Thumbnail
  • კევინ გარნეტი დღეს დიდების დარბაზის წევრი ხდება
  • წლების მანძილზე ის ლიგის ყველაზე ტანჯული ვარსკვლავი იყო
  • მინესოტასთან ერთად ჩემპიონობა შეუძლებელი ამოცანა იყო
  • ერთგულება გარნეტს გუნდიდან წასვლის საშუალებას არ აძლევდა
  • ბოსტონმა მას ყველაფერი მისცა, რაც სჭირდებოდა

Anything is possible - ღრიალებდა 2008 წელს სახეშეშლილი კევინ გარნეტი NBA-ს ნანატრი ჩემპიონობის შემდეგ. არასოდეს მინახავს ასე გულწრფელი და გიჟური სიხარული. ჩემპიონობა გრძელი და მტანჯველი გზის დასასრული იყო. 2000-იანების დასაწყისში NBA-ს არ ჰყავდა უფრო ტანჯული და სასოწარკვეთილი გმირი, ვიდრე კევინ გარნეტია.

თავისი თაობის გამორჩეული ტალანტი, კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი და ყველა დროის 5 საუკეთესო მძიმე ფორვარდს შორის ერთ-ერთი, პროვინციულ მინესოტაში გაიჭედა. ამავე დროს, ეს კაცი ყველაზე ერთგული და ყველაზე ჯიუტი იყო და წლების მანძილზე არაფრით სურდა იმის აღიარება, რომ მინესოტაში ჩემპიონობებს ვერ იგებენ. ამ წლების კევინ გარნეტი გავდა კაცს, რომელიც ჯიუტად თავით ეხეთქება კედელს და არაფრით აღიარებს, რომ ასე ეს კედელი არ დაინგრევა.

მინესოტა ამერიკის ციმბირია - ყინულიანი ქალაქი ტყეში. იქ სუპერვარსკვლავები სათამაშოდ არ მიდიან. 1995 წელს გარნეტი გახდა ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელიც კოლეჯის გარეშე პირდაპირ NBA-ში მოხვდა. უკვე 19 წლის ასაკში ყველამ იცოდა, რომ ლიგას გამორჩეული პერსონაჟი შეემატა. 20 წლის უკვე "ოლ სტარი" იყო და 2 წელიწადში საწყალ, წინა სეზონში 20 გამარჯვების მქონე მინესოტას, 40 თამაში მოაგებინა. მთელი კარიერის მანძილზე, გარნეტი გარანტირებულ 20 ქულას და 10 მოხსნას ნიშნავდა. 90-იანების კალათბურთის 20 ქულა ბევრად მეტია, ვიდრე დღევანდელი.

მას ქულები არასოდეს ადარდება, თუმცა ორქულიანი დისტანციიდან, ნებისმიერი პოზიციიდან ჩაგდება შეეძლო. მთავარი ამბავი დაცვაში ხდებოდა. 213 სანტიმეტრიანი კაცი ერთნაირად იცავდა ცენტრებს და მეტოქის "გარდებს", ერთნაირად მაგარი იყო სამწამიანსა და პერიმეტრზე. მოწინააღმდეგეების ანალიტიკური შესწავლა მან ჯერ კიდევ ანალიტიკის და ტექნოლოგიების შემოსვლამდე დაიწყო და კობისთან ერთად იყო ერთადერთი, რომელიც ამას ყველა თამაშის მერე აკეთებდა. ყველა თამაშის მერე KG-ს CD დისკი (მიხვდით, ეს რომელი ეპოქაა) ელოდებოდა და ის პირდაპირ თამაშის საყურებლად მიდიოდა. ამას მოჰყვებოდა ღამეული ზარი მწვრთნელ სანდერსთან, რომელსაც მისივე თქმით, გაუმართლა და გვიანობამდე არ უყვარდა დაძინება. გარნეტის სატელეფონო გარჩევა საათები გრძელდებოდა.

როგორც თანაგუნდელები აღწერენ, გარნეტს ჰქონდა თამაშის ტელეპატიური, ანალიტიკური ხედვა. სამწამიანიდან მთელ დაცვას ხელმძღვანელობდა და ყოველთვის რამდენიმე წამით ადრე იცოდა, რა მოხდებოდა.

ის იყო კაცი, რომელიც თავისი შეშლილი მონდომებით და გამარჯვებისკენ მანიაკალური სწრაფვით მთელი გუნდის, მთელი ორგანიზაციის სამუშაო კულტურას ცვლიდა. ნებისმიერ გუნდში გარნეტის მისვლა ვარჯიშების ომად ქცევას ნიშნავდა. მისი მეტსახელი Passion to the Game გამორიცხავდა ოდნავ მაინც ზედაპირულ ან დაუდევარ დამოკიდებულებას ნებისმიერი სათამაშო ან სავარჯიშო დეტალის მიმართ. თუკი ვინმე ჰგავს კობი ბრაიანტს თავისი არანორმალური ენერგიით და მონდომებით, ეს სწორედ KG-ია.

თუმცა, თუკი კობი მუდამ თავის თავის კაცი იყო, გარნეტი მთელ ორგანიზაციას, თანაგუნდელებს ცვლიდა. ის იყო იდეალური ლიდერი - ძალიან მკაცრი და ხისტი, უმოწყალო, ბოროტი ენით და გრძელი ხელებით (ნაცემი თანაგუნდელების სია საკმაოდ დიდია), თუმცა ამავე დროს, ის ყოველთვის ძალიან ადამიანური იყო და თანაგუნდელისთვის სიცოცხლეს გაიღებდა. კევინ გარნეტი თამაშით ცხოვრობდა და უნდოდა, რომ მის გარშემო ყველას ეს გაეკეთებინა. 

და აი, ეს კაცი, 10 წელზე მეტი ხნით, მინესოტაში გამოიკეტა. როგორც ყველა ცუდმა ორგანიზაციამ, "ტიმბერვულსმაც" თავისი ხელით მოსპო საკუთარი მომავალი.

მფლობელმა გლენ ტეილორმა გარნეტს 6 წელიწადში 126-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა - არანორმალური თანხა იმ დროისთვის. თუმცა, მალევე, 1999 წელს გაფიცვის შემდეგ, ახალი წესები შემოვიდა, რომელიც მაქსიმალურ ხელფასს 14 მილიონით განსაზღვრავდა, სხვა შემთხვევაში კი ორგანიზაცია luxury tax-ში, ანუ ძვირადღირებულ ე.წ. "ფუფუნების" გადასახადში მიდიოდა. დადგენილზე მეტი ხელფასი მხოლოდ ორ მოთამაშეს ჰქონდა - კევინ გარნეტს და ლეიკერსის შაქილ ონილს. ძალიან მდიდარ ლეიკერსს არ უჭირდა დამატებითი გადასახადების გადახდა, მინესოტას კი გარნეტის ხელფასი აღარ აძლევდა საშუალებას, არათუ ვარსკვლავი, არამედ საშუალოზე მაღალი კლასის მოთამაშე მიეყვანა გუნდში. ასე დარჩა გარნეტი მარტო. 12 წლის მანძილზე მის საუკეთესო თანაგუნდელებს შორის ჯო სმიტი, სტეფონ მარბერი, ლატრელ სპრიუელი, სემ კასელი და უილი შჟერბიაკი იყვნენ. დარწმუნებული ვარ, მარბერის და კასელის გარდა, უმეტესობას დანარჩენების გვარი არც გაგიგიათ.

ნიუიორკელ სტეფონ მარბერის მინესოტაში ცხოვრება არ უნდოდა და ისიც მალევე წავიდა. ამას დაემატა ის, რომ დევიდ სტერნმა მინესოტა ლიგის წესების დარღვევისთვის (ჯო სმიტს ხელფასს ლიგის ზურგსუკან სთავაზობდნენ) 5 წლით დრაფტის პირველი პიკის გარეშე დატოვა. ანუ გარნეტს არც ახალგაზრდა ტალანტების იმედი უნდა ჰქონოდა.

KG-ს ფაქტორი იმის გარანტი იყო, რომ 1997-2004 წლამდე მინესოტა სულ მცირე 50 თამაშს მაინც იგებდა და პლეი ოფში გადიოდა. თუმცა ზედიზედ 7-ჯერ პირველ რაუნდში გავარდა.

ბილ სიმონსი, ბოსტონელი ჟურნალისტი: ის ჰგავდა კაცს, რომელსაც ცოლი აღარ უყვარს, თუმცა ბავშვების გამო ოჯახს ჯიუტად მაინც არ ტოვებს.

შეიძლება იკითხოთ, რატომ არ მიდიოდა გარნეტი ამ გუნდიდან. ამ კითხვას მთელი NBA სვამდა. პასუხი მის ხასიათშია. KG ძველი თაობის კაცია - მას ერთგულების განსაკუთრებული განცდა აქვს. ბავშვობიდან ის ძალიან ეჭვიანი და საკუთარ თავში ჩაკეტილი იყო. არავის ენდობოდა და ერთგულებას ყველაზე მეტად აფასებდა. სწორედ ამიტომ, ვერასოდეს აპატია რეი ალენს მაიამიში გადასვლა. ახლო მეგობრებს ამის შემდეგ ერთმანეთისთვის სიტყვაც არ უთქვამთ. მინესოტადან წასვლა მისთვის ღალატს ნიშნავდა. ეს იყო სასოწარკვეთილის ბრძოლა დინების წინააღმდეგ.

ბოლო გაბრძოლება 2004 წელი იყო. გარნეტმა კარიერის საუკეთესო სეზონი დადო, MVP, საკრამენტოსთან კონფერენციის ნახევარფინალში, გადამწყვეტ მეშვიდე თამაშში 32 ქულა და 21 მოხსნა, მაგრამ შემდეგ რაუნდში კობის და შაქის ლეიკერსი. მარტო როგორ უნდა მოუგო?!

ამის შემდეგ მინესოტა დაიშალა და გარნეტი კიდევ სამი წელი პლეი ოფშიც კი ვერ გადიოდა. ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ ამ კაცის ერთგულების და მისი ტანჯვის ხარისხი წარმოიდგინოთ. ეს იყო მისი საკალათბურთო გოლგოთა. კაცი, რომელმაც წაგება ყველაზე მეტად სძულდა 12-წლიანი ტანჯვისთვის იყო განწირული.

ბოსტონში გარნეტმა ის მიიღო, რაც მთელი კარიერის მანძილზე არ ჰქონია - სოლიდური ორგანიზაცია, რომელიც ისტორიულად ინდივიდუალიზმზე მეტად კოლექტიურობას აფასებს, დოკ რივერსის უბუნტუს თეორია და გუნდური სული, პოლ პირსი და რეი ალენი თანაგუნდელებად.

ბილ სიმონსი: გარნეტი კალათბურთის ჯიმი პეიჯი იყო, იდეალური თავის საქმეში, თუმცა ლედ ზეპელინის ლეგენდარული გიტარისტის მსგავსად, მასაც სჭირდებოდა თავისი რობერტ პლანტი იდეალური კომპოზიციის შესაქმნელად. ასე იპოვა მან პოლ პირსი.

ბოსტონიც, გარნეტის მსგავსად, ამ წლების ერთ-ერთი ყველაზე ტანჯული ორგანიზაცია იყო. ისტორიულად დომინანტი სელტიკსი ლარი ბერდის თაობის წასვლის შემდეგ თავის ჩემპიონობას 20 წელი ელოდა. ეს იყო იდეალური ტანდემი - კევინ გარნეტი ბოსტონ სელტიკსში.

გარნეტს, რომელსაც, როგორც მისი ყოფილი მწვრთნელი, სანდერსი აღწერდა, ყველაზე ნაკლებად ადარდებდა ქულების დაგროვება, ბოსტონში ძირითად ჩამყრელებად სწორედ პირსი და ალენი ჰყავდა. გუნდის შიდა ქიმია პირველსავე წელს შედგა. ჩემპიონობა და შემდეგ წლებშიც სელტიკსი ყველასთვის მრისხანე და ანგარიშგასაწევი გუნდი იყო. თავისი ფინალებით და კონფერენციის ფინალებით.

დღეს გარნეტი კობისთან და ტიმ დანკანთან ერთად უკვე ოფიციალურად მოიხვეჭს საკალათბურთო უკვდავებას, დღეს მას საკალათბურთო დიდების დარბაზში წარადგენენ - "Top in the world Mum, top in the world!"

კომენტარები

ბოლო ამბები