Thumbnail

ნეიმარს ოლიმპიადაზე თამაში სურს - ბრაზილიელს კიდევ ერთი ოქრო უნდა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ნეიმარმა ოლიმპიური ოქრო ერთხელ უკვე მოიგო
  • ოლიმპიადის გარდა ზაფხულში კოpა ამერიკაცაა

ბრაზილიის მამაკაცთა ოლიმპიური საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ჟარდინმა დაადასტურა, რომ ნეიმარს სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს მოახლოებულ ოლიმპიადაზე, რომელიც ტოკიოში უნდა გაიმართოს.

პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელის ოლიმპიურ ნაკრებში ყოფნა ჟარდინისთვის ძალიან კარგი იქნება. ოლიმპიური ოქროს მოგებაზე ბრაზილიის შანსებს ნეიმარი ძალიან გაზრდის.

"ოლიმპიური თამაშებისთვის ყველაზე ძლიერი გუნდის ყოლისთვის ნეიმარის მსგავსი მოთამაშის დამატება ძალიან კარგია და შეესაბამება მიზნებს, რომლებიც დავისახეთ. თავად მასაც აქვს სურვილი, რომ ითამაშოს", - განაცხადა ჟარდინმა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს რიოში გამართულ თამაშებზე ბრაზილიის ნაკრებმა თავის ისტორიაში პირველი ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. მაშინ ბრაზილიელებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში გერმანია დაამარცხეს, ხოლო გადამწყვეტი პენალტი სწორედ ნეიმარმა გაიტანა.

წესების მიხედვით, ოლიმპიადაზე მონაწილეობას U23 საფეხბურთო ნაკრებები იღებენ, მაგრამ მათ აქვთ უფლება სამი უფროსი ასაკის მოთამაშე დაიმატონ. აქედან გამომდინარე, ნეიმარს შეუძლია კიდევ ერთხელ მიიღოს ოლიმპიადაზე მონაწილეობა და ოქროს მედლისთვის იბრძოლოს.

2016 წელს ნეიმარმა ოლიმპიური ოქრო მოიგო

არის დაბრკოლებაც. ამ ზაფხულს, ოლიმპიადასთან ერთად, კოპა ამერიკაც იმართება და მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ტურნირი ერთმანეთს ვადებში არ ემთხვევა (ჯერ კოპა ამერიკაა, შემდეგ ოლიმპიადა) რთული წარმოსადგენია, რომ ნეიმარმა ორივეში მიიღოს მონაწილეობა. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ტიტეს ჯერ არ დაუდასტურებია, იქნება თუ არა ნეიმარი კოპა ამერიკაზე.

ერთადერთი, რაც დანამდვილებით ცნობილია, არის ის, რომ ნეიმარი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებისთვის ნაკრებში იქნება. შეგახსენებთ, რომ "სელესაო" 5 ივნისს ეკვადორს, ხოლო 9 ივნისს პარაგვაის დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები