Thumbnail

'ამას ვერასდროს წავშლი' - ჯორდანისა და ბრაიანტის უკანასკნელი საუბარი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მაიკლი კობისთან ბოლო მიმოწერას დღემდე ინახავს
  • მან 'უმცროსი ძმა' დიდების დარბაზში უნდა წარადგინოს

ის ბოლო მესიჯი ტელეფონში დღემდე შენახული აქვს...

მაიკლ ჯორდანი ამ შეტყობინებას დროდადრო უბრუნდება, მიუხედავად იმისა, რომ მოტანილი მწუხარება გრძნობებს მუდმივად უმძაფრებს და მორიგ ჯერზე სვამს კითხვას: “რატომ?”

თითქმის 16 თვის შემდეგ, მას მერე, რაც კობი ბრაიანტი, მისი 13 წლის ქალიშვილი ჯანა, ვერტმფრენის კიდევ 6 მგზავრი და პილოტი დაიღუპნენ, სპორტთან დაკავშირებული ადამიანების უმეტესობას კვლავაც სევდა ეუფლება. ეს ტვირთი განსაკუთრებით აწევს ჯორდანს, რომელიც კობის დამრიგებელი და მეგობარი გახლდათ, შაბათს, 15 მაისს კი, NBA-ს 5-გზის ჩემპიონს კალათბურთის დიდების დარბაზში წარადგენს. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც თან ახლავს პატივი და შიში.

ჯორდანი დღემდე ვერ საუბრობს ბრაიანტის შესახებ ხმაში კანკალის გარეშე. მასში ისევ დუღს ემოციები 2020 წლის თებერვლის ერთ-ერთი დღის მსგავსად, როდესაც ლოს ანჯელესში კობის გამოსამშვიდობებელი საღამოს გაიმართა. მაშინ, “უმცროს ძმაზე” საუბრისას მაიკლმა ცრემლები ვერ შეიკავა. მიუხედავად ამისა, მან “სტეიპლს სენთერში” შეკრებილი პუბლიკის გაცინებაც მოახერხა, როდესაც ახალი მემის (“მტირალა მაიკლი”) დაბადების შესახებ ისაუბრა.

“მეუღლეს ვუთხარი, რომ არ ვიტირებდი, რადგანაც არ მსურს, რომ ამან მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში იტრიალოს”, - თქვა ჯორდანმა იმ საღამოს. “აი, ესაა, რასაც კობი ბრაიანტი ახლაც მიკეთებს. მას კარგად იცის, როგორ მოაღწიოს ყველა თვენთაგანამდე ისე, რომ პირადად შეგეხოთ... თუნდაც, ის უკანალში ხიჭვივით იყოს”.

დრო მიდის, თუმცა, სევდა არსად გამქრალა. ჯორდანი არ მალავს, რომ თავიდან დიდების დარბაზის მოახლოებული ცერემონიის თაობაზე ძალიან ნერვიულობდა: “პირველ ეტაპზე ამაზე მართლაც ბევრს ვფიქრობდი, მერე კი საკითხი ასე დავსვი: განა რა არის ცუდი იმაში, თუკი შენს ემოციებს ბოლომდე გამოხატავ იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ძალიან გიყვარდა? ეს ხომ ჩემი ჰუმანურობის ნაწილია, არადა, ხალხს ხშირად ავიწყდება, რომ ის ჩემშიც არსებობს”.

ჯორდანს დღემდე ვერ მოუნელებია, რომ კობი სიცოცხლეს ასეთი ახალგაზრდა გამოეთხოვა. ის მხოლოდ 41 წლის იყო და საკალათბურთო კარიერის დასრულების შემდეგაც დიდი გეგმები ჰქონდა. ბრაიანტი სულ უფრო მეტ დროს ატარებდა მეუღლე ვანესასთან და ოთხ ქალიშვილთან ერთად, დაინტერესებული იყო ლიტერატურული, გასართობი, სამწვრთნელო და კალათბურთთან დაკავშირებული სხვა პროექტებით. “ძალიან ბედნიერი იყო, ყველაფერი ასე კარგად ჰქონდა აწყობილი”. - ამბობს მაიკლი.

უკანასკნელი ტექსტური შეტყობინება, რომელიც 2019 წლის 8 დეკემბრით თარიღდება, ჯორდანის სიტყვებს ადასტურებს. კობიმ ის მაიკლს შუადღის შემდეგ, ადგილობრივი დროით 12:18 საათზე გაუგზავნა.

“ეს ტეკილა შეუდარებელია”, - დაწერა ბრაიანტმა და მხედველობაში ჯორდანის ბრენდი Cincoro Tequila ჰქონდა, რომელიც მაიკლმა მეგობარს საჩუქრად, პრეზენტაციის შემდეგ გაუგზავნა.

“მადლობა, ძმაო”, - უპასუხა ჯორდანმა.

“დიახ, სერ. ოჯახში ყველაფერი კარგადაა?”, - დაინტერესდა კობი.

“კი, შენთან?”

“ჩემთანაც”.

ჯორდანმა იცოდა, რომ ბრაიანტს მისი ქალიშვილის მწვრთნელობა ძალიან მოსწონდა, ამიტომაც, ამ თემაზე გახუმრება გადაწყვიტა.

“ბედნიერ დღესასწაულებს გისურვებ და იმედი მაქვს, მალე შევხვდებით, მწვრთნელო კობი?!”.

“ამ მესიჯს ტირილი/სიცილის ემოჯი მივაყოლე” – ამატებს მაიკლი.

“შენც ასევე. ჰეი, მწვრთნელო, იცი, ეხლა სათადარიგოთა სკამზე ვზივარ და მეტოქე გუნდს 45:8-ს ვუგებთ”.

ამ მიმოწერიდან 11 დღის შემდეგ ბრაიანტმა შეიტყო, რომ კალათბურთის დიდების დარბაზის ნომიმანტთა შორის პირველივე ცდაზე დაამტკიცეს, 49 დღის შემდეგ კი, ის გარდაიცვალა.

“უბრალოდ, ეს ტექსტები ძალიან მომწონს. ისინი კობის კონკურენტუნარიან ხასიათს კარგად გამოხატავს”. - ამბობს ჯორდანი.

კონკურენციაში საკუთარი ადგილის მოძებნა ერთ-ერთი მომენტია, რომელიც ჯორდანსა და ბრაიანტს აერთიანებს. მათ არასდროს არ დაუხევიათ უკან წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობები მრავლად შეხვედრიათ.

“მისი სათამაშო სტილი ჩემსას ძალიან ჰგავდა”, - ამბობს მაიკლი, - “საკუთარი კურსისთვის არასდროს გადაუხვევია და ამას ძალიან ვაფასებ”.

1997 წლის 17 დეკემბერს ჩიკაგოს "იუნაითედ სენთერში" 19 წლის კობი ბრაიანტი ლეიკერსის სათადარიგოთა სკამიდან გამოჩნდა და 29 წუთში 33 ქულა ჩააგდო. ჯორდანმა თამაშის მერე ახალგაზრდა კალათბურთელი მონახა და კომპლიმენტები უთხრა, კობიმ კი მას სროლის ტექნიკის შესახებ რამდენიმე კითხვა დაუსვა. მათი საუბარო მოკლე, თუმცა, ძალიან თბილი გამოდგა.


“თუკი რაიმე დაგჭირდეს, უბრალოდ დამირეკე”, - უთხრა ჯორდანმა.

და კობიმ დაურეკა. შემდეგ კიდევ და კიდევ. ზოგჯერ ღამის 2 საათზე ან გამთენიისას რეკავდა. ბრაიანტი ლეგენდას ტრიალში მისი საფირმო ტყორცნის შესახებ ესაუბრებოდა, ასევე ცრუ მოძრაობებზე და იმაზე, დაცვაში უფრო დიდი და მასიური კალათბურთელები როგორ უნდა შეეჩერებინა. კობის თავისი მიზანი არასდროს დაუმალავს: ყოფილიყო ისეთივე, როგორც მაიკლი ანაც საერთოდ, მასზე უკეთესი.

“ის ფსიქოლოგიურად მაგარი ბიჭი იყო, შეიძლება, უფრო მტკიცე, ვიდრე – მე. მინდა გითხრათ, რომ ჩემს გულშემატკივრებს ის ფაქტი, რომ კობი ჩემს კოპირებას ცდილობდა, ძალიან არ მოსწონდათ”.

ოფიციალურად, კობისა და მისი თაობის ვარსკვლავების, მათ შორის, ტიმ დანკანისა და კევინ გარნეტის დიდების დარბაზში ნომინირება 2020 წლის 4 აპრილს იყო დაგეგმილი. ისე მოხდა, რომ ბრაიანტმა მაიკლ ჯორდანთან დარეკვაც ვერ მოასწრო, რათა ეკითხა, მის წარდგენას შესძლებდა, თუ – ვერა.

ჯორდანი: “ვანესამ ამის შემდეგ მხოლოდ მის გარდაცვალების შემდეგ მითხრა. მართალი გითხრათ, ამას ველოდი კიდეც, რადგანაც ეს ან მე უნდა ვყოფილიყავი, ანაც შაკი, ვისთან ერთადაც 3 ჩემპიონატი მოიგო”.

როგორც მაიკლი ამბობს, მან პასუხის გაცემა და გარკვეული დეტალების დაზუსტება მხოლოდ 6 თვის თავზე შეძლო: “ვუთხარი: მისმინე, ვიცი, რომ ახლა ძალიან რთული პერიოდია. უბრალოდ, იცოდე, რომ ყოველთვის აქ ვარ და თუკი დაგჭირდები...”. მან მიპასუხა: “ძალიან გამიხარდება, თუკი დიდების დარბაზში მიღების ცერემონიალზე კობის სწორედ შენ წარადგენ”. “მართალი გითხრათ, ეს, ჩემთვის დიდი პატივი იქნება. იგივეა, ჩემი ოჯახის წევრი წარმედგინოს. მან დიდი პატივისცემა გამოამჟღავნა, როდესაც გადაწყვიტა, ჩემი მსგავსი ყოფილიყო. ახლა, მინდა, მადლობა გადავუხადო და აღფრთოვანება გამოვხატო ბიჭით, რომელიც ერთ-ერთი უდიადესი იყო მათ შორის, ვისაც კი კალათბურთი უთამაშია”.

ჯორდანის აზრით, ბრაიანტის კარიერა მით უფრო დასაფასებელია იმის გათვალისწინებით, რომ ახალგაზრდულ ასაკში ლიგაში თავის დამკვიდრება ძალიან რთული გახლდათ. კობის ჯერაც აკლდა განვითარება როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური კუთხით და რამდენჯერმე უფროსი თანაგუნდელებისგან შევიწროების მსხვერპლიც გამხდარა.

ჯორდანი: “სწორედ ამიტომ შეიძლება იმის თქმა, რომ კობიმ საკუთარი თავი თავადვე შექმნა. არადა, ადამიანებს ეს ხშირად ავიწყდებათ. ის 18 წლის ბიჭი იყო, რომელიც მალევე ერთ-ერთი საუკეთესო გახდა. ჩემთვის, ეს, უდიდესი შრომისა და თავდადების შედეგი იყო. სწორედ ის უნდა იყოს მისაბაძი მაგალითი მათთვის, ვისაც 18 წლის ასაკში კოლეჯში წასვლა არ ხიბლავს, კალათბურთის თამაში კი უნდა. მან ყველას ანახა, ეს, როგორ უნდა გააკეთო. კობი დიდხანს იჯდა სათადარიგოთა სკამზე, სანამ შანსი მიეცემოდა. ხალხს ესეც არ უნდა დაავიწყდეს. შანსი მიიღო და ის დიდებულად გამოიყენა”.

უდავოა, რომ კობის წარდგენისას ჯორდანს სასაუბრო ბევრი ექნება. მან ხომ ის კალათბურთელი უნდა მოიგონოს, რომელიც NBA-ს ჩემპიონი 5-ჯერ გახდა, ფინალის MVP 2-ჯერ იყო, 2008 წელს რეგულარული სეზონის MVP-დ დაასახელეს, ლიგის სიმბოლურ ხუთეულში 15-ჯერ მოხვდა, დაცვით ნაკრებში 12-ჯერ შეიყვანეს, “ყველა ვარსკვლავთა მატჩის” MVP-ს ტიტულს კი 4-ჯერ ფლობდა. თუმცა, მაიკლს ყველაზე მეტად ნამდვილი მეგობარი აკლია. ყველას ახსოვს მისი სიტყვები ლოს ანჯელესში გამართულ ბრაიანტის მემორიალზე: “როდესაც კობი გარდაიცვალა, ჩემი ნაწილიც მოკვდა”.

ალბათ, სწორედ ამით აიხსნება, რომ კობის ნომერი და მისი ბოლო შეტყობინებები ჯორდანის ტელეფონში დღემდე რჩება.

“არ ვიცი რატომ”, - ამბობს ის, - “უბრალოდ, მათი წაშლა არ შემიძლია”.

კომენტარები

ბოლო ამბები