Thumbnail

მთავარია ჯანმრთელობა - რაფაელ ნადალმა რეიტინგში ლიდერობა დაკარგა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ესპანელმა ჩოგბურთელმა მადრიდის მასტერსის 1/4-ფინალში დომინიკ ტიმთან წააგო
  • მსოფლიო კლასიფიკაციას სათავეში შვეიცარიელი როჯერ ფედერერი მოექცევა

ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსი დაკარგა. ნადალმა მადრიდის მასტერსის ¼-ფინალში ავსტრიელ დომინიკ ტიმთან საათსა და 56 წუთში, ანგარიშით 5:7, 3:6 წააგო. ესპანელი ჩოგბურთელისთვის ეს პირველი მარცხი აღმოჩნდა 2018 წელს გრუნტზე, შედეგად კი, 14 მაისს, ATP-ის განახლებულ რეიტინგში ლიდერობას შვეიცარიელი როჯერ ფედერერი დაიბრუნებს. 

ტურნირიდან გამოთიშვის შემდეგ, რაფამ განაცხადა, რომ რეიტინგში ლიდერობის დაკარგვის გამო სულაც არ წუხს, მისთვის მთავარი კი ისაა, რომ ჯანმრთელადაა. 

"შეუძლებელია მსოფლიოს რეიტინგში პირველობა არ დათმო, როდესაც ხუთი თვე გაგიცდება. რა თქმა უნდა, მინდა სულ პირველი ჩოგანი ვიყო და არა - მეორე, მესამე ან მეხუთე. ლიდერობა უწინაც დამიკარგავს, ახლა კი იმითაც ბედნიერი ვარ, რომ ჯანმრთელად ვარ და შემიძლია ყოველ კვირას ვითამაშო", - აქვეყნებს ესპანელის ნათქვამს Tennis World USA.

დომინიკ ტიმის მეტოქე მადრიდის მასტერსის ნახევარფინალში სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი იქნება. მეორე წყვილში გერმანელი ალეკსანდრ ზვერევი და კანადელი დენის შაპოვალოვი იბრძოლებენ.

დომინიკ ტიმმა "გრუნტის მეფეს" ამ საფარზე მესამედ მოუგო. ყველაზე მეტჯერ კი ეს ნოვაკ ჯოკოვიჩმა შეძლო - 7-ჯერ.

რაფაელ ნადალს კლასიფიკაციის სათავეში დაბრუნების შანსი მალევე იქნება. საამისოდ მან რომის ტურნირი უნდა მოიგოს, რომელიც მომავალ კვირას დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები