Thumbnail
  • გრაცის შტურმმა ვენის რაპიდი 4:1 დაამარცხა
  • ოთარ კიტეიშვილს სეზონში 7 გოლი და 4 საგოლე პასი დაუგროვდა

ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში გრაცის შტურმა ვენის რაპიდს უმასპინძლა და პირველი ტაიმი 0:1 წააგო, მაგრამ საბოლოოდ 4:1 გაიმარჯვა და მნიშვნელოვანი თამაში მოიგო. მოგებაში ოთარ კიტეიშვილმა წვლილი გოლით და საგოლე პასით შეიტანა.

ოთარ კიტეიშვილს შესანიშნავი სეზონი აქვს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა 90 წუთი ითამაშა, მე-60 წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 79-ე წუთზე მისი პასით ანდრეა კუენმა გაიტანა და თამაშის ბედი სწორედ ამ გოლით გადაწყდა, რადგან ანგარიში 3:1 გახდა. აღსანიშნავია, რომ კიტეიშვილმა ზედიზედ მე-2 მატჩში გაიტანა. მან თავი წინა ტურში, ზალცბურგთანაც გამოიჩინა.

25 წლის ქართველ ნახევარმცველს ავსტრიის ბუნდესლიგის 25 მატჩში 7 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს. 7 გოლი მის ავსტრიულ კარიერაში რეკორდია - წინა სეზონში 6 გოლი გაიტანა (31 მატჩში), იმის წინ - 4 (31 მატჩში).

გრაცის შტურმი 31 ტურის შემდეგ მეორე-მესამე ადგილებს ვენის რაპიდთან ერთად იყოფს და მომდევნო ტურში 22 მაისს, სტუმრად გურამ გიორბელიძისა და ლუკა ლოჩოშვილის ვოლფსბერგერს შეხვდება. ავსტრიაში მე-2 ადგილი ევროპალიგის საგზურის მომტანია, მესამე კი - კონფერენს ლიგის. ამავე ტურში ვოლფსბერგერი სტუმრად ტიროლს დაუზავდა (2:2), ლუკა ლოჩოშვილი განაცხადში არ იყო, ხოლო გურამ გიორბელიძე ზედიზედ რამდენჯერმე სასტარტოში მოხვედრის შემდეგ ამჯერად სათადარიგო სკამზე იმყოფებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები