდესაც ინდიანა თავს იცავს და პარკეტზე გოგაა, ფარქვეშ შესვლა არავისთვის არის იოლი. საერთო ჯამში პოზიტივი სჭარბობს ნეგატივს და ეს სტატისტიკაზეც აისახა.

გოგა ბითაძე 2020/21. საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა

🏀 პირველ (რეგულარულ) სეზონში ბითაძემ 54 მატჩი ითამაშა, მეორეში - 45. მიუხედავად ამისა, მან მოედანზე პირველ სეზონში მხოლოდ 471 წუთი გაატარა, მეორეში კი - 561 წუთი.

🏀 პირველ სეზონში ბითაძე სასტარტო ხუთეულში 2-ჯერ ათამაშეს, მეორეში - სამჯერ. 

🏀 2-ქულიანების სროლის პროცენტი შემცირდა 57.4%-დან 54.8%-მდე, მაგრამ გაიზარდა 3-ქულიანების სროლის პროცენტი - 19.0%-დან 25.3%-მდე. გაიზარდა სიზუსტე საჯარიმოს ხაზიდან - 72.7%-დან 73.8%-მდე

🏀 პირველ სეზონში 172 ქულა ჩააგდო, მეორეში - 231. საშუალოდ თამაშში 3.2 და 5.1.

🏀 გაზრდილია თითქმის ყველა მნიშვნელოვანი სტატისტიკური კომპონენტი: მოხსნები - 2.0-დან 3.3-მდე; პასები - 0.4-დან 0.8-მდე; დაფარებები - 0.7-დან 1.3-მდე. ჩაჭრებში იგივე სიტუაციაა - 0.2 საშუალოდ თამაშში. ოდნავ დაიკლო დაკარგვების მაჩვენებელმა, რომელიც გოგას ისედაც არ ჰქონდა ცუდი. 

🏀 რაც კარგია, ბითაძის საშუალო მაჩვენებელი ყოველ 36 წუთში, კიდევ გაიზარდა - პირველ სეზონში საშუალოდ 13.1 ქულიდან 14.8 ქულამდე მეორე სეზონში. ყოველ 36 წუთში 3.9 დაფარება NBA-ს სუპერვარსკვლავების დონის სტატისტიკაა. 

🏀 მინესოტასთან 7 აპრილს ჩაგდებული 14 ქულა ბითაძის კარიერის რეკორდია ამერიკაში.

🏀 ამ სეზონში ბითაძეს ორჯერ ჰქონდა 5-5 დაფარებიანი თამაში. 

🏀 სამწუხაროდ, ამ სეზონში გოგამ 9 მოხსნაზე მეტი თამაშში ვერ გააკეთა. ასე რომ, ორმაგი დუბლი მას ამ სეზონში არ ჰქონია. 

🏀 ჩიკაგოსთან 6 აპრილს გოგამ 6 პასი მიითვალა, კარიერის საუკეთესო შედეგი NBA-ში. 

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძეს ინდიანა პეისერსთან 2023 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი. ოღონდ, 2021/22 წლების სეზონი გარანტირებულია, ხოლო მომდევნო წელზე კლუბმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. 

📺 გოგამ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა

კომენტარები

ბოლო ამბები