Thumbnail
  • გერმანიის ნაკრების მწვრთნელი გაფართოებული შემადგენლობის დასახელებას არ აპირებს
  • იოახიმ ლიოვი ევროპის ჩემპიონატისთვის 26 ფეხბურთელს ჩამოთვლის
  • სიაში, დიდი ალბათობით, თომას მიულერი და მატს ჰუმელსიც იქნებიან

გერმანიის ნაკრების შემადგენლობას, რომლითაც ბუნდესგუნდი ევროპის ჩემპიონატზე (11 ივნისიდან 11 ივლისამდე) იასპარეზებს, ოთხშაბათს გავიგებთ. ბუნდესგუნდის მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი გაფართოებულ სიაზე უარს იტყვის და პირდაპირ იმ 26 მოთამაშის სიას გამოაქვეყნებს, რომლებიც კონტინენტის პირველობაზე ითამაშებენ. ამის შესახებ “კიკერი” წერს. დიდი ალბათობით სიაში იქნებიან თომას მიულერი და მატს ჰუმელსიც, რომლებსაც ლიოვი ბოლო დროს აღარ იძახებდა, ახლა კი მათ ნაკრებში დაბრუნებას აპირებს. როგორც იცით, საფეხბურთო გერმანია ნაკრების შემადგენლობას ოთხშაბათს ელოდება.

“ყველაფერი კიდევ ერთხელ გავაანალიზეთ, - განაცხადა 61 წლის ლიოვმა გერმანიის თასის ფინალის შემდეგ, რომელშიც დორტმუნდის ბორუსიამ ლაიპციგი დაამარცხა, - პირველი, რაც ახლა უნდა გავაკეთო, ფეხბურთელების ინფორმირებაა. ვესაუბრე თუ არა მიულერს? ამ დღეებში სულ ტელეფონით ვლაპარაკობ.”

“კიკერის” ცნობით, ლიოვს 40 ფეხბურთელისგან შემდგარი სია აქვს, საიდანაც ოთხშაბათამდე 26 საუკეთესოს შეარჩევს. როგორც იცით, უეფამ ნაკრები გუნდების მწვრთნელებს ნება დართო, ევროპის ჩემპიონატზე არა 23, არამედ 26 მოთამაშე წაიყვანონ. ლიოვს ჯერ არცერთი ფეხბურთელის ვინაობა არ გაუმხელია, თუმცა თქვა: “წინასწარ გამხელა არ მიყვარს და თანაც, ჯერ თამაშებია დარჩენილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. იმედია, არავინ დაშავდება.”

გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპს 28 მაისს იწყებს. საბოლოო სია უეფას გუნდებმა 1 ივნისს უნდა წარუდგინონ. მომდევნო დღეს ბუნდესგუნდი დანიასთან ტესტ-მატჩს გამართავს. 7 ივნისს დაგეგმილია ამხანაგური მატჩი დიუსელდორფში, ლატვიის ნაკრებთან, 8 ივნისიდან კი ბუნდესგუნდი “ადიდასის” ჰერცოგენაურახის ბანაკში გადაინაცვლებს.

გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ოთხშაბათს გაირკვევა

როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ლიოვი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს. მას დიდი ალბათობით ჰანსი ფლიკი შეცვლის, რომელიც მიუნხენის ბაიერნიდან მიდის. აქვე გეტყვით, რომ თურქული Fanatik-ის ინფორმაციით, ლიოვს სტამბოლის ფენერბაჰჩე ეპატიჟება. საინტერესოა, რომ იოგი ფენერს 1998/99 წლების სეზონში ავარჯიშებდა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ფენერბაჰჩეში თამაშობს გერმანიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი მესუთ იოზილი.

კომენტარები

ბოლო ამბები