Thumbnail
  • მილანის თავდამსხმელი ევროპის ჩემპიონატზე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს
  • 39 წლის ფორვარდის მდგომარეობაზე შვედეთის ნაკრების თავკაცმა ისაუბრა

შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა განაცხადა, რომ მილანის თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც ეროვნულ გუნდს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა, ამ ზაფხულს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. ამის მიზეზი 39 წლის თავდამსხმელის ტრავმაა.

"ზლატანს ვესაუბრე, რომელმაც, სამწუხაროდ მითხრა, რომ ტრავმა არ მისცემს ამ ზაფხულს ევრო 2020-ზე გამოსვლის შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო ამბავია როგორც ზლატანისთვის, ისე ჩვენთვის. იმედი მაქვს, ის მოედანს რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდება", - აქვეყნებს სპეციალისტის სიტყვებს იტალური მედია.

შეგახსენებთ, რომ იბრამ დაზიანება სერია A-ს 35-ე ტურის შეხვედრაში, იუვენტუსთან (3:0) მიიღო და შესაცვლელი გახდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ფორვარდი მიმდინარე სეზონში კლუბს ვეღარ დაეხმარებოდა, თუმცა იყო იმედი, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებდა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სერია A-ს 19 მატჩში ითამაშა, გაიტანა 15 გოლი და მიითვალა 2 საგოლე პასი. 

მილანის თავდამსხმელმა ტრავმა იუვენტუსთან შეხვედრაში მიიღო

შვედეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ესპანეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის ეროვნული გუნდები ჰყავს. ტურნირი, რომელიც შარშან უნდა ჩატარებულიყო და პანდემიის გამო გადაავადეს, წელს 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები