Thumbnail

ბილბაოს ატლეტიკთან მოგებული მატჩის (1:0) შემდეგ, მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მკაცრი ტონით განაცხადა, რომ ესპანურ მედიაში მის შესახებ გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება. ფრანგმა ამით უარყო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მან რეალიდან წასვლა თითქოს უკვე გადაწყვიტა და ამის შესახებ ფეხბურთელებსაც ამცნო.

“ჩემს ფეხბურთელებს ახლა როგორ ვეტყოდი იმას, რომ მივდივარ? ეს დიდი ტყუილია! მთლიანად ამ სეზონზე ვარ კონცენტრირებული. ჩვენ კიდევ ერთი თამაში დაგვრჩა და მის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. ეს არის ერთადერთი რამ, რაც ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანია! დანარჩენზე კი სეზონის დასრულების შემდეგ ვილაპარაკოთ,” - აღნიშნა ზიზუმ პრესკონფერენციაზე.


შეგახსენებთ, ‘მარკა’ წერდა, რომ ზიდანმა ფეხბურთელბს წასვლის შესახებ ჯერ კიდევ წინა შაბათს, სევილიასთან მატჩის წინ შეატყობინა. ამავე გამოცემის ცნობით, ზიდანის შემცვლელად ფავორიტი რაულია.

ზიზუს კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. 2016-დან 2018 წლის ჩათვლით მან რეალს ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოაგებინა. ბოლო დროს ვრცელდება ცნობები, რომ ზიდანი იუვენტუსში ანდრეა პირლოს შეცვლის. იტალიური მედია კი წერს, რომ რეალში მის ნაცვლად მასიმილიანო ალეგრი დაინიშნება.

კომენტარები

ბოლო ამბები