Thumbnail

საქართველოს ჩემპიონატის მე-14 ტურში მოქმედი ჩემპიონი დინამო თბილისი საკუთარ მოედანზე ბოლოადგილოსან და პირველი ტურის მერე მოუგებლად მოთამაშე თელავს დაუპირისპირდა.

ფავორიტად შერაცხული გიორგი ნემსაძის გუნდი სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მეტოქე დაცვაში ძალიან ორგანიზებულად თამაშობდა და კახელებმა დედაქალაქელებს დიდი წინააღმდეგობაც გაუწიეს. თუმცა, საბოლოოდ, თელავი მაინც გატყდა და უქულოდ დარჩა. დინამოს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა, საბა ხვადაგიანმა მოუტანა, რომელიც 65-ე წუთზე შეტევაში შედეგიანად ჩაერთო და გამარჯვების გოლის ავტორი გახდა.

დინამო თბილისს 14 ტურის შემდეგ 31 ქულა აქვს, ისევე როგორც დინამო ბათუმს, თუმცა ლიდერის პოზიციას ზღვისპირელები იკავებენ, რადგან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვთ - მიმდინარე სეზონში კონკურენტი ორჯერ დაამარცხეს. დინამო თბილისი მე-15 ტურში 23 მაისს, გორის დილას ესტუმრება, თელავი კი, რომელსაც 13-მატჩიანი მოუგებელი სერია და მხოლოდ 8 ქულა აქვს, მე-10 საფეხურზეა და წინ საბურთალოსთან დაპირისპირება ელის.

დინამო თბილისი 1:0 თელავი

გოლი: 1:0 ხვადაგიანი (65)

დინამო თბილისი (3-4-1-2): კვასხვაძე - ხვადაგიანი, ბენიო, კობოური - სპორკსლედე (86. სპორკსლედე), რადინი, მექვაბიშვილი (69. პაპავა), ხარაბაძე - კუცია (61. ქარდავა) - მარუშიჩი (86. კეიტა), ახვლედიანი (61. გაბედავა)

თელავი (3-4-3): ჩოჩიშვილი - ბერიაშვილი, ფაცაცია, ჯიქია - შერგელაშვილი, ბაშალეიშვილი, ბაიბალაევი (59. ციცქიშვილი), ინჯგია - ჯანელიძე (83. ხაბულიანი), შეყილაძე (74. კოხრეიძე), არდაზიშვილი

მე-14 ტურში კიდევ ერთი მატჩი თბილისის ლოკომოტივსა და სამტრედიას შორის გაიმართა, რომელიც მასპინძლებმა 3:1 მოიგეს. ულად-ომარ იმრანმა ანგარიში გახსნა და საბოლოო შედეგიც მან დააფიქსირა. ამ გოლებს შორის იყო სტუმართა მხრიდან მათე კვირკვიას და მასპინძელთა შემადგენლობიდან გიორგი იაკობიძის გოლი.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ზედიზედ მეორედ მოიგო, 21 ქულა დააგროვა და საბურთალოსთან ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს, იქვეა გორის დილაც, რომელსაც 22 ქულა აქვს. ლოკო მომდევნო ტურში დინამო ბათუმს შეხვდება. რაც შეეხება სამტრედიას: გია ცეცაძის გუნდი 9 ქულით პლეი აუტის ზონაში, მე-9 პოზიციაზეა და მომდევნო მატჩს შინ სამგურალთან გამართავს.

ლოკომოტივი 3:1 სამტრედია

გოლები: 1:0 იმრანი (10), 1:1 კვირკვია (53), 2:1 იაკობიძე (66), 3:1 იმრანი (72)

ლოკომოტივი (4-3-3): მამარდაშვილი - გაბაძე, კაშია, სანდოხაძე, უბილავა (83. ბუიღლიშვილი) - იმრანი (83. ქველაძე), შონია, დარცმელია (46. ანდრონიკაშვილი) - გავაშელიშვილი (58. იაკობიძე), სიხარულიძე, ჭიაბრიშვილი (46. მუკბანიანი)

სამტრედია (3-5-2): ქურდაძე - ერაძე, გიორგაძე, მასკარენია - გადირზადე, რობაქიძე (76. დოობი), ლომთაძე (62. ვარიეტი), ცეცხლაძე, კვირკვია - კობახიძე (76. ლალიჩი), რუხაძე (76. ილურიძე)

კომენტარები

ბოლო ამბები