Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ბელგიის მე-2 დივიზიონში ნამდვილი ფურორი მოახდინა (მისი სერენი ელიტაში აღზევდა, თავად გიორგი კი ბომბარდირი გახდა), ფრანგულ მეცში დასაბრუნებლად ემზადება. შეგახსენებთ, რომ ის სწორედ ლიგა 1-ის კლუბის საკუთრებაა და მასთან ხანგრძლივი ხელშეკრულება აკავშირებს. საფრანგეთში წასვლამდე, მიქაუტაძეს ვრცელი ინტერვიუ ბელგიურმა ტელეკომპანიამ RTBF ჩამოართვა, სადაც გიორგიმ გულახდილად ისაუბრა.

“ბევერენთან საპლიეიფო მატჩის მერე თავს გართობის უფლება მივეცით. მუსიკა იყო, საჭმელი და სასმელებიც. სახლში დილის 5 საათზე მივედი, დანარჩენებმა კი გააგრძელეს. დალევით არ დამილევია, ისედაც მხოლოდ წყალს ვსვამ. არადა, ლიეჟში ლუდი ძალიან უყვართ. აქაური ხალხი ძალიან მიყვარს, მხიარულები არიან, ერთმანეთს გვერდში უდგანან, ერთი ოჯახივით არიან. ჩვენი წარმატების ერთ-ერთი საიდუმლოც ესეც იყო. მე-2 ლიგაში რომ აღმოვჩნდით, არავინ გვიცნობდა და ისიც არ გვესმოდა, რეალურად რა შეგვეძლო და უცბად ამდენს მივაღწიეთ. აქცენტი ბურთის კონტროლზე გავაკეთეთ და ამან წარმატება მოგვიტანა”.

ქართველი თავდამსხმელი სიმაღლით (1.75 მ.) არ გამოირჩევა და არც ძალიან ჯანიანი ჩანს, თუმცა ფიზიკურ ორთაბრძოლებში კარგად გამოიყურებოდა, მისი მთავარი პლუსი კი ბურთთან ურთიერთობა იყო. ამ უნარების წყალობით, ის ლიგის ერთ-ერთი ბომბარდირი გახდა.

“გუნდი ბურთს ბევრს ათამაშებდა და ეს სტილი ჩემთვისაც მისაღები იყო. ბევრი გოლი? შემიძლია ვთქვა, რომ გოლის გატანა დნმ-ში მაქვს. ყოველთვის ბევრი გამქონდა. კარში დარტყმაზე მამასთან ერთად ბევრს ვმუშაობდი. ბავშვობაში რამდენი გოლი მაქვს გატანილი? 100, 150? ვერ გეტყვით. ჩემთვის მთავარი იყო ნებისმიერი ხერხით გამეტანა: თავით, მუხლით, ქუსლით. და ყოველთვის ერთი და იგივე შეგრძნება მქონდა. როდესაც გოლის ავტორებში შენს გვარს ხედავ, ეს, ძალიან მაგარია. ვაღიარებ, რომ ცოტა ეგოისტი ვარ, თუმცა, მხოლოდ მოედანზე, ცხოვრებაში ასე არაა. ყოველი მოგების შემდეგ სიმღერა მინდება. იმ ემოციებს, რაც ამ დროს გასახდელშია ხოლმე, ვერაფერი შეედრება. ფეხბურთის სილამაზე სწორედ ესაა. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს წარმატება ქომაგებთან ერთად ვერ ვიზეიმეთ. ტრიბუნებიდან მათი სიმღერების მოსმენა დიდებული იქნებოდა. ეს მაგრად დაგვაკლდა”.

📺 გიორგი მიქაუტაძე 2020/21 წლების სეზონში [მიმოხილვა]

ფეხბურთელს, რომელმაც ბელგიის მე-2 დივიზიონში დიდი ამბები დაატრიალა, მეტსახელიც აქვს და ის ამას ამგვარად ხსნის: 

“ყველანი ჟორჟინიოს მეძახიან. ალბათ, მიხვდებით, რომ ეს ბრაზილიური ფეხბურთის სიყვარულიდან მოდის. ასე მიცნობენ მეგობრები და მეზობლებიც. ახლა, თუ ვიტყვი, რომ ჟორჟი მქვია, გაოცებითაც კი მიყურებენ ანაც ჰგონიათ, რომ ვხუმრობ”.

მიქაუტაძემ მცირე პაუზის გარდა, მთელი სეზონი ერთ დონეზე განვლო და ამაში თავისი წვლილი სერენის მთავარმა მწვრთნელმა ემილიო ფერერამაც შეიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა ამ საკითხზეც ისაუბრა.

“მჯეროდა, რომ ბევრი გოლის გატანა შემეძლო, უბრალოდ, გარკვეული პერიოდი ჩამივარდა, როდესაც წითელი ბარათი მივიღე და მცირე ტრავმაც აწუხებდა. სეზონი სამ მატჩში 6 გოლით დავიწყე, მერე კი დეინცესთან კარგად არ გამოვიყურებოდი და მწვრთნელმაც არ დაახანა: “ხომ არ გინდა, მომდევნო კვირას სათადარიგოთა სკამზე იყო?”. უნდოდა ამით მოდუნების საშუალება არ მოეცა. ფერერა ვარჯიშებზე ბევრს ყვირის, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ყველაფერს თქვენი წინსვლისთვის აკეთებს”.

მიქაუტაძე, რომელიც ლიონში ქართულ ოჯახში გაიზარდა, კრიშტიანო რონალდოს გულშემატკივარია და სანაკრებო კარიერაზეც ყოველთვის ოცნებობდა. ამდენად, როდესაც საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მას შვედეთთან, ესპანეთთანა და საბერძნეთთან მატჩებისთვის უხმო, ერთი წამითაც არ დაფიქრებულა.

გიორგი მიქაუტაძის შეჩერება მეტოქეებს ძალიან უჭირდათ

“ჩემი ფესვები საქართველოშია, იქ ნათესავებიც მყავს. ქართველები მხიარული ხალხი ვართ. გართობა და ჭამა გვიყვარს. საჭმელი? მძიმე და ცხიმიანია... საქართველოს ნაკრებში რომ გამომიძახეს, ყველას გაუხარდა. პირველი მატჩი ზლატანი იბრაჰიმოვიჩის შვედეთთან მქონდა, შემდეგ კი, ტრავმა მივიღე და ესპანეთთან ვერ ვითამაშე. არადა, იქ სერხიო რამოსი და ტიაგო ალკანატა იყვნენ! დაუჯერებელია: მინდორზე გადიხარ და იმ ფეხბურთელებს ეთამაშები, რომელთაც მთელი ბავშვობა ტელევიზორში უყურებდი. ზლატანი? ის მართლაც ფენომენალურია და იმიჯს არ ღალატობს: მთელი შეხვედრა გვეჩხუბებოდა და ცალკე მსაჯს ურჩევდა საქმეს. ალბათ, ესეც გამოცდილების ნაწილია. მატჩის მერე მისთვის მაისურის გასვლა არ მიცდია. სადებიუტო შეხვედრიდან ყველაზე ძვირფასი შენი მაისურია. ის ჩემს მშობლებთანაა ლიონში. რა იქნება მომავალში? იმედი გვაქვს, რომ ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვხვდებით. ამ ევროსთან ახლოს ვიყავით, თუმცა, გადამწყვეტი მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასთან წავაგეთ. არა უშავს, ჩვენ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ”.

გიორგი მიქაუტაძის სეზონი

სულ: 25 თამაში - 22 გოლი, 2 ასისტი
პროქსიმუს ლიგა: 21 თამაში - 19 გოლი, 1 ასისტი
ჟუპილერ ლიგა (პლეი ოფი): 2 თამაში - 3 გოლი, 1 ასისტი
საქართველოს ნაკრები: 1 თამაში
გოლი - ყოველ 94.5 წუთში

ქართველ თავდამსხმელს უკვე ჩალაგებული აქვს ჩემოდანი, რადგანაც სერენში განათხოვრების შემდეგ მეცში უნდა დაბრუნდეს, ფრანგულ კლუბში, რომლის კუთვნილებაც გახლავთ:

“ეს ასეც იყო დაგეგმილი. ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი და მწვრთნელმა ფრედრიკ ანტონეტიმ პირველი გუნდის განაცხადში შემიყვანა. მისგან არანაირი გარანტია არ მიმიღია, თუმცა, საკუთარი თავის მჯერა: თუკი იმას გავაკეთებ, რაც შემიძლია და ბევრს ვიშრომებ, ყველაფერი კარგად იქნება. სხვა საქმეა, რომ აქაურობის მიტოვება ძალიან მიმძიმს. ბევერენთან მატჩის მერე, ავტობუსში, ამის შესახებ იმ ბიჭებს ვესაუბრე, რომლებიც ასევე მეცის კუთვნილება არიან. ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ აქ სულ ცოტა ხნის ჩამოვედით, გუნდი კი უკვე პირველი დივიზიონის წევრია. საოცარი თავგადასავალი იყო! სერენს ვერასდროს დავივიწყებ. ის ჩემი მეორე ოჯახივით იყო”.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ სეზონი 19 გოლით, ბომბარდირის ტიტულითა და სერენის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებით დაასრულა, ამასთან, მისმა საბაზრო ფასმა 6-ჯერ მოიმატა. 16 მარტს გიორგი ოფიციალურად გამოიძახეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ფრანგული ლიგა 1-ის ბინადარმა მეცმა კი მას კონტრაქტი 2025 წლამდე გაუხანგრძლივა.

კომენტარები

ბოლო ამბები