Thumbnail
  • 📅 15 მაისი | ⌚ 20:00 | ⚽ იუვენტუსი V ინტერი
  • ინტერი ყველაფერს გააკეთებს, რომ ტურინიდან უქულოდ არ წავიდეს
  • იუვენტუსისთვის ამ თამაშის მოგება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

იტალიის ჩემპიონი უკვე ცნობილია - მილანის ინტერმა ტურინის იუვენტუსის 9-წლიანი ეპოქა დაამხო - მაგრამ სამაგიეროდ, საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად კიდევ 4 გუნდი იბრძვის, ადგილი კი სულ სამია დარჩენილი. ამ ოთხი გუნდიდან ყველაზე ცუდად იუვეს აქვს საქმე - ანდრეა პირლოს გუნდი მე-5 ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ ორ ტურში საკუთარ თავზე აღარ არის დამოკიდებული. ანუ, იუვენტუსმა ორივე თამაში რომც მოიგოს, შესაძლოა, მაინც ვერ მოხვდეს ოთხეულში და ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩეს. სწორედ ასეთ დროს ეთამაშება იუვე ინტერს დიდ იტალიურ დერბიში - დუელში, რომელიც სერია A-ს უმთავრესი დაპირისპირებაა.

37-ე ტურის წინ იუვეს ცხრილში ატალანტა, მილანი და ნაპოლი უსწრებენ. ალბათ გაინტერესებთ, ვის ხვდებიან ისინი დარჩენილ ორ ტურში: ატალანტა ახლა ჯენოას სტუმრობს, ბოლო ტურში კი მილანს დაუპირისპირდება და შესაძლოა, ბერგამოელებს და ‘როსონერის’ ბოლოს ერთმანეთში ფრე დასჭირდეთ. ისინი იუვეს ახლა 3 ქულით უსწრებენ და თუ ბოლო ტურისთვისაც ასეთი ვითარება იქნება, ფრის შემთხვევაში ტურინულ გრანდს მათთვის გადასწრების შანსს არ დაუტოვებენ. მანამდე, მილანს კალიარისთან საშინაო მატჩი ელის, რომელიც, ლოგიკურად, მარტივად უნდა მოიგოს. რჩება ნაპოლი, რომელიც ამ ტურში ფლორენციაში ჩადის, ბოლოს კი ვერონას უმასპინძლებს. ისე გამოდის, რომ იუვენტუსში ყველაზე მეტად ნაპოლის ქულების დაკარგვის იმედი უნდა ჰქონდეთ. თავად იუვეს კი ბოლო ტურში ბოლონიასთან გასვლითი შეხვედრა უწევს - გუნდთან, რომელსაც ცხრილში აღარაფერი ადარდებს.

იუვენტუსი და ინტერი ერთმანეთს სერია A-ში 176-ედ უპირისპირდებიან. საერთო ჯამში იუვეს უპირატესობა აშკარაა: ტურინელებმა 175-დან 84 მატჩი მოიგეს. თუმცა ამ სეზონში ინტერი გაცილებით უკეთესი გუნდია - პირველ წრეშიც ანტონიო კონტეს გუნდმა 2:0 მოიგო.

ჩემპიონობის განაღდების მიუხედავად, ინტერი თამაშების მოგებას აგრძელებს და ცხადია, იუვენტუსთანაც განსაკუთრებით მოტივირებული იქნება. ინტერისთვის არაფერია იმაზე კარგი, რომ ჩემპიონობის წართმევასთან ერთად, იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგაში გასვლის შანსიც მოუსპოს. ფაქტია, თამაში ძალიან დაძაბული და ემოციური იქნება.

პირველ წრეში ინტერმა იუვენტუსი 2:0 დაამარცხა

თუ იუვენტუსი ინტერს ვერ დაამარცხებს, ტურინელთა ყველაზე ცუდი სეზონი ბოლო 10 წელიწადში, შესაძლოა, სრული ფიასკოთი დასრულდეს - ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენა სხვა არაფერი იქნება, თუ არა აბსოლუტური კრახი. ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ მილანთან სამარცხვინო წაგების (0:3) შემდეგ პირლოს პოსტზე აღარ დატოვებდნენ, მაგრამ ანდრეა არ მოხსნეს. თუმცა იტალიაში ყველა დარწმუნებულია, რომ მომდევნო სეზონში იუვეს პირლო აღარ გაწვრთნის. საუბრობენ მასიმილიანო ალეგრის დაბრუნებაზე, ზინედინ ზიდანზე და ა.შ. ფაქტი ერთია: მანამდე ისევ პირლოს აქვს შანსი, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაში მაინც გაიყვანოს, მწვრთნელის საკითხი კი საბოლოოდ სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყდება.

ინტერისთვის კი ეს ტრიუმფის სეზონია. ანტონიო კონტეს გუნდს 20-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და მეორეადგილოსან ატალანტას 13 ქულით უსწრებს. იუვენტუსთან შეხვედრისთვის გუნდის ორივე მთავარი შემტევი ჯანმრთელია: ლაუტარო მარტინესს და რომელუ ლუკაკუს ჯამში ერთად 38 გოლი აქვთ გატანილი - გუნდის ყველა გოლის (82) თითქმის ნახევარი მათზე მოდის. თუმცა ინტერის ასეთი სეზონი მხოლოდ მათი დამსახურება არ არის - კონტეს გუნდში ნახევარდაცვა და დაცვაც მოწოდების სიმაღლეზეა. თავად განსაჯეთ: ‘ნერაძურის’ ამ სეზონში ყველაზე ცოტა, მხოლოდ 31 გოლი აქვს მიღებული (იუვეს 35).

შუა კვირაში ინტერმაც მოიგო (3:1 რომასთან) და იუვენტუსმაც (3:1 სასუოლოსთან).

საინტერესო ფაქტები

⚽ მილანის ინტერმა სერია A-ს ბოლო 17 მატჩიდან 15 მოიგო.

⚽ იუვენტუსის ბოლო 7 საშინაო მატჩში ინტერთან (ყველა ტურნირზე) 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ იუვენტუსმა ინტერთან ბოლო 8 საშინაო მატჩიდან 7-ში გოლი არ გაუშვა (ყველა ტურნირზე).

⚽ სერია A-ში იუვენტუსის ბოლო 8 საშინაო მატჩიდან 7-ში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ იუვენტუსს ინტერთან ბოლო 11 საშინაო თამაში არ წაუგია (ყველა ტურნირზე). 

⚽ ინტერის ბოლო 4 გასვლით შეხვედრაში (სერია A) 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა. 

⚽ ინტერს იტალიის ჩემპიონატის ბოლო 3 შეხვედრაში მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა, ბოლო ორში კი - მინიმუმ 3. 

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი - დანილო, დე ლიხტი, კიელინი, ალექს სანდრო - კუადრადო, არტური, რაბიო, კიეზა - დიბალა, რონალდო.

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - შკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი - ჰაკიმი, ბარელა, ბროზოვიჩი, ერიკსენი, პერიშიჩი - ლაუტარო მარტინესი, ლუკაკუ.
ტრავმა: კოლაროვი, ვიდალი, სანჩესი

კომენტარები

ბოლო ამბები