Thumbnail
  • ინდიანა 133:142 მილუოკი
  • ქართველმა ცენტრმა მოედანზე 24 წუთი გაატარა

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ მილუოკი ბაქსს საკმაო წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა, მეტოქისა და სრულიად ლიგის ვარსკვლავს იანის ანტეტოკუნმპოს ვერაფერი მოუხერხა და უხვქულიანი მატჩში 133:142 დამარცხდა.

21 წლის ქართველი ცენტრი თამაშში ამჯერადაც სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თუმცა, სოლიდური დრო – 24 წუთი მიეცა (ამაზე მეტი მხოლოდ 8 აპრილს, მინესოტასთან ითამაშა, როდესაც მისთვის სარეკორდო 14 ქულა ჩააგდო) და საკმაოდ პროდუქტიულადაც გაისარჯა. გოგას მონაგარი 10 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში) და 4 პასი იყო.

გოგა ბითაძესა და ჯაკარ სემპსონს იანის ანტეტოკუნმპოს შეჩერება ძალიან გაუჭირდათ

ქართველმა ცენტრმა 3-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა და 5 პერსონალური ფოლი მიიღო. იმ პერიოდში, როდესაც ბითაძე მოედანზე იყო, პეისერსმა სტუმრებზე 1 ქულით მეტი ჩააგდო და ეს, ინდიანაში მე-3 მაჩვენებელი იყო. საინტერესოა, რომ სასტარტო ხუთეულის ყველა წევრი მინუსში გავიდა. ვთქვათ ისიც, რომ გოგამ NBA-ში 10-ქულიან ზღვარს 16 აპრილის შემდეგ პირველად უწია და 2 ზუსტ სამქულიანსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგანაც ბოლო 13 შორეული ტყორცნიდან მას მხოლოდ 1 (!) ჰქონდა გამოყენებული.

აღსანიშნმავია, რომ ინდიანა მილუოკისთან მატჩზე სასტარტო შემადგენლობის 4 წევრის გარეშე იყო გასული, თამაშის მიმდინარეობისას კი ლიეტუველი მძიმე ფორვარდი დომანტას საბონისიც დაუშავდა. როდესაც მან მუხლის ტრავმა მიიღო, აქტივში 10 ქულა და 14 მოხსნა ჰქონდა. ამ დროისთვის, საბონისის მომდევნო თამაშში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ეს ნამდვილი კატასტროფაა პეისერსისთვის, რომელსაც ლაზარეთში ჰყავს მაილს ტერნერი, აარონ ჰოლიდეი, კარის ლევერტი, ჯერემი ლემბი, ედმონდ სამნერი, მალკოლმ ბროგდონი და ტი ჯეი უორენიც.

ამ ფონზე გასაკვირი არ ყოფილა, რომ შეტევაში დიდი პოტენციალის მქონე ბაქსმა გასულ შეხვედრაშიც გაილაღა. სტუმართა მხრიდან 20 და მეტი ქულა ერთბაშად ოთხმა კალათბურთელმა ჩააგდო, რაც იშვიათი შემთხვევაა. ტრადიციულად, საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც 40 ქულას 15 მოხსნა წაამატა. საინტერესოა, რომ ბერძენმა კალათბურთელმა 6 დანქი შეასრულა და ორ შემთხვევაში მისი ოპონენტი გოგა ბითაძე იყო.

ინდიანა პეისერსმა 33 მოგება და 37 მარცხი მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება, თუმცა, მერვეადგილოსან შარლოტ ჰორნეთსსაც იგივე მაჩვენებლები აქვს. ქართველი ლეგიონერის კლუბს პლეი ინში თამაში განაღდებული აქვს, თუმცა, ვინ ეყოლება მეტოქედ, მას შემდეგ გაირკვევა, რაც პეისერსი რეგულარული სეზონის ბოლო მატჩებს ჩაატარებს. ეს 15-16 მაისს, შესაბამისად, ლეიკერსთანა და ტორონტოსთან მოხდება.

კომენტარები

ბოლო ამბები