Thumbnail

კუპერი კონგოში - საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი აფრიკაში დაბრუნდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ექტორ რაულ კუპერი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარი მწვრთნელია
  • არგენტინელი საქართველოს ნაკრებს 2008-2009 წლებში წვრთნიდა

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი, არგენტინელი ექტორ რაულ კუპერი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარი მწვრთნელია. ეს მეოთხე ნაკრები იქნება, რომელსც კუპერი გაწვრთვნის საქართველოს, ეგვიპტესა და უზბეკეთის შემდეგ. 

65 წლის კუპერი შეეცდება კიდევ ერთი ნაკრები გაიყვანოს მუნდიალზე (ეგვიპტის შემდეგ). აფრიკაში საკვალიფიკაციო ეტაპი სექტემბერში იწყება და 2022 წლის მარტში სრულდება. კუპერი მსოფლიოში უფრო საკლუბო კარიერით არის ცნობილი. მან ვალენსია ორჯერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში (2000, 2001), ასევე იგი სერია A-ს ინტერსა და პარმას წვრთნიდა.

"მისტერ კუპერი კონგოში 26 მაისს ჩამოდის, თუმცა ფედერაციასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ჩვენი მიზანი ყატარის მსოფლიოს თასზე თამაშია", - განაცხადა კონგოს ფეხბურთის ფედერაციის შეფმა ჯერი კალემომ. შეგახსენებთ, რომ 1991 წლამდე ამ ქვეყანას ზაირი ერქვა. ის მსოფლიოში მე-11 ადგილზეა ტერიტორიით და მე-15 ადგილზე მოსახლეობით. მსოფლიოს ჩემპიონატებზე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ერთხელ (1974 წელს) უთამაშია. 

ექტორ კუპერმა საქართველოს ნაკრების თავკაცის რანგში 16 მატჩი ჩაატარა: მოიგო 1 (უელსთან ამხანაგური მატჩი სუონსიში), 4 ფრედ დაასრულა და 11-ში დამარცხდა. გუნდმა მისი ხელმძღვანელობით სულ 13 გოლი გაიტანა.  

კომენტარები

ბოლო ამბები