Thumbnail
  • ბორუსიას სპორტულმა დირექტორმა ერლინგ ჰაალანდის მომავალზე ისაუბრა
  • მიხაელ ცორკის თქმით, სპეკულაციები უნდა დასრულდეს

ერლინგ ჰაალანდის ტრანსფერი ზაფხულში გამორიცხულია - ნორვეგიელი გოლეადორი დორტმუნდის ბორუსიაში დარჩება! ამის შესახებ კვირას BVB-ს სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა ისაუბრა. იგი ბორუსიას გულშემატკივრებს დაპირდა, რომ გუნდის ლიდერს და ბომბარდირს არ გაყიდის.

“საკუთარი თავი უკვე თუთიყუში მგონია, რადგან მუდმივად ერთსა და იმავეს ვიმეორებ, - განაცხადა ცორკმა მაინცთან უმნიშვნელოვანესი მატჩის დაწყებამდე Sky-სთან ინტერვიუში, - უკვე ყველგან ვთქვი და კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო: ჩვენ მომავალ სეზონსაც მასთან ერთად ვგეგმავთ! ერლინგი მომდევნო სეზონშიც ჩვენთან ითამაშებს. ამ ყველაფერს სიამოვნებით გავიმეორებ კიდევ ხუთჯერ, მაგრამ როგორც ჩანს, არავის აინტერესებს, რას ვამბობ და მაინც იგივეს მეკითხებიან.”

ჰაალანდს ბუნდესლიგის ამ სეზონში 25 გოლი აქვს გატანილი

ჰაალანდს, რომელმაც ხუთშაბათს გერმანიის თასის ფინალში, ლაიპციგთან დუბლი შეასრულა (4:1) და დორტმუნდში პირველი ტიტული მოიგო, ბორუსიასთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, თუმცა ხელშეკრულებაში ჩადებულია გაყიდვის სპეციალური პუნქტი, რომლის ამოქმედება ნორვეგიელს 2022 წლის ზაფხულში შეუძლია. შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელის მრჩეველი მინო რაიოლა ბოლო დროს ხშირად საუბრობდა ჰაალანდის შესაძლო ტრანსფერზე ამავე ზაფხულს.

კომენტარები

ბოლო ამბები