Thumbnail

PREVIEW | დინამო ბათუმი V საბურთალო - 7 ათასზე მეტი ფანის თვალწინ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს ჩემპიონატის მე-14 ტურის გამორჩეული მატჩი ბათუმში გაიმართება და ისე, როგორც ერთი კვირის წინ, ახლაც, ბათუმის ახალ სტადიონზე ქომაგები საფეხბურთო ატმოსფეროს კიდევ ერთხელ შექმნიან. გია გეგუჩაძის გუნდის მეტოქე თბილისის საბურთალო იქნება, რომელსაც წინა ტურს თუ არ ჩავთვლით, საკმაოდ პოზიტიური პერიოდი ჰქონდა.

ბათუმელ გულშემატკივრებში მოლოდინი ძალიან დიდია და 7 ათასზე ბილეთი მოკლე დროში გაიყიდა. შესაბამისად, დინამო ბათუმს დიდი მხარდაჭერა ექნება და შეეცდება, ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვოს, შუქურას, დინამო თბილისისა და სამტრედიას ძლევის შემდეგ. საბურთალომ კი წინ ტურში დინამო თბილისთან მძიმე მარცხი განიცადა (0:4), მაგრამ მანამდე ხვიჩა შუბითიძის ხელმძღვანელობით დაუმარცხებელი იყო და სწორედ ბოლო ტურებში დააგროვა ქულების უმეტესობა.

ეს გუნდები პირველ წრეში ერთმანეთს თბილისში დაუპირისპირდნენ და მაშინ გოლები არ გასულა. თუმცა, მაშინ სეზონის სტარტი იყო, საუკეთესო ფორმაში გუნდები არ იმყოფებოდნენ, მას მერე კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორივე გუნდმა მოუმატა და ახლა მოედანზე ორივე გამარჯვებისთვის გავა. სხვათა შორის, საბურთალოს დინამო ბათუმი 2019 წლის მერე, უკვე 6 თამაშია არ დაუმარცხებია.

13 ტურის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში დინამო ბათუმი და დინამო თბილისი 28-28 ქულით ლიდერები არიან და მდევრებთან უკვე საკმაოდ კომფორტული უპირატესობაც აქვთ, მაგრამ მეორეს მხრივ, საბურთალოს შეუძლია გამარჯვების შემთხვევაში ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამციროს და ბრძოლაში თამამად დარჩეს. გია გეგუჩაძის გუნდს კი სხვა ამოცანა აქვს და საშინაო არენაზე ეცდება ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვოს, მას მერე, რაც დინამო თბილისს ჯაბა ჯიღაურის გოლით აჯობა.

ბათუმში ისევ საფეხბურთო ატმოსფერო იქნება

სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმის ფეხბურთელი): "გუნდში კარგი განწყობაა, ბოლო სამი თამაში მოვიგეთ, რაც გუნდზე დადებითაც მოქმედებს, ახლა კი მეოთხე მატჩის მოგებას ვეცდებით. საბურთალო ძლიერი მეტოქეა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ. საბურთალოში გავიზარდე, მაგრამ ახლა დინამო ბათუმის წევრი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ გამარჯვებისთვის. დინამო თბილისთან თამაში ჩემს კარიერაში ემოციურად სავსე იყო, საქართველოს ჩემპიონატში ამდენი ხალხის წინაშე თამაში პირველად მომიწია. მინდა, გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო, რადგან საოცარი ატმოსფერო შექმნეს და თავიანთი წვლილი შეიტანეს ჩვენს გამარჯვებაში".

გიორგი კოხრეიძე (საბურთალოს ფეხბურთელი): "თამაშისთვის განსაკუთრებით ვემზადებით, რადგან ჩემი აზრით, დინამო ბათუმი საქართველოში ყველაზე გამორჩეული გუნდია. დინამო თბილისთან მარცხის მერე, ფსიქოლოგიურად ცოტა ცუდად ვართ, მაგრამ ის თამაში დავიწყებული გვაქვს და ვემზადებით. ბათუმში კარგი გარემოა და დინამო ბათუმის ფეხბურთელებს ფეხბურთის გარდა სხვა საფიქრალი არ აქვთ. გულშემატკივარი ფეხბურთელზე ძალიან მოქმედებს და დიდი სტიმულია, მეტოქისთვისაც, შესაბამისად, ჩვენთვისაც გარემო, რომელიც ბათუმშია, დიდი მოტივაციაა. პირადად მე, მაქსიმალურ კონდიციაში არ ვარ, მაგრამ უკეთესობა არის, ფორმაში ნელ-ნელა შევდივარ. მომწონს, ხვიჩა შუბითიძესთან მუშაობა, ყველაფერს აკეთებს, რომ კარგად ვითამაშოთ და მან გუნდში ახალი მუხტი მოიტანა".

საინტერესო ფაქტები

დინამო ბათუმი და საბურთალო ერთმანეთს 16-ჯერ შეხვდნენ და თბილისური გუნდი უპირატესობას ფლობს - 7 მოგება, 5 წაგება, 4 ფრე.

საბურთალოსთვის ყველაზე დასამახსოვრებელი 2017 წლის 10 სექტემბერს მოგებული მატჩია (5:0), ხოლო დინამო ბათუმმა 2019 წლის 24 აპრილს, ძალიან მაგარ და დრამატულ ბრძოლაში ბათუმში, 4:2 სძლია მეტოქეს.

⚽ ამ გუნდების ბოლო ხუთ მატჩში ორჯერ ბათუმელებმა მოიგეს და სამჯერ ფრე დაფიქსირდა. საბურთალომ ზღვისპირელები ბოლოს 2019 წლის 16 აპრილს დაამარცხა და მას მერე 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

⚽ ხსენებულ ბოლო ხუთ თამაშში ხუთჯერვე 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა და ორივე გუნდმა ერთხელ გაიტანა.

⚽ საბურთალომ ბოლო ტურში დინამო თბილისთან 0:4 წააგო, მაგრამ მანამდე 9-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. დინამო ბათუმმა კი ბოლო 5 თამაში წაუგებლად ჩაატარა (4 მოგება, 1 ფრე).

⚽ დინამო ბათუმის ბოლო ხუთ მატჩში ერთხელ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და ორჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ საბურთალოს ბოლო ხუთ თამაშში კი ერთხელ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და ასევე ერთხელ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ დინამო ბათუმს სეზონში ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული (7) და ყველაზე მეტიც გაიტანა (23 - დინამო თბილისთან ერთად).

⚽ გია გეგუჩაძის გუნდი ერთადერთია, რომელსაც შინ ამ სეზონში არ წაუგია. უნდა ითქვას ისიც, რომ ბათუმში წინა 6 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ერთი გაიმართა.

⚽ საბურთალომ სტუმრად მიმდინარე სეზონში 11 ქულა მოიპოვა და აქედან 10 ბოლო ოთხ თამაშში. თბილისელებმა ერთადერთი საგარემო თამაში 14 მარტს, დინამო თბილისთან წააგეს (3:4).

⚽ დინამო ბათუმის ფეხბურთელები ჯაბა ჯიღაური და გიორგი ფანცულაია 4-4 საგოლე პასით ეროვნულ ლიგაში ლიდერები არიან, ხოლო ლაზარე კუპატაძეს ყველაზე მეტი მშრალი მატჩი აქვს ჩატარებული (7). როინ კვასხვაძესთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს საბურთალოს კიპერი ოთო გოშაძე (5).

⚽ საბურთალოს შემტევი იური ტაბატაძე ბომბარდირთა დავაში 6 გოლით მეორე ადგილზეა, 5 გოლი აქვს დმიტრი მანდირჩენკოს, ისევე როგორც ჯაბა ჯიღაურსა და გიორგი ფანცულაიას.

სავარაუდო შემადგენლობები

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე; ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, ნავალოვსკი - მამუჩაშვილი, ტეიდი - ჯიღაური, ალთუნაშვილი, გროცურეკი - ფანცულაია

საბურთალო (4-2-3-1): გოშაძე - მალი, მუდრაკი, კაკუბავა, ლაცაბიძე - ნონიკაშვილი, ტერა - ი. ტაბატაძე, მანდრიჩენკო, კოხრეიძე - თ. ტაბატაძე

კომენტარები

ბოლო ამბები