Thumbnail

ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ტრევორ სინკლერმა მკაცრად გააკრიტიკა მანჩესტერ იუნაიტედი და მისი სამაგალითოდ დასჯის იდეით გამოვიდა.

სინკლერი იმან განარისხა, რომ ოლე გუნარ სულშერმა ლესტერთან მატჩში სარეზერვო შემადგენლობა გაიყვანა. შეგახსენებთ, რომ ასტინ ვილასთან შეხვედრისგან განსხავავებით, იუნაიტედის სასტარტო თერთმეტეულში 10 (!) ცვლილება მოხდა, მათ შორის კი, მინდორზე გამოჩნდნენ 18 წლის ამად დიალო და 19 წლის ენტონი ელანგა.

გასაკვირი არ ყოფილა, რომ მანჩესტერელებმა თამაში 1:2 წააგეს, სულშერმა კი მომხდარი იმით ახსნა, რომ მის გუნდს 13 მაისს ლივერპულთან გადატანილი მატჩისთვის ძალები უნდა დაეზოგა. აი, რა თქვა სინკლერმა:

“იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც ლესტერთან ითამაშეს, ნამდვილად პატივს ვცემ, თუმცა, რეალურად, ეს იუნაიტედის დუბლი იყო. პირადად ასეთ საქციელს მიუღებლად ვთვლი. ვისი ბრალია, რომ მანჩესტერს კალენდარი აერია? მხოლოდ მათი, რადგანაც პოლიციასთან ერთად ვერ მოახერხეს, რომ სტადიონზე წესრიგი დაემყარებინათ. მათი საქციელის გამო ის გუნდები დაზარალდნენ, რომლებიც ასევე ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან: ჩელსი, ლივერპული, ვესტ ჰემი და ტოტენჰემი. ამიტომაც ვთვლი, რომ იუნაიტედი უნდა დაისაჯოს. 3 ქულის ჩამოკლება არაფრის მომცემი არ იქნება, მათ 6 ქულა უნდა მოვაკლოთ”.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მანჩესტერ იუნაიტედს 70 ქულა აქვს და უკვე გაჩემპიონებულ მანჩესტერ სიტის 10 ქულით ჩამორჩება, მერე კი სწორედ ლესტერი (66), ჩელსი (64), ვესტ ჰემი (58), ლივერპული (57) და ტოტენჰემი (56) მოდიან. იუნაიტედისა და ლივერპულის დაპირისპირება 13 მაისს თბილისის დროით 23:15 საათზე დაიწყება.

📺 მანჩესტერი V ლესტერი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები