Thumbnail
  • რუბინი 1:1 როტორი
  • რუბინი ევროთასებზე 5 წლის შემდეგ დაბრუნდა
  • როტორი ქვედა ლიგაში დაქვეითდა

დღეს რუსეთის პრემიერლიგის 2020-2021 წლების სეზონში ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. ხვიჩა კვარაცხელიას რუბინმა ევროპის კონფერენსლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა. ლეონიდ სლუცკის გუნდი დასკვნით ტურში ვოლგოგრადის როტორს შინ დაუპირისპირდა. ორივე გუნდს გამარჯვება სჭირდებოდა - რუბინს ევროთასებზე გასასვლელად, როტორს კი გადასარჩენად.

თუმცა მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. როტორი ახლოს იყო გამარჯვებასთან. ვოლგოგრადელები 79-ე წუთზე დინამო ბათუმის ყოფილი შემტევის, ჯოვინო ფლამარიონის გოლით დაწინაურდნენ, რომელმაც მეტოქის კარი პენალტით დალაშქრა. თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ასევე პენალტით, ჯორჯ დესპოტოვიჩმა გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

რუბინს საბოლოოდ ფრეც ეყო მე-4 ადგილზე გასასვლელად, რადგან პარალელურად მისი კონკურენტი სოჭი ხიმკისთან მხოლოდ ქულას დასჯერდა (0:0). სლუცკის გუნდმა 53 ქულით მე-4 პოზიცია დაიკავა და ევროტურნირებზე 2015/16 წლების სეზონის შემდეგ დაბრუნდა.

ლეონიდ სლუცკიმ რუბინი ევროთასებზე დააბრუნა

ხვიჩა კვარაცხელიას ამ შეხვედრაში არ უთამაშია, რადგან ტრავმა ბოლომდე მორჩენილი ჯერ კიდევ არ აქვს და სათამაშოდ მზად არ არის. როტორის რიგებში ჯოვინომ 90 წუთი გაატარა მოედანზე, ზურიკო დავითაშვილი კი 85-ე წუთზე საბა კვერკველიამ დაცვის გაძლიერების მიზნით შეცვალა. როტორი 22 ქულით მე-15 ადგილზე გავიდა და ამგვარად, პრემიერლიგიდან დაქვეითდა. ვოლგოგრადელებს შანსი ექნებოდათ, მაგრამ მისი კონკურენტების მატჩში უფამ ტულის არსენალი 2:1 დაამარცხა და ამ შედეგით როტორი ქვედა ლიგაში გავარდა.

📺 ჯოვინოს გოლი რუბინთან

ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგაში 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა (მითვლილია მოპოვებული პენალტებიც). როტორში ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე 20, საბა კვერკველიას აქტივში 19 თამაშია, ხოლო გიორგი არაბიძე მოედანზე 4-ჯერ გავიდა, თუმცა ქართველ ფეხბურთელებს არც გოლი გაუტანიათ და არც საგოლე პასი გაუკეთებიათ. ვოლგოგრადელთა საუკეთესო ბომბარდირი კი ჯოვინო გახდა, რომელმაც 21 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მოგეხსენებათ, დავითაშვილიც, კვერკველიაც და ჯოვინომ როტორში იჯარით თამაშობდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები