Thumbnail
  • ფიორენტინა 0:2 ნაპოლი | გოლები: 0:1 ინსინიე (56), 0:2 ზელინსკი (67)
  • იუვენტუსი ბოლო ტურში ვერონას და ატალანტას იმედად უნდა იყოს

იტალიის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის დღევანდელი მატჩებიდან ფიორენტინას და ნაპოლის დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევდა, რადგან ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში იუვენტუსის მთავარი კონკურენტია.

ჯენარო გატუზოს გუნდმა ფლორენციაში 2:0 მოიგო. პირველი გოლი ლორენცო ინსინიეს ანგარიშზეა, რომელმაც პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ შეცდომა დამატებაზე გამოასწორა, მეორე კი - პიოტრ ზელინსკის.

ანგარიში ლორენცო ინსინიემ გახსნა

ამ გამარჯვებით ნაპოლიმ 76 ქულა დააგროვა, ბოლო ტურის წინ საუკეთესო ოთხეულშია და იუვენტუსს ისევ 1 ქულით უსწრებს. ტურინული გრანდი მე-5 ადგილზე რჩება და მართალია, საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის თეორიული შანსი აქვს, მაგრამ საკუთარ თავზე არ არის დამოკიდებული. ბოლო ტურში ტურინელები ბოლონიას ხვდებიან და ალბათ მოიგებენ, მაგრამ ადვილი თამაში ელის ნაპოლისაც - გატუზოს გუნდი საკუთარ მოედანზე ვერონას შეხვდება.

ბოლოსწინა ტურში მილანმა კალიარის დამარცხება ვერ შეძლო (0:0), ბოლო ტურში კი “როსონერი” ბერგამოს ატალანტას ეთამაშება, რომელიც 78 ქულით მეორე ადგილზეა. მილანს ამ თამაშის მოგება დასჭირდება! ერთი სიტყვით, ბოლო ტურში იუვენტუსმა ბოლონიას უნდა მოუგოს და თან იმედი ჰქონდეს, რომ ან მილანი ვერ შეძლებს ბერგამოში მოგებას, ანაც ნაპოლი ვერ მოუგებს ვერონას...

შაბათს, იუვენტუსმა დიდ იტალიურ დერბიში ჩემპიონი ინტერი დრამატულ მატჩში 3:2 დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები