Thumbnail
  • Forbes-მა ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე სპორტსმენთა სია გამოაქვეყნა
  • ბოლო 12 თვეში ყველაზე მეტი მაკგრეგორმა, მესიმ და რონალდომ გამოიმუშავეს
  • ტოპათეულის ჯამური შემოსავალი შარშანდელთან შედარებით გაზრდილია   

შერეული ორთაბრძოლების ირლანდიელი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენია. რეიტინგი ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა გამოაქვეყნა.

32 წლის ირლანდიელი სპორტსმენის შემოსავალმა ბოლო ერთ წელიწადში 180 მილიონი დოლარი შეადგინა. მაკგრეგორმა ამ თანხის დიდი ნაწილი ვისკის საკუთარი ბრენდის საკონტროლო წილის გაყიდვიდან ($150 მლნ) მიიღო. კიდევ 8 მილიონი მან სარეკლამო კონტრაქტებიდან გამოიმუშავა, უშუალოდ ოქტაგონზე ჩატარებული ბრძოლებიდან კი კონორის შემოსავალი $22 მილიონი იყო.
 
მაკგრეგორი Forbes-ის რეიტინგში მანამდე სულ ერთხელ იყო წარმოდგენილი - 2018 წელს, როდესაც $99 მილიონით მეოთხე ადგილი დაიკავა.

პანდემიამ არგენტინელი ვარსკვლავის შემოსავლებზე ცუდად არ იმოქმედა

ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების წლევანდელი რეიტინგის ტოპსამეულში ასევე მოხვდნენ ბარსელონას კაპიტანი ლიონელ მესი და ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო. არგენტინელმა ფეხბურთელმა ბოლო ერთ წელიწადში $130 მილიონი გამოიმუშავა, საიდანაც $97 მლნ კლუბში მიიღო, კიდევ $33 მლნ კი სარეკლამო კონტრაქტებიდან.

იუვენტუსის პორტუგალიელი ფორვარდის შემოსავალი $120 მილიონია, საიდანაც თითქმის ნახევარი ($50) სარეკლამო და სხვა, არასაფეხბურთო სფეროში საქმიანობამ მოუტანა. იუვენტუსთან გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული შემოსავლების გარდა, კრიშტიანო თანამშრომლობს ბრენდ Nike-თან, ასევე ფლობს საკუთარ, ტანსაცმლის, აქსესუარების, სასტუმროებისა და სატრენაჟორო დარბაზების ბიზნეს.

კრიშტიანოსთვის ბოლო 12 თვე ფინანსურად წარუმატებელი ნამდვილად არ იყო

მსოფლიოს TOP 10 მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი
1. კონორ მაკგრეგორი (შერეული ორთაბრძოლები) - $180 მლნ.
2. ლიონელ მესი (ფეხბურთი) - $130 მლნ.
3. კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) - $120 მლნ.
4. დაკ პრესკოტა (ამერიკული ფეხბურთი) - $100 მლნ.
5. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) - $96,5 მლნ.
6. ნეიმარი (ფეხბურთი) - $95 მლნ.
7. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) - $90 მლნ.
8. ლუის ჰემილტონი (ფორმულა 1) - $82 მლნ.
9. ტომ ბრედი (ამერიკული ფეხბურთი) - $76 მლნ.
10. კევინ დურანტი (კალათბურთი) - $75 მლნ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს 2021 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის ჯამური შემოსავალი $1,05 მილიარდს შეადგენს, რაც 28%-ით მეტია შარშანდელი ტოპათეულის შემოსავალზე. 

კომენტარები

ბოლო ამბები