Thumbnail
  • გერმანიის ბუნდესლიგაში ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა
  • პირველად ისტორიაში - ჰამბურგი ბუნდესლიგიდან გავარდა
  • ბაიერნმა იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით ბუნდესლიგის ბოლო მატჩი შინ წააგო
  • დორტმუნდი მეოთხეზე, პეტერ შტიოგერი გადადგა

გერმანიის 2017/18 წლების ბუნდესლიგა ისტორიის კუთვნილება გახდა. ბოლო, 34-ე ტურმა სატურნირო ცხრილის მნიშვნელოვან ნაწილებში მდგომარეობა დიდად არ შეცვალა. აპრილში გაჩემპიონებულ ბაიერნთან ერთად, ჩემპიონთა ლიგაში შალკე, ჰოფენჰაიმი და დორტმუნდი ითამაშებენ, ევროპალიგაში - ლევერკუზენი და ლაიპციგი. ელიტას დაემშვიდობნენ კიოლნი და ჰამბურგი, ხოლო ვოლფსბურგი უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებას ჰოლშტაინთან პლეი ოფის შეხვედრებით შეეცდება.

ჰოფენჰაიმი მესამე, დორტმუნდი მეოთხე 

სეზონი ჩააგდო დორტმუნდის ბორუსიამ. ორი მთვარი მწვრთნელი, სრული დისბალანსი თამაშში, გამოვარდნა ევროთასებიდან და გერმანიის თასიდან. ამ ყველაფრის ლოგიკური დასასრული კი ბოლო ტურში ჰოფენჰაიმთან სტუმრად წაგება და ფინიში ცხრილში მე-4 ადგილზე იყო.

სხვა მხრივ კი, დორტმუნდმა ავად თუ კარგად, ამოცანა შეასრულა - მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპის საგზური. მაგრამ ამის მიუხედავად, ჰოფენჰაიმთან თამაშის დასრულების შემდეგ, დორტმუნდელთა მთავარმა მწვრთნელმა პეტერ შტიოგერმა მაინც გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.

ზინსჰაიმის გუნდს კი, რომელიც ისტორიაში პირველად გახდა გერმანიის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, წინ ზეიმი და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში დებიუტი ელის.

ჰოფენჰაიმმა ისტორია დაწერა

ჰამბურგი გავარდა!

მოხდა ის, რაც მოსალოდნელიც იყო - ისტორიაში პირველად, ბუნდესლიგას დაემშვიდობა ჰამბურგი. გერმანიის ერთ-ერთი უძველესი გუნდი, რომელიც 1887 წელს დაარსდა, აქამდე ერთადერთი კლუბი იყო, რომელიც ბუნდესლიგის დაარსების დღიდან (1963 წელს), ყოველთვის გამოდიოდა ელიტაში, ამჯერად კი ჰამბურგმა ცხრილში ბოლოსწინა ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონს კიოლნთან ერთად მეორე ბუნდესლიგაში გაატარებს. 

ჰამბურგი-გლადბახის მატჩი საფინალო სასტვენამდე წუთით ადრე ფანატების მიერ მოწყობილმა პიროტექნიკის შოუმ შეწყვიტა, მაგრამ მასპინძლებს ამანაც ვერ უშველა...

ბოლო ტურში კრისტიან ტიცის შეგირდებმა შინ გლადბახს კი მოუგეს (2:1), მაგრამ მთავარ კონკურენტ ვოლფსბურგს მაინც ვერ აჯობეს, რომელმაც თავის მხრივ კიოლნს ანგარიშით 4:1 სძლია და ელიტაში დარჩენის შანსი შეინარჩუნა.

ჰამბურგი-გლადბახის მატჩის ბოლო წუთებზე მოედანზე სპეცრაზმის გამოყვანა გახდა საჭირო

ჰაინკესის გაცილება, ლევანდოვსკის მიღწევა

ბუნდესლიგის ბოლო ტურის მატჩისგან აღარაფერი სურდა უკვე გაჩემპიონებულ ბაიერნს, გარდა გერმანიის თასის ფინალის წინ წავარჯიშებისა. აი, მის მეტოქე შტუტგარტს კი ჯერ კიდევ ჰქონდა ევროპალიგის საგზურის მოპოვების იმედი, მაგრამ ამისთვის მიუნხენში გამარჯვებასთან ერთად, ლაიპციგის ბერლინში მარცხიც სჭირდებოდა.

პირველი პირობა ტაიფუნ კორკუტის გუნდმა უმოტივაციო ბავარიელებთან კი შეასრულა, მაგრამ ლაიპციგს არ დაუცდა ფეხი, რომელმაც ჰერტასთან თავი მოიკლა, 2 გოლი გაუშვა, მაგრამ სამაგიეროდ 6 გაიტანა! შესაბამისად, შტუტგარტი ევროთასებს მიღმა დარჩა.

დანიელ გინჩეკმა "ალიანც არენაზე" დუბლი შეასრულა

და კიდევ, ბაიერნმა ბუნდესლიგაში ბოლოჯერ ითამაშა იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით. 73 წლის სპეაციალისტი სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს ემშვიდობება.

ბაიერნს 19 მაისს, ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" მოუწევს აინტრახთან გერმანიის თასისთვის ბრძოლა. ბოლო ტურში ნიკო კავაჩის გუნდის თამაშით თუ ვიმსჯელებთ, ფინალში გამარჯვებულის ვინაობა ნათელია. აინტრახტმა შალკესთან ალბათ სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი გახდა, რომელმაც 30 მატჩში 29 გოლი შეაგდო. ბაიერნის 29 წლის პოლონელი თავდამსხმელისთვის ეს აღიარება კარიერაში უკვე მესამეა (მანამდე 2013/14 და 2015/16 წლების სეზონებში). 

საუკეთესო მეგოლეთა სიაში მეორე ადგილზე ფრაიბურგელი ნილს პეტერსენი გავიდა (15 გოლი 32 მატჩში), მესამე ადგილი კი 14-14 გოლით ჰოფენჰაიმის, ლევერკუზენისა და ჰანოვერის ფეხბურთელებმა, შესაბამისად, მარკ უტმა, კევინ ფოლანდმა და ნიკლას ფულკრუგმა გაიყვეს.

ბუნდესლიგა. 34-ე ტური

ბაიერნი 1:4 შტუტგარტი

ჰერტა 2:6 ლაიპციგი

შალკე 1:0 აინტრახტი

ჰამბურგი 2:1 გლადბახი

ვოლფსბურგი 4:1 კიოლნი

ჰოფენჰაიმი 3:1 დორტმუნდი

ფრაიბურგი 2:0 აუგსბურგი

ლევერკუზენი 3:2 ჰანოვერი

მაინცი 1:2 ვერდერი

კომენტარები

ბოლო ამბები