Thumbnail
  • I საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისი განთესილი იქნება 
  • ოლიმპიაკოსი, ზაგრები, ცრვენა ზვეზდა, ლეგია, ფერენცვაროში და სხვები მას არ შეხვდებიან

2021/22 წლების ევროთასების სეზონი უფრო ზუსტად, მათი საკვალიფიკაციო ეტაპები ახლოვდება. ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის სწორედ ეს ეტაპია საინტერესო, რადგან ქართული კლუბები საკვალიფიკაციო ეტაპიდან იწყებენ ევროთასებს და, სამწუხაროდ, როგორც წესი, ამით შემოიფარგლებიან ხოლმე.

ზაფხულიდან დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაებმება, როგორც ეროვნული ლიგის 2020 წლის გათამაშების გამარჯვებული, ხოლო დინამო ბათუმი, გორის დილა და გაგრა ახალ ტურნირში, კონფერენსლიგაზე იასპარეზებენ. რა თქმა უნდა, ისინიც საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებენ.

მომავალი ჩემპიონთა ლიგის კონტურები უკვე გამოიკვეთა. ასე რომ, დინამო თბილისის სავარაუდო მეტოქეებზე შეგვიძლია დავწეროთ.

წაიკითხე | სად გავიდნენ ქართული კლუბები და რა ხდება ახალ ევროტურნირზე - მთავარი დეტალები

წინასაკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხი ყველაზე სუსტი ჩემპიონატის წარმომადგენელი ითამაშებს. უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი ტორსჰავნია (ფარერის კუნძულები). ასევე ითამაშებენ კოსოვოს, ანდორისა და სან მარინოს ჩემპიონები. ორი მათგანი პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავა, საიდანაც იწყებს თამაშს დინამო თბილისი. 

საქართველოს ჩემპიონს 6.500 რეიტინგი აქვს უეფაში და ოფიციალურად განთესილთა შორისაა. 

ამ ეტაპზე 17 წყვილია და ამდენივე განთესავი. უკვე ცნობილია, რომ დინამო ზაგრები (ხორვატია), ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი), ცრვენა ზვეზდა (სერბეთი), ლუდოგორეცი (ბულგარეთი), მალმიო (შვედეთი), ლეგია (პოლონეთი), ფერენცვაროში (უნგრეთი), შკენდია (ჩრდილოეთ მაკედონია) და დინამო თბილისი (საქართველო) განთესილები არიან.  ეს 9 კლუბი საქართველოს ჩემპიონს არ შეხვდება. 17-განთესილიდან 10 გარკვეულია, 7 კი უახლოეს დღეებში გაირკვევა. 

უკვე ცნობილია, რომ განუთესელი იქნებიან და შესაბამისად, დინამოს სავარაუდო მეტოქეები არიან: წინასაკვალიფიკაციო ეტაპის 2 გამარჯვებული, შახტიორი (ბელარუსი), შემროკ როვერსი (ირლანდია), ვალური (ისლანდია), ბოდო გლიმტი (ნორვეგია), ჰამრუნ სპარტანსი (მალტა) და ალბანეთის ჩემპიონი (ჯერ ცნობილი არ არის). 

ჟალგირისი (ლიეტუვა), ფლორა (ესტონეთი), ბუდუჩნოსტი (მონტენეგრო), ქაირათი (ყაზახეთი), რიგა (ლატვია) და ჰიკ (ფინეთი) ამ ეტაპზე ითამაშებენ, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, განთესილები იქნებიან თუ არა. 11 კლუბის ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის, რადგან 11 ლიგაში ჩემპიონის ვინაობა ჯერ არ გარკვეულა. ესენია ისრაელის, აზერბაიჯანის, რუმინეთის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ლუქსემბურგის, სომხეთის, ბოსნია/ჰერცეგოვინის, უელსის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და გიბრალტარის ჩემპიონატები. უდიდესი ალბათობით, შეიძლება ითქვას, რომ რუმინეთის, ისრაელის და აზერბაიჯანის ჩემპიონები ასევე განთესილები იქნებიან და დინამო თბილისს არ შეხვდებიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები