Thumbnail

ამერიკული Cbssports მილუოკი ბაქსთან ქართველი ცენტრის გოგა ბითაძის თამაშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ინდიანა პეისერსმა 21 წლის კალათბურთელისგან სოლიდური დახმარება მიიღო. აი, რას წერს აღნიშნული ვებ-გვერდი:

“ბითაძემ მილუოკისთან მოედანზე 24 წუთი გაატარა და 10 ქულა (თამაშიდან 5-დან 2, 3-დან 2 სამქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 6 მოხსნა და 4 დაფარება მოაგროვა. მას გასულ ორ მატჩში თამაშიდან რვავე ტყორცნა აცილებული ჰქონდა, ამდენად, ბაქსთან მისი 10 ქულა სოლიდურ შედეგად უნდა მივიჩნიოთ. პეისერსის ცენტრი სხვა მხრივაც აქტიურობდა, ბევრ კომპონენტში იყო სარგებლიანი და შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე სარგებლიანი მატჩი ჩაატარა. მიმდინარე სეზონში ის საშუალოდ 12.4 წუთს თამაშობს და ასეთი მაჩვენებლები აქვს: 5.2 ქულა, 3.3 მოხსნა, 1.3 დაფარება”.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ინდიანამ აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ მილუოკი ბაქსს საკმაო წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა, მეტოქისა და სრულიად ლიგის ვარსკვლავს იანის ანტეტოკუნმპოს ვერაფერი მოუხერხა და უხვქულიანი მატჩში 133:142 დამარცხდა. ბერძენი კალათბურთელის მონაგარი 40 ქულა და 15 მოხსნა იყო.

ის, რომ ბითაძეს იანისის შეჩერება გაუჭირდა, გასაკვირი არ ყოფილა

მოსალოდნელია, რომ ბითაძეს კიდევ უფრო დიდი როლი დაეკისრება მომდევნო მატჩებში, რაც იმითაა ნაკარნახევი, რომ პეისერსს ლამის ნახევარი გუნდი დაშავებული ჰყავს. მილუოკისთან მატჩში მუხლი იტკინა ლიეტუველმა ფორვარდმა დომანტას საბონისმა, მის გარდა კი, ტრავმირებულები არიან მაილს ტერნერი, აარონ ჰოლიდეი, კარის ლევერტი, ჯერემი ლემბი, ედმონდ სამნერი, მალკოლმ ბროგდონი და ტი ჯეი უორენიც.

ინდიანამ 33 მოგება და 37 მარცხი მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება, თუმცა, მერვეადგილოსან შარლოტ ჰორნეთსსაც იგივე მაჩვენებლები აქვს. ქართველი ლეგიონერის კლუბს პლეი ინში თამაში განაღდებული აქვს, თუმცა, ვინ ეყოლება მეტოქედ, მას შემდეგ გაირკვევა, რაც პეისერსი რეგულარული სეზონის ბოლო მატჩებს ჩაატარებს. ეს 15-16 მაისს, შესაბამისად, ლეიკერსთანა და ტორონტოსთან მოხდება.

კომენტარები

ბოლო ამბები