Thumbnail

ბათუმის ახალ სტადიონზე, მაყურებლებთან ერთად, კიდევ ერთი მაგარი საფეხბურთო საღამო შედგა!

საქართველოს ჩემპიონატის მე-14 ტურის მთავარ შეხვედრაში დინამო ბათუმმა თბილისის საბურთალოს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. გია გეგუჩაძის გუნდმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა და ლიდერობა შეინარჩუნა.

ბათუმელმა გულშემატკივრებმა სტადიონზე ისევ ძალიან მაგარი საფეხბურთო გარემო შექმნეს

შეხვედრას 7 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო და შესანიშნავი საფეხბურთო გარემო იყო. ეს ფეხბურთელებზეც აისახა: თამაში საკმაოდ კარგი სანახავი გამოდგა. აღსანიშნავია, რომ  თამაშს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლიც დაესწრო.

მატჩი ბათუმელთა აქტიურობით დაიწყო და ანგარიშიც მალევე, მე-6 წუთზე გაიხსნა. ლაშა შინდაგორიძემ შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი ხარიხას მოხვდა. მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა მიიჩნია, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა და გოლი ჩათვალა, თუმცა გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთავს.

დაწინაურების შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდმა აქტიურობა გააგრძელა და სახიფათო მომენტებიც შექმნა. განსაკუთრებით ახლოს გოლთან გრიგოლ ჩაბრაძე იყო, მაგრამ მისი დარტყმა ოთო გოშაძემ გაანეიტრალა. 43-ე წუთზე სტუმრებმა გაათანაბრეს! ფლანგიდან გიორგი გოჩოლეიშვილის ჩაწოდების შემდეგ გიორგი კოხრეიძემ ჩაბრაძეს აჯობა და თავით გაიტანა - ტაიმი 1:1 დასრულდა.

მამუჩაშვილი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო

მატჩის მე-2 ნახევარში დინამო ბათუმი ისევ ფლობდა უპირატესობას და 56-ე წუთზე დაწინაურდა კიდეც. ლადო მამუჩაშვილის მიერ შესრულებული ჯარიმის შემდეგ, ცოცხალ კედელში მყოფ კოხრეიძეს ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი დაინიშნა, რომელიც მამუჩაშვილმა თვითონვე გაიტანა. ზოგადად, ეს უკანასკნელი მოედანზე საუკეთესო იყო და გოლს ორი საგოლე პასიც დაუმატა. სწორედ მისი გადაცემით, ჯერ გიორგი ფანცულაიამ სეზონში მისთვის მე-6 გოლი გაიტანა, ხოლო 78-ე წუთზე კი მამუჩაშვილმა ცარიელ კარში გიული მანჯგალაძეს გაატანინა.

გიორგი ფანცულაიამ სეზონში მე-6 გოლი გაიტანა

ფაქტია, ზღვისპირელები შესანიშნავ ფორმაში არიან - მათ ზედიზედ მე-4 თამაში მოიგეს. ამ შეხვედრებში გეგუჩაძის შეგირდებმა 15 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 2 გოლი გაუშვეს. დინამო ბათუმი 31 ქულით გათამაშებას დინამო თბილისთან ერთად (გიორგი ნემსაძის გუნდმა თელავი 1:0 დაამარცხა) ლიდერობს, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო პირველ ადგილზეა, საბურთალო კი 21 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს. გეგუჩაძის გუნდი მომდევნო ტურში 23 მაისს, თბილისში, ლოკომოტივს ესტუმრება, ხოლო საბურთალო 24 მაისს, ასევე სტუმრად, თელავში ითამაშებს.

დინამო ბათუმი 4:1 საბურთალო

გოლები: 1:0 შინდაგორიძე (6), 1:1 კოხრეიძე (42), 2:1 მამუჩაშვილი (57-პენ), 3:1 ფანცულაია (72), 4:1 მანჯგალაძე (78)

დინამო ბათუმი (4-3-3): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, ნავალოვსკი (53. მანჯგალაძე) - მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, აზაროვი - ჯიღაური, ფანცულაია (73. სანოგო), შინდაგორიძე (53. გროცურეკი)

საბურთალო (3-4-1-2): გოშაძე - მუდრაკი (79. შ. ნონიკაშვილი), კაკუბავა, ჯგერენაია - გოჩოლეიშვილი, ცნობილაძე, ძებნიაური (59. ტერა), ჯინჯოლავა (67. თ. ტაბატაძე) - მანდრიჩენკო (67. ლ. ნონიკაშვილი) - ი. ტაბატაძე, კოხრეიძე (59. შულაია)

კომენტარები

ბოლო ამბები