Thumbnail

საქართველოს ჩემპიონატის მე-14 ტურში დინამო ბათუმმა თბილისის საბურთალო 4:1 დაამარცხა და ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა, რითაც ლიდერობა შეინარჩუნა. მატჩის შემდეგ გუნდების მწვრთნელებმა თამაში შეაფასეს.

გია გეგუჩაძის თქმით, გარემოში, რომელსაც დინამო ბათუმის ფანები ქმნიან, შეუძლებელია ფეხბურთის თამაში არ გინდოდეს, ხოლო საბურთალოელთა თავკაცმა ხვიჩა შუბითიძემ აღნიშნა, რომ ასეთი ატმოსფერო ყველა ქალაქში სანატრელია.

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი): "ისეთი გარემოა, შეუძლებელია ფეხბურთი არ ითამაშო. კარგი მატჩი იყო, ტემპიანი, მომენტებიც საკმაოდ შეიქმნა, უხვგოლიანი გამოდგა და ძალიან კარგია, რომ ჩვენი გულშემატკივრების გასახარად მოვიგეთ. ჩვენი პრიორიტეტი თასის მოგებაც არის და ვნახოთ, გამოჩნდება, როგორ მოვახერხებთ გადაწყობას სათასო ტურნირზე".

ხვიჩა შუბითიძე (საბურთალოს მთავარი მწვრთნელი): "სიმართლე გითხრათ, ვინატრე, რომ ყველა ქალაქში იყოს მსგავსი ატმოსფერო და ფეხბურთი უფრო სანახაობრივი გახდება. თუმცა, დღეს სხვა რეალობა გამოჩნდა - ყველა ვერ აღიქვამს ამას კარგად და ადამიანებზე ხდება დიდი ზეწოლა, მაგრამ იმედია, ასე არ გაგრძელდება. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით პირველ ტაიმში და მეორე ტაიმშიც ნაწილობრივ, რადგან ასეთ ატმოსფეროში დინამო ბათუმისნაირ კარგ გუნდთან კარგი თამაშის ჩვენება ადვილი არ არის, მაგრამ ეს მაინც შევძელით. წვრილმანი გადაწყვეტილებების გამო დავმარცხდით და ჩემი გუნდისთვის ეს ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩვენი გზა გავაგრძელოთ. ვხედავ, რომ სწორ გზაზე ვართ. წაქცეულები ვდგებით და მომავალს ძალიან პოზიტიური თვალით ვუყურებთ."


დინამო ბათუმი 31 ქულით გათამაშებას დინამო თბილისთან ერთად ლიდერობს, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო პირველ ადგილზეა, საბურთალო კი 21 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს. გეგუჩაძის გუნდი მომდევნო ტურში 23 მაისს, თბილისში, ლოკომოტივს ესტუმრება, ხოლო საბურთალო 24 მაისს, ასევე სტუმრად, თელავში ითამაშებს. თუმცა, მანამდე 19 მაისს, საქართველოს თასის 1/8-ფინალში დინამო ბათუმი საჩხერის ჩიხურას შეხვდება, ხოლო საბურთალო გორის დილას (20 მაისს) დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები