Thumbnail
  • სამტრედია 0:2 დინამო ბათუმი
  • ბათუმელებმა სამტრედია შინდაგორიძისა და ფანცულაიას გოლებით დაამარცხეს
  • გია გეგუჩაძის გუნდმა ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო  

საქართველოს ეროვნულ ლიგაში მე-13 ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სატურნირო ცხრილის ლიდერი დინამო ბათუმი სამტრედიას ესტუმრა და მორიგი 3 ქულა ძალების განსაკუთრებული დაძაბვის გარეშე მოიპოვა.   

გია გეგუჩაძის გუნდი, რომელმაც ბოლო ტურში შინ დინამო თბილისს მოუგო (1:0) და სატურნირო ცხრილში გალიდერდა, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ფავორიტის სტატუსით, მაგრამ წინა მატჩისგან განსხვავებით, გადახალისებული შემადგენლობით წარსდგა. ვიცე-ჩემპიონს დისკვალიფიკაციის გამო სანდრო ალთუნაშვილი და ჯაბა ჯიღაური დააკლდნენ, ტრავმების გამო კი გიორგი ნიქაბაძე, ბენჟამინ ტეიდი და ლევან მჭედლიძე ვერ ეხმარებოდნენ. სამაგიეროდ, ბათუმელთა სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა ლევან გეგეჭკორი, რომელსაც მძიმე ტრავმის გამო, შარშან ზაფხულის შემდეგ არ უთამაშია.

შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო, რომლებსაც ტრიბუნებიდან საკმაოდ მრავალრიცხოვანი ქომაგი აქტიურად ამხნევებდა, თუმცა სამტრედიელებმა პირველი შტურმის მოგერიება მოახერხეს და ნელ-ნელა წინ ამოწევაც შეძლეს.

მაგრამ გია ცეცაძის გუნდი, რომელსაც იძულებითი ცვლილების განხორციელება ჯერ კიდევ თამაშის დასაწყისში მოუხდა (კაბა სამბუ დაშავდა), 28-ე წუთისთვის რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. არბიტრმა შალვა ნადირაძე მას შემდეგ გააძევა, რაც ამ უკანასკნელმა მეკარესთან პირისპირ დარჩენილი გიორგი ფანცულაია წესების დარღვევით შეაჩერა. 

ბათუმელებმა საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენეს, მაგრამ კაცნაკლული მეტოქის დასჯა მაინც მალევე მოახერხეს. 34-ე წუთზე ლაშა შინდაგორიძემ, ფანცულაიას გადაცემის შემდეგ, საკმაოდ მახვილი კუთხიდან პირდაპირ კარში, ისე ძლიერად დაარტყა, რომ სამტრედიელთა მეკარე ბექა ქურდაძემ ვერაფერი დაუპირისპირა და 30 წლის ფორვარდმაც დინამოს მაისურით პირველი გოლი მიითვალა - 0:1.

ტაიმის მიწურულს, ზედ შესვენების წინ, ბათუმელებმა ანგარიშში უპირატესობა ორამდე გაზარდეს და კვლავ ფანცულია-შინდაგორიძის დუეტი გამოირჩა. ოღონდ, ამჯერად ეფექტური კომბინაცია თავით გატანილი გოლით გიორგიმ დაასრულა - 0:2. 

მეორე ტაიმის გეგუჩაძის გუნდის უპირატესობით გაგრძელდა. ერთ ეპიზოდში სამტრედია ჯერ ძელმა გადაარჩინა გაშვებულ გოლს, ლევან გეგეჭკორის ძალიან ეფექტური დარტყმის შემდეგ, დამატებაზე კი რაფაელ ჩუკვურამ ბექა ქურდაძეს ვერ აჯობა. გატანის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა თორნიკე გაფრინდაშვილს, რომლის დარტყმის შემდეგ ცარიელი კარიდან ბურთი კრისტიან ვიეირამ გამოიტანა. მალევე დუბლის შესრულებამდე სულ ცოტა დააკლდა ფანცულაიას...

მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ დინამო ბათუმის შემადგენლობაში 25 წლის ფრანგი თავდამსხმელის, ვამარა სანოგოს დებიუტი შედგა, რომელიც საქართველოს ვიცე-ჩემპიონებს ზამთარში შეუერთდა, მაგრამ აქამდე ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა. 

დინამო ბათუმმა, რომელმაც ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო, 28 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის სათავეში რჩება. მომდევნო ტურში გია გეგუჩაძის გუნდი მომდევნო ტურის შეხვედრას 16 მაისს, შინ ახალ სტადიონზე საბურთალოსთან ჩაატარებს. 

სამტრედია 0:2 დინამო ბათუმი

გოლები: 0:1 შინდაგორიძე (34), 0:2 ფანცულაია (45).

სამტრედია (3-4-1-2): ქურდაძე - სამბუ (5’ ვიეირა), გიორგაძე, ნადირაძე - გადირზადე (65' ვარიეტი), მესიაჩენკო, ცეცხლაძე, მასკერანია - რობაქიძე (35’ ლალიჩი) - კობახიძე (65' ჯიქია), რუხაძე (ილურიძე).
გაძევება: ნადირაძე (28')

დინამო ბათუმი (4-5-1): კუპატაძე - გეგეკჭკორი, კობახიძე, აზაცკი, ნავალოვსკი - შინდაგორიძე (62’ გაფრინდაშვილი), მამუჩაშვილი, ზარია (62’ ჩუკურა), მანჯგალაძე (79' თევდორაძე), აზაროვი (72; გროზურეკი) - ფანცულაია (72' სანოგო).

კომენტარები

ბოლო ამბები